მერანი-კოლხეთი 0:0 - სტატისტიკა არ იცვლება

AutoSharing Option
პრინციპული "მეგრული დერბი" მარტვილის "მერანსა" და ფოთის "კოლხეთს" შორის სამტრედიაში, "ეროსი მანჯგალაძეზე" გაიმართა. ამ გუნდების 8 ურთიერთდაპირისპირებაში მეტოქეებმა 4-4 ისე მოიგეს, გაშვებულ-გატანილ გოლებშიც აბსოლუტური თანაფარდობა დაამყარეს.

სტატისტიკა ამჯერადაც უცვლელი დარჩა...

პირველი სახიფათო მომენტი ნომინალურმა მასპინძლებმა შექმნეს - მრავალსვლიანი კომბინაცია, ბოლქვაძე-ფონიავა-შულაიას შესრულებით, ჩიმაკაძეს შეეძლო დაეგვირგვინებინა, თუმცა დაზღვევაზე მცველებმა ივარგეს და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს.

ცოტა ხანში იმავე შულაიამ ცრუმოძრაობით მეურვე კი ჩამოიშორა, თუმცა მეკარე სეფიაშვილს ვერ აჯობა. გულხელდაკრეფილები არც სტუმრები ყოფილან, ისინი შიგადაშიგ მწვავედ და გააზრებულად უტევდნენ - დათა სიჭინავას მიერ ძლიერად
დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

მოგვიანებით იყო ეპიზოდი, როცა ჩიმაკაძემ საკუთარ ნახევარზე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და გოგონაია, ფაქტობრივად, დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა ამ უკანასკნელმა ბურთი სანტიმეტრებში ააცილა მამალაძის კარს.

ტაიმის ბოლოს მერანელებს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი მიეცათ - ნოდარ კიკნაველიძის გადაცემის შემდეგ დათა ციცხვაია ურტყამდა თავით, თუმცა - არაზუსტად.

მეორე ტაიმი, სანახაობრივი თვალსაზრისით, შედარებით ღარიბი გამოდგა. "კოლხეთი" საკუთარ ნახევარზე გამაგრდა და დაცვითი ტაქტიკა აირჩია. ამას სტუმართა დამრიგებელ ზაზა ინაშვილის გადაწყვეტილებებმაც შეუწყო ხელი - მან მოედანზე დაცვითი ფუნქციების შემსრულებელი ფეხბურთელები გამოიყვანა, რამაც, რასაკვირველია, გუნდის შეტევები გააფერმკრთალა.

სამაგიეროდ, "მერანს" ხშირად ჰქონდა ბურთი, თუმცა მათ უპირატესობას უფრო "ტერიტორიული" თუ ეთქმოდა. და მაინც, აღსანიშნავია ზემოთ ნახსენები შულაიასა და სიჭინავას გარჯა. ისინი ბევრს მოძრაობდნენ და გარკვეულ თავსატეხსაც უქმნიდნენ მეტოქის მცველებსა თუ მეკარეებს.

70-ე წუთზე "მერანმა" გოლის გატანის რეალური მომენტი გაატანა ქარს - ბოლქვაძის "სტანდარტული" სეფიაშვილმა რის ვაი-ვაგლახით მოიგერია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ფაზისელთა მეკარემ პოზიცია კარგად შეარჩია და დამაჯერებლადაც ითამაშა.

ბოლოსკენ გუნდებმა თითო სახიფათო მომენტი გაცვალეს, ორბელაძესა და ექსმერანელ ფარულავას გოლის გატანამდე სულ მცირედი დააკლდათ.

საბოლოოდ ფრე, რომელმაც "მერანის" წაუგებელი სერია 7-მდე გაზარდა, ხოლო "კოლხეთმა" მიმდინარე ჩემპიონატში რიგით მეორე საგარეო ქულა მოიპოვა, რაც მათთვის ვერაფერი ნუგეშია.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
21.11. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 500 მაყურებელი
მერანი-კოლხეთი 0:0
მერანი (4-3-2-1): მამალაძე - მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე - ჯღამაია, ბოლქვაძე, ფონიავა - შულაია, ჩიმაკაძე - ციცხვაია (65. წურწუმია).
სათადარიგოები: ხაინდრავა, ხარჩილაძე, წულაია, მარგველაშვილი, ქაჯაია, ფაილოძე.
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
კოლხეთი (4-1-4-1): სეფიაშვილი - თ. კაკულია, ფარულავა, თევზაძე, კილასონია - გოგონაია - ბარამიძე, ლ. კაკულია (60. ქორჩილავა), ამბროლაძე, ჯიშკარიანი (90. გუგუშვილი) - დ. სიჭინავა.
სათადარიგოები: ძაგანია, ჩადუნელი, ბეჩეხია, გაბისკირია
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გაფრთხილება: ბოლქვაძე (43)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5

მომდევნო მატჩები:
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
25 ნოემბერი, სამშაბათი

სიონი-ვიტ ჯორჯია (0:1)
სამტრედია-დინამო (ბთ) (1:4)

26 ნოემბერი, ოთხშაბათი
კოლხეთი (ფ)-დილა (0:0)
დინამო (თბ)-შუქურა (1:1)
საპოვნელა-სპარტაკი (0:3)
ტორპედო-მერანი (3:0)
მეტალურგი-ზუგდიდი (2:0)
ზესტაფონი-ჩიხურა (0:0)

უმაღლესი ლიგა. XIV ტური
30 ნოემბერი, კვირა
მეტალურგი-სპარტაკი
დილა-მერანი
სამტრედია-ჩიხურა
დინამო (თბ)-გურია
ზესტაფონი-დინამო (ბთ)
შუქურა-ტორპედო
კოლხეთი (ფ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-ზუგდიდი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული