11:50 24-11-2014
ტორპედო-ზესტაფონი 3:3 - დერბი გოლების ფოიერვერკით [VIDEO]
AutoSharing Option
პირველ ტაიმში "ზესტაფონი" უკეთ თამაშობდა, მეორე ნახევარმა კი "ტორპედოს" უპირატესობით ჩაიარა. ისეთი თამაში იყო, მოგება ორივე გუნდს შეეძლო. ამდენად, უხვგოლიანი ფრე სრულებით ლოგიკურ და სამართლიან შედეგად უნდა მივიჩნიოთ.
საწყისი წუთებიდანვე იგრძნობოდა, რომ "ტორპედოს" მცველებს შეთამაშება და საიმედოობა აკლდათ, რითიც სტუმრებმა კარგად ისარგებლეს და პირველივე შეტევა გოლად აქციეს - გიორგი ილურიძის გადაცემის შემდეგ მცველებმა მიხეილ სარდალიშვილს ხელი ვერ შეუშალეს და მანაც დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან სტუმრები წინ გაიყვანა.
თუ ქუთაისელთა გადახალისებული უკანა ხაზისგან შეცდომები, ასე თუ ისე, მოსალოდნელი იყო, ვერ გეტყვით, რა დაემართათ ზესტაფონელთა გამოცდილ მცველებს, რომელთა აქტივში ეს შეხვედრა ნამდვილად არ ჩაიწერება.
როგორც სტუმართა, ისე ქუთაისელთა პირველივე სახიფათო შეტევა გოლით დაგვირგვინდა - ფიფიას გადაცემის შემდეგ მამასახლისმა საჯარიმომდე ისე მიაღწია, რომ ხელი ვერავინ შეუშალა. "ტორპედოს" 19 წლის ნახევარმცველს მარცხენა ფლანგზე ჩიკვილაძე ეხსნებოდა, მაგრამ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ბურთი თავად წაიღო და ძლიერი "მოჭრილი" დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ზესტაფონელებმა კარგი შეტევა განახორციელეს და ლოგიკურადაც დააგვირგვინეს - გაგოშიძის გადაცემის შემდეგ მარცხენა ფლანგზე დიდებულად გაისარჯა ჭანტურიშვილი, რომელმაც ორი მცველი ჩამოიცილა და ილურიძის მისამართით ჩააწოდა, ამან კი პარტნიორს გარჯა დაუფასა და შეტევას მაღალ ნახტომში შესრულებული თავურით დაუსვა წერტილი - 2:1.
მასპინძლებს საპასუხო შეტევაშივე შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ მამასახლისის თავურის შემდეგ ზესტაფონელები ძელმა იხსნა, უკუგდებულ ბურთს კი ბაბუნაშვილი ამატებდა, თუმცა მეკარე პავლოვიჩს მისი მოგერიება არ გასჭირვებია.
ქუთათურებს ამ ეპიზოდში არ გაუმართლათ, თუმცა შემდეგმა მცდელობამ შედეგი გამოიღო - გელაშვილის ფლანგური ჩაწოდება სტუმართათვის, წესით, რაიმე ხიფათის მომტანი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ თედორე გრიგალაშვილი შეცდა - ბურთი პირდაპირ მამასახლისისკენ მოიგერია და ტორპედოელთა ახალმა გმირმაც ახლო მანძილიდან დუბლი გაიფორმა.
შეხვედრა მაღალ ტემპში გაგრძელდა და გრიგალაშვილმა შეცდომა სამიოდე წუთში გამოასწორა, როცა მარჯვენა ფლანგიდან დვალს უზუსტესი გამჭოლი გადაცემა გაუკეთა და "ზესტაფონის" მეგოლემ დასწრებაზე ქუთაისელ მცველებს შანსი არ დაუტოვა.
მეორე ნახევარიც შემტევი ფეხბურთის დემონსტრირება იყო. სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. თავიდან ჩაკვეტაძემ და დვალმა გაცვალეს მომენტები, შემდეგ კი თანდათან "ტორპედოს" უპირატესობა გამოიკვეთა, რაც ქუთაისელებმა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს - ჩაკვეტაძის დარტყმა პავლოვიჩმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კვერნაძე გაჩნდა და სტატუს-კვო აღადგინა.
დარჩენილ დროში რევაზ ძოძუაშვილის შეგირდები გაცილებით სახიფათოდ უტევდნენ. მათი მხრიდან განსაკუთრებით კვერნაძე და ჩიკვილაძე გამოირჩეოდნენ, რომელთა დარტყმების შემდეგ ზესტაფონელები ორჯერ იხსნა ძელმა.
გოლის გატანის მცდელობები სტუმრებსაც ჰქონდათ. გეგუჩაძემ თავდასხმის გასაძლიერებლად მინდორზე ფანცულაია და კაპანაძეც შეუშვა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
22.11. ქუთაისი. "ტორპედო". 1 000 მაყურებელი
ტორპედო-ზესტაფონი 3:3
გოლები: 0:1 სარდალიშვილი (6), 1:1 მამასახლისი (22), 2:1 ილურიძე (26. ჭანტურიშვილის პასით), 2:2 მამასახლისი (35), 2:3 დვალი (38. თედ. გრიგალაშვილის პასით), 3:3 კვერნაძე (64)
ტორპედო (4-3-1-2): თებიძე - გელაშვილი, ბონდარენკო, ჩაკვეტაძე, მახვილაძე (56. გოგიჩაიშვილი) - ქებურია (46. ჩადუნელი), მამასახლისი, ჩიკვილაძე - ბაბუნაშვილი - ფიფია (65. მარკოზაშვილი), კვერნაძე.
სათადარიგოები: ცაბუტაშვილი, ელიავა, ნ. კვასხვაძე, დრეველი.
მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი
ზესტაფონი (4-2-3-1): პავლოვიჩი - თედ. გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, ხიდეშელი, გაგოშიძე - ჭანტურიშვილი, შარიქაძე (90. მიქელთაძე) - სარდალიშვილი, გვალია, ილურიძე (65. ფანცულაია) - დვალი (72. კაპანაძე).
სათადარიგოები: კუპატაძე, თორნ. გრიგალაშვილი, ენდელაძე, რობაქიძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: შარიქაძე (55), სარდალიშვილი (59), ჩადუნელი (73), გვალია (82), კვერნაძე (86)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
მომდევნო მატჩები:
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
25 ნოემბერი, სამშაბათი
სიონი-ვიტ ჯორჯია (0:1)
სამტრედია-დინამო (ბთ) (1:4)
26 ნოემბერი, ოთხშაბათი
კოლხეთი (ფ)-დილა (0:0)
დინამო (თბ)-შუქურა (1:1)
საპოვნელა-სპარტაკი (0:3)
ტორპედო-მერანი (3:0)
მეტალურგი-ზუგდიდი (2:0)
ზესტაფონი-ჩიხურა (0:0)
უმაღლესი ლიგა. XIV ტური
30 ნოემბერი, კვირა
მეტალურგი-სპარტაკი
დილა-მერანი
სამტრედია-ჩიხურა
დინამო (თბ)-გურია
ზესტაფონი-დინამო (ბთ)
შუქურა-ტორპედო
კოლხეთი (ფ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-ზუგდიდი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული