რას აპირებს გია გეგუჩაძე და ვინ გაწვრთნის "ზესტაფონს"?

AutoSharing Option
ვინ გაწვრთნის "ზესტაფონს" სეზონის განახლების შემდეგ? ეს კითხვა აქტუალური გახდა ქართულ საკლუბო ფეხბურთში - ჯერაც გაურკვეველია, დარჩება თუ არა გია გეგუჩაძე იმერელთა თავკაცის პოსტზე...

სეზონის პირველი ნაწილი საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ყოჩაღად ვერ დაასრულა და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ჯერ კიდევ ზაფხულში, სლოვაკურ "ტრნავასთან" განცდილი ევრომარცხის შემდეგ, გუნდი წამყვანი ფეხბურთელებისგან დაიცალა და ხელფასები მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამ უსიამოვნო ისტორიამ "ზესტაფონის" თამაშს გვარიანი კვალი კი დაატყო, მაგრამ შერჩენილი კადრებითაც კი ჩვენს ჩემპიონატში გუნდს უკეთესი შედეგი უნდა ეჩვენებინა. თითქმის ყველა მატჩი მარგველთათვის ერთნაირი სცენარით
მიმდინარეობდა - პირველ ნახევარში გია გეგუჩაძის გუნდი მოწინააღმდეგეს ყველა კომპონენტში სჯაბნიდა, თუმცა დაიწყებოდა მეორე ტაიმი და... ზესტაფონელთა ცნობა შეუძლებელი ხდებოდა.

ასეა თუ ისე, ამ გუნდს საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-9 ადგილი უჭირავს და ეს მისი მაქსიმუმი ვერაფრით იქნება.

დარჩება თუ არა გეგუჩაძე "ზესტაფონში"? ამ კითხვით გუშინ მარგველთა დამრიგებელს მივმართეთ და პასუხად მოვისმინეთ, რომ ყველა კითხვას ის ნაახალწლევს უპასუხებს.

რაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, გეგუჩაძე, ვისაც ოდითგანვე იდეალური ურთიერთობა ჰქონდა მედიასთან, არ დადის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებზე და არც ინტერვიუებით გვანებივრებს. ამის მიზეზებზე მსჯელობა შეიძლება, ოღონდ გამართლებულად არ მოჩანს - უპრიანია, მწვრთნელმა თავად ახსნას ყველაფერი.

რაზე იქნება დამოკიდებული გეგუჩაძის დარჩენა-არდარჩენის საკითხი? ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს შორის შედგება შეხვედრა და ბევრი რამ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

წესით, გეგუჩაძისა და მისი შტაბის მიერ დასმული უნდა იყოს გუნდის გაძლიერების საკითხი. ვნახოთ, რა პასუხს გასცემს ამ შეთავაზებას კლუბის ხელმძღვანელობა.

"ზესტაფონის" არაერთ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი უსრულდება ან უკვე დაუსრულდა. მათი სტატუსიდან გამომდინარე, არცერთი ქართული კლუბი ამ მოთამაშეების სამსახურზე უარს არ იტყვის.

"ზესტაფონში" დესანტს ელიან სლოვაკური "ტრნავადან", თუმცა ვეჭვობთ, მხოლოდ სლოვაკმა ფეხბურთელებმა შეძლონ გუნდის სატურნირო მდგომარეობის რადიკალურად გამოსწორება.

თუ ევროზონაში მოხვედრა სურს, "ზესტაფონის" შეფობამ ქართულ ბაზარზეც უნდა იაქტიუროს და გადაიბიროს ისეთი მოთამაშეები, საქართველოს ჩემპიონატში ბევრი რომ უნახავთ.

როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ფაქტი ჯიუტია - გეგუჩაძე განსაკუთრებული მწვრთნელია "ზესტაფონის" ისტორიაში და თუ ხელმეორე გაყრა შედგა, ეს ორივე მხარისთვის ძალიან მტკივნეული იქნება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რამე ესველება ქართულ ფეხბურთს?სადაა წიასაარცევნო მილიონები ???
ბერჯავახი
10:48 12-12-2014
0
ერთადერთი მწვრთნელია ვინც ქართული გუნდი ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა (დიანმო ევროპის ლიგაზე 2004 წელს)
დათო
16:49 09-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული