12:05 08-12-2014
ზუგდიდი-ზესტაფონი 0:0 - გამოუყენებელი შანსების დღე [VIDEO]
AutoSharing Option
ძირითად შემადგენლობაში დანაკლისი ორივე გუნდს ჰქონდა: "ზესტაფონში" ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო ვიცე-კაპიტანი და ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი ლევან შარიქაძე ვერ თამაშობდა, "ზუგდიდს" კი სამი მცველი აკლდა - დათა რიგვავა და ბაქარ მირცხულავა ტრავმირებულები იყვნენ, ხოლო ლაშა ღონღაძე - დისკვალიფიცირებული.
თავდაპირველად, უპირატესობას "ზესტაფონი" დაეუფლა და უკვე მეშვიდე წუთზე ანგარიშის გახსნაც შეეძლო - მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში მალხაზ გაგოშიძე შეიჭრა და სამ მცველს შორის კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ჯაბა დვალი მოძებნა, რომელმაც 5-იოდე მეტრიდან ბურთი კარს ააცილა.
მალე კუთხურიდან მოწოდებული ბურთის კარში გაგზავნას გიორგი ილურიძე ცდილობდა და მიზანს მანაც ააცილა. მალე მასპინძელთა მცველის გადაცემა მოედნის ცენტრში ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ ილურიძე გაიყვანა, მაგრამ მეკარე რევაზ თევდორაძემ კარგად ითამაშა და სტუმრებმა მშვენიერი შანსი გაანიავეს. სამწუხაროა, რომ ხორვატიიდან დაბრუნების შემდეგ ილურიძემ ფორმა ვერა და ვერ აღიდგინა.
"ზუგდიდმა" კი პირველ ნახევარში ბევრი ვერაფერი შექმნა. მხოლოდ შოთა ლომიას მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას თუ გამოვყოფთ, როცა ბურთი კარს სანტიმეტრებით ასცდა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა თევდორაძემ "ზუგდიდი" ისევ გადაარჩინა. მარცხენა ფლანგიდან გაგოშიძის მიერ ჩაწოდებული ბურთი მასპინძელთა მცველს თავზე გადაევლო, მაგრამ კარის წინ 4 მეტრში მყოფმა დვალმა გოლკიპერს კვლავ ვერ აჯობა.
ზუგდიდელებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი 72-ე წუთზე მიეცათ - ირაკლი ეხვაიამ შეტევა "ზესტაფონის" საჯარიმოში ლაშა კუკავას გაუგრძელა, რომელიც რენე ფერეირასთან ორთაბრძოლაში წაიქცა და მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა.
მაგრამ მეკარე ბოიან პავლოვიჩმა ზუგდიდელთა კაპიტნის, შოთა ლომიას დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
74-ე წუთზე ფლანგიდან წამოწყებული შეტევის ახლო მანძილიდან თავური დარტყმით დაგვირგვინებას უკვე თავად ეხვაია ცდილობდა, მაგრამ მიზანს ააცილა. საბოლოოდ, 0:0.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
07.12. ზუგდიდი. "ბაიას ბაზა". 1 500 მაყურებელი
ზუგდიდი-ზესტაფონი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: შოთა ლომია (72)
ზუგდიდი (4-2-3-1): თევდორაძე - ქურდაძე, დ. ლომაია, ლ. აკობია, ჯავაშვილი - ტყემალაძე, ლ. კობერიძე - ეხვაია, ლ. წურწუმია (90. ა. შენგელია), შ. ლომია (89. ლ. გულორდავა) - ვ. კვარაცხელია (46. კუკავა)
სათადარიგოები: დევაძე, ფარჯიკია, დ. ქირია, შ. გვაზავა.
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
ზესტაფონი (4-4-2): პავლოვიჩი - თორ. გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, თედ. გრიგალაშვილი, გაგოშიძე - სარდალიშვილი, გვალია, ჭანტურიშვილი (88. ფანცულაია), ენდელაძე (62. კაპანაძე) - ილურიძე (78. ჭანკოტაძე), ჯ. დვალი.
სათადარიგოები: კუპატაძე, მიქელთაძე, რობაქიძე, გ. სამუშია.
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ფერეირა (71), თორნიკე გრიგალაშვილი (74), გვალია (82)
არბიტრი: ლაშა სილაგავა
ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი) 6
საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, ხუთშაბათი
დინამო (თბ)-ჩიხურა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ლაშა კახიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული