"რიკოთზე ერთ-ერთი რესტორნის ვალი გვქონდა. რომ გავივლიდით, სირცხვილით ვკვდებოდით"

AutoSharing Option
ცნობილი ამბავია, რომ ფეხბურთელებისთვის ხელფასებისა და გადასახადების დაგვიანების გამო, იტალიურ "პარმას" 1 ქულა ჩამოაკლეს და 5 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ასე რომ მივუდგეთ, საქართველოში თითქმის ყველა კლუბი უნდა დაჯარიმდეს და, იქნებ, ბევრი საერთოდ უქულოდ დარჩეს.

ამის მაგალითი ფოთის "კოლხეთია", რომელმაც ეროვნული ჩემპიონატი ცუდად დაიწყო, მაგრამ საშემოდგომო ეტაპის დასკვნით ნაწილში მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა. ზაზა ინაშვილის შეგირდებმა ბოლო სამ ტურში 2 მატჩი მოიგეს - ლანჩხუთში "ვიტ ჯორჯიასთან" და გასვლაზე ცხინვალის "სპ
არტაკთან", და სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესეს.

"სამი თვის განმავლობაში ხელფასებს ვერ ვიხდიდით. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, უფულოდ ცხოვრება რა რთულია. გუნდი ჭაბუკთა ლიგაშიც გვყავს და, რა დასამალია, რიკოთზე ერთ-ერთი რესტორნის ვალი გვქონდა. იქ რომ გავივლიდით, სირცხვილით ვკვდებოდით.

ფედერაციის დახმარებამ სულზე მოგვისწრო. რომ არა ეს ფული, გუნდი დაგვეშლებოდა. 200 ათასით კი დავალიანებები გავისტუმრეთ და გუნდში ფსიქოლოგიური ატმოსფეროც გაუმჯობესდა. ეს ბოლო ორ შეხვედრაში აშკარად გამოჩნდა.

არავინ თქვას, რომ ფული ფეხბურთში მესამეხარისხოვანია. ფული ყველა სფეროში ბევრს ნიშნავს", - ამბობს ინაშვილი.

კოლხების დამრიგებლის თქმით, კლუბში ქალაქის ახალი ხელმძღვანელობის თანადგომის იმედი აქვთ:

"მალე ფოთის 2015 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ. წინასწარი ინფორმაციით, "კოლხეთისთვის" 300 ათასი ლარის გამოყოფას აპირებენ, მაგრამ კარგ შემთხვევაში, ეს თანხა სეზონის დასრულებამდე თუ გვეყოფა.

არაადეკვატური არ ვარ, ვიცი, რომ ევროპელების დარ პირობებს ვერ მოვითხოვთ, მაგრამ ასეთი მწირი თანხა საქართველოში ნორმალურ კლუბებს სამ თვესაც არ ჰყოფნით. 300 ათასი საქართველოს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისი ნამდვილად არ არის.

საშემოდგომო ეტაპი დასრულდა, ქალაქის და საკრებულოს ხელმძღვანელობას დაველაპარაკებით და ვეტყვით, რა არის საჭირო "კოლხეთის" ნორმალური არსებობისთვის. ჩვენ ადგილის შესანარჩუნებლად გვიწევს ბრძოლა და იმედია, გაგვიგებენ.

საერთოდ, გუნდისადმი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ფოთში ფეხბურთი ბევრს უყვარს, მათ შორის, რაიონის ხელმძღვანელებსაც და, იმედია, ყველაფერს გააკეთებენ, "კოლხეთმა" უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნოს".

ინაშვილის თქმით, 2015 წლიდან ფოთის სტადიონის მშენებლობა დაიწყება:

"სტადიონის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერით ფინანსდება და ბუნებრივია, ლამაზ არენაზე ლამაზი და შედეგიანი ფეხბურთი უნდა ითამაშო. ეს კი ძლიერი გუნდის გარეშე წარმოუდგენელია.

ჩვენ ესეც გვაიმედებს, რომ ფოთში, ინფრასტრუქტურასთან ერთად, გუნდსაც მიხედავენ. მხოლოდ სტადიონის აშენებას აზრი არ აქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შერცხვეთ მთელ საქართველოს და ქართველობას, არც ერის არც ბერის სიყვარული არც სამშობლოს გაქვთ. ამ ფულიანი ხალხი კი სულ პარლამენტი და მთავრობა აინტერესებთ იმის მაგივრად რო ფეხბურტს მიხედონ
gaga
15:39 14-12-2014
0

სიახლეები პოპულარული