დინამო (თბ)-გურია 1:2 - დიდი სენსაცია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დინამო არენაზე" დიდი სენსაცია მოხდა. საქართველოს ჩემპიონატის ლიდერმა "დინამომ" საკუთარ სტადიონზე ლანჩხუთის "გურიასთან" წააგო, რომელიც წლეულს ვერ ბრწყინავს და გაჭირვების გამო მოსამზადებელი ეტაპიც ვერ გაიარა.

პირველ ტაიმში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ. მატჩის პირველი სახიფათო მომენტი "გურიას" კართან 25-ე წუთზე შეიქმნა, როცა ლაშა პარუნაშვილის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი კარიდან ალეკო კოშკაძემ გამოიტანა.

ამის შემდეგ დინამოელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში შეღწევა უჭირდათ.

43-ე წუთზე დინამოელებს სტუმრების სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ, კობა შალამბერიძე იოლად
დაუსხლტა გიორგი გველესიანს და ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კოშკაძემ პოზიცია კარგად შეარჩია და ანგარიში გახსნა - 0:1.

დინამოელებმა თამაში ცენტრიდან განაახლეს და მაშინვე აღადგინეს წონასწორობა - ზურაბ ხიზანიშვილმა შორეული გადაცემით მარცხენა ფლანგზე მოძებნა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც ბურთის ჩაწოდებას აპირებდა, მაგრამ ცაციაზე აეჭრა და ლამაზი გოლი გამოუვიდა - 1:1.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა შალამბერიძე მათე ცინცაძეს და ზურაბ ხიზანიშვილს გაექცა და სანამ მცველს მიუახლოვდებოდა, დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა - ბურთი ლამაზი ტრაექტორიით გაფრინდა და წინ გამოსული ომარ მიგინეიშვილის კარში აღმოჩნდა - 1:2.

თბილისელები მატჩის ბედის შემოტრიალებას შეეცადნენ. მათ ტემპი გაზარდეს და დიდ ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ. მე-60 წუთზე რეალური საგოლე მომენტიც შეიქმნა, მაგრამ შერგელაშვილის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს გიორგი ჩირგაძემ ვერ მიუსწრო.

"დინამომ" საწადელს ვერ მიაღწია და ლანჩხუთელებმა მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს.

მატჩის შემდეგ
თემურ ლორია (გურია): "ბურთის ფლობის მხრივ, უპირატესობა "დინამოს" ჰქონდა და ამისთვის წინასწარ მზად ვიყავით. ჩვენი მიზანი ბოლომდე ბრძოლა იყო და მიმაჩნია, რომ ლოგიკური შედეგიც მივიღეთ. მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის, მადლობა ჩვენს გულშემატკივარს".

კახა გოგიჩაიშვილი (დინამო): "ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მომენტები გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით ჩატარებული მატჩების შემდეგ ძალების აღდგენა ვერ მოვასწარით. ვეცდებით, "ჩიხურასთან" მომდევნო შეხვედრაში წარმატებით ვითამაშოთ".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
30.11. თბილისი. "დინამო არენა". 300 მაყურებელი
დინამო (თბ)-გურია 1:2
გოლები: 0:1 კოშკაძე (43), 1:1 შერგელაშვილი (44), 1:2 შალამბერიძე (47)
დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, ხიზანიშვილი, გველესიანი, შერგელაშვილი, პაპავა (53. ჩისკო), ცინცაძე, პარუნაშვილი (46. ძარია), ლობჟანიძე (72. ჯანელიძე), პაპუნაშვილი, ჩირგაძე.
სათადარიგოები: დაუშვილი, დ. ჯიქია, თოთაძე, ჭანტურია.
მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი
გურია: ზუხბაია, ხარაბაძე, გაბრიჩიძე, ჭეიშვილი, მეგრელიშვილი, ე. კილაძე, ჯოჯუა, კოშკაძე, მიქაბერიძე (90. წილოსანი), შალამბერიძე (82. ინგოროყვა), ლომია (90. კვერენჩხილაძე).
მწვრთნელი: თემურ ლორია
გაფრთხილებები: გაბრიჩიძე (48), მეგრელიშვილი (72), პაპუნაშვილი (85), ჭეიშვილი (89), ლომია (89), ჯანელიძე (90)
გაძევება: პაპუნაშვილი (მატჩის შემდეგ, მეორე ყვითელი)
არბიტრი: ჯ. ხორავა

ბომბარდირები
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5

მომდევნო ტური
5 დეკემბერი, შაბათი
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-შუქურა
სპარტაკი-კოლხეთი (ფ)

6 დეკემბერი, კვირა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ჩიხურა-დინამო (თბ)
ტორპედო-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-დილა
გურია-სიონი

საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, პარასკევი
დინამო (თბ)-ჩიხურა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
dinamo ese shors ver cava.imedi makvs vcdebi.
Kaxa
15:20 01-12-2014
0
ყოჩაღ გურიაააააა, ძალიან მაგარი თამაში იყო ყველა კარგ ფორმაში ხართ ესე გააგრძელეთ
chveni pexburti
13:07 01-12-2014
0

სიახლეები პოპულარული