დათა ხოჭოლავა: ფროლოვი გარსიასნაირ ფეხბურთს ითხოვს

AutoSharing Option
ბოლო ორი შეხვედრაა, დათა ხოჭოლავა ქობულეთის "შუქურას" გოლებით ეხმარება - საქართველოს თასზე ჯერ თბილისის "დინამოს" გაუტანა, ქუთაისის "ტორპედოსთან" ჩემპიონატის შეხვედრაში კი მისი შედეგიანი დარტყმით გუნდი დაწინაურდა და ამან, საბოლოოდ, მოგებაში დიდი როლი ითამაშა.

"ტრავმის შემდეგ "დინამოში" დუშან უჰრინი თავდასხმაში მაყენებდა. ასე იყო შარშანდელ ევროთასებზე "ტოტენჰემთან" და "სტიაუასთან".

"დინამო" ჩემთვის ძვირფასი გუნდია, მაგრამ შეტევა სასურველი პოზიცია არასოდეს ყოფილა, აქ კარგად თამაში არც გამომდის და გუნდიდან წასვლა სწორედ ამიტომ ვითხოვე.

ქობულეთში მწვრთნელი მათამაშებს და ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. მიხარია, გუნდს
რომ ვეხმარები და რომ ბოლო 2 შეხვედრაში 2 გოლი გავიტანე. ეს ახლა ძალიან მჭირდებოდა.

რაც მთავარია, ჩემთვის ჩვეულ პოზიციაზე, დაცვაში მათამაშებენ. ეს გაცილებით უკეთ გამომდის და შეტევებში ჩართვასაც ვახერხებ", - ამბობს ხოჭოლავა.

21 წლის ცენტრალური მცველის თქმით, "შუქურას" უკრაინელ მწვრთნელ კონსტანტინ ფროლოვთან მუშაობა მოეწონა:

"ფროლოვის მიდგომა და სტილი ძალიან მომეწონა. ეს უკრაინელი მწვრთნელიც იმავეს ითხოვს, რასაც ალექს გარსია თბილისის "დინამოში" გვავალებდა - ბურთის გათამაშებას და კონტროლს, სულ შეტევას, უბურთოდ გახსნასა და მოძრაობას.

ეს სტილი ძალიან მომწონს და სწორედ ამის ხარჯზე მოვუგეთ კიდეც ქუთაისის "ტორპედოს", რომელიც დღეს საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი მგონია".

ხოჭოლავას თქმით, "შუქურა" რეალურ შესაძლებლობებს სწორედ ახლა ავლენს:

"რაც უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მიმდინარე სეზონში "შუქურას" არც ერთი შეხვედრა წასაგები არ ჰქონდა, გარდა თბილისის "დინამოსთან" მატჩისა, რომელშიც 0:6 დავმარცხდით. დანარჩენი კი ბავშვური შეცდომების და, ალბათ, გამოუცდელობისა და შეუთამაშებლობის გამო წავაგეთ.

მაგრამ გუნდი ნელ-ნელა ლაგდება და დარწმუნებული ვარ, მეორე წრეში გაცილებით ძლიერები ვიქნებით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ბიჭია დათო , ქობულეთში დიდი ხანს არ გააჩერებენ მაგას! წარმატებები
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული