ჩისკო - ვალმოხდილი რეკორდსმენი, ერთი აუხდენელი ოცნებით

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთი-ორი შემთხვევა თუ ყოფილა, როცა კაპიტნის სამკლავურით თავისი გუნდი მოედანზე ლეგიონერს გაუყვანია; პირველი ვინც გვახსენდება, ბოიომო ფრიდოლინია - კამერუნელი მცველი საქართველოს ჩემპიონატში 2006-2012 წლებში ასპარეზობდა და ბოლნისის "სიონის", "ზესტაფონის", ცხინვალის "სპარტაკისა" და ფოთის "კოლხეთის" ღირსებას იცავდა.

კაპიტნის სამკლავური კი ბოიომოს რამდენიმე მატჩი "სპარტაკში" ეკეთა და სხვათა შორის, სწორედ ეს კამერუნელი მცველია საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ლეგიონერთა შორის აბსოლუტური რეკორდსმენი - სხვა
დასხვა დროს აქ მოასპარეზე უცხოელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი მატჩი (136) აქვს ჩატარებული!

ანუ, ფაქტობრივად, ბოიომო გახლდათ პირველიც და ერთადერთი ლეგიონერი, ქართული გუნდისათვის რომ უკაპიტნია, თუმცა მოგვიანებით მას მიმდევარიც გამოუჩნდა: ამ სეზონის დაწყების წინ "დინამო თბილისის" კაპიტნის რანგში ხომ ჩისკო ვიხილეთ, რომელმაც წინა კვირაში თავისი უკანასკნელი მატჩი ჩაატარა ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის შემადგენლობაში და სამშობლოში, ესპანეთში დაბრუნდა...

Sportall.Ge

თავდაპირველად, ყველამ ისე ვიცოდით, რომ ჩისკო 2014 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს სუპერთასის მატჩით ასრულებდა თავის მართლაც შთამბეჭდავ კარიერას; თუმცა, როგორც მერე გაირკვა, ესპანელმა შემტევმა სამშობლოში, რანგით მესამე ლიგის გუნდთან ("ხიმნასტიკი") გააფორმა კონტრაქტი და თავისი ეფექტური გოლებითა თუ არანაკლებ ჩინებული პასებით ამიერიდან ტარაგონელ გულშემატკივრებს გაახარებს.

თუმცა, თბილისელ, კერძოდ, "დინამოს" ქომაგებსაც ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ ჩისკო - სამსეზონ-ნახევრის განმავლობაში რომ ყველას გვანებივრებდა საკუთარი ოსტატობით.

ჰო, ბევრის აზრია, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, მსგავსი დონის ლეგიონერს არ უასპარეზია და ამ შემთხვევაში ვისაც შეუძლია ჩისკოს "კონკურენცია" გაუწიოს, რუსთავის "ოლიმპიკის" ბრაზილიელი შემტევი ანდერსონ აკინოა, რომელმაც 2009-10 წლების სეზონში მართლაც შთამბეჭდავად ითამაშა.

აკინო იმ სეზონში საქართველოს ჩემპიონიც გახდა და საუკეთესო ბომბარდირიც (მართლაც ჩინებული შედეგით - 31 მატჩში 26 გოლი), თუმცა ეს ვირტუოზი ბრაზილიელი მხოლოდ ათი თვის განმავლობაში გვანებივრებად თავისი ლამაზი გოლებითა თუ მართლაც ნაღდი ბრაზილიური ტექნიკით, აი, ჩისკო კი, ფაქტობრივად, სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში გვანიჭებდა სიამოვნებას და საქართველოდანაც ყველა შესაძლო რეკორდით წავიდა!

ეგ კი არა, ალბათ, დიდი დრო უნდა გავიდეს, ქართული ტიტულებისა თუ რეკორდების რაოდენობით ჩისკოს რომ სხვა ლეგიონერმა აჯობოს!

თავად განსაჯეთ: ამ სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩისკო ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ დაეუფლა საქართველოს თასს, გაზეთ "ლელოს" ვერსიით ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, 2013/14 წლების სეზონის მერე კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვითაც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ამას გარდა, ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, თანაც, ზედიზედ.

Sportall.Ge

აქვე, ბარემ ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ჩემპიონატების 25-წლიან ისტორიაში, მხოლოდ და მხოლოდ სამი ფეხბურთელია, ზედიზედ ორჯერ რომ გამხდარა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: ოთარ კორღალიძე, ცხონებული მერაბ მეგრელაძე და ჩისკო!..

...ერთადერთი ქართული ტიტული, რომელიც ჩისკოს არ ჰქონდა, საქართველოს სუპერთასი იყო; და აი, ეს ნატვრაც ახდა, თანაც, როგორ!

ზემოთაც ვახსენეთ 2014 წლის 11 დეკემბერი, დღე, რომელიც ჩისკოს არასოდეს დაავიწყდება: ის ხომ თავის ბოლო მატჩს ატარებდა ლამის მშობლიურ გუნდად ქცეულ "დინამო თბილისის" შემადგენლობაში და საქართველოს სუპერთასის იმ შეხვედრის ბედი სწორედაც ესპანელის ზუსტმა თავურმა დარტყმამ გადაწყვიტა, თანაც, უკვე არბიტრის მიერ წამატებულ წუთებზე!

აი, ამის მერე იყო ჩისკოს ალალი ცრემლები და გულისამაჩუყებელი დამშვიდობება თანაგუნდელებთან თუ ერთგულ ფანებთან...

ტიტულების კოლექცია
მხოლოდ ტიტულებით კი არა, ჩისკოს კიდევ ერთ პირად მაჩვენებელს ასევე ძალიან დიდი დროის განმავლობაში, ალბათ, ვერავინ გააუმჯობესებს: ესპანელმა შემტევმა საქართველოს ჩემპიონატში 62 გოლი გაიტანა და ლეგიონერთა შორის ეს აბსოლუტური რეკორდია!

...აქ ჩამოსვლამდეც არ აკლა ტიტულები ჩისკოს, თანაც, რა ტიტულები?! ჰო, ნამდვილად არ ვყოფილვართ განებივრებული ისეთი ლეგიონერებით, რომლებთაც ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ჰქონიათ და ამას გარდა, უეფას თასსა თუ ევროპის სუპერთასზე გაუმარჯვიათ!

ჩისკო კი საქართველოში სწორედ ამ ტიტულების მფლობელის "რანგში" ჩამოვიდა და აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ესპანელი შემტევი იმ მართლაც გამორჩეული "ვალენსიას" წევრი გახლდათ, რომელსაც რაფა ბენიტესი წვრთნიდა და რომლის შემადგენლობაშიც სანტიაგო კანისარესი, რობერტო აიალა, კარლოს მარჩენა, ამადეო კარბონი, დავით ალბელდა, მიგელ ანგულო, რუბენ ბარახა, პაბლო აიმარი და სხვა იმდროინდელი გამორჩეული ფეხბურთელები გამოდიოდნენ.

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ 2003/04 წლების იმ საჩემპიონო სეზონში რაფა ბენიტესის დამოძღვრილმა "ვალენსიამ" უკან ჩამოიტოვა "რეალი" და "ბარსელონა", არადა, მადრიდელთა გუნდში რონალდო ("ფენომენი") თამაშობდა, კატალონიელთა გუნდში კი კიდევ ერთი გამორჩეული ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდინიო...

აი, ასეთი ტიტულიანი ფეხბურთელი ჩაირიცხა "დინამო თბილისში" 2011 წლის ზაფხულში და საქართველოს ჩემპიონატში სხვადასხვა დროს მოასპარეზე ლეგიონერებს შორის მასზე მაღალი რანგის საერთაშორისო ტიტული მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, ნედ ზელიჩს ჰქონდა;

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელი ვეტერანი "დინამო თბილისში" 2008-09 წლების სეზონში ასპარეზობდა. დიდი წვლილიც შეიტანა გუნდის გაჩემპიონებაში; აი, ტიტულს რაც შეეხება, ზელიჩი საქართველოში სხვადასხვა დროს მოასპარეზე ლეგიონერთა შორის ერთადერთია, ჩემპიონთა ლიგაზე ვისაც გაუმარჯვია (დორტმუნდის "ბორუსიას" შემადგენლობაში).

...ისევ ჩისკოს დავუბრუნდეთ, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში გატანილი 62 გოლის გარდა, სხვა ტურნირებზეც გამოიჩინა თავი: სუპერთასზე გატანილი გოლი უკვე ვახსენეთ, ამას დავუმატოთ ევროტურნირების 5 და საქართელოს თასზე გატანილი 8 გოლი და საერთო ჯამში 76 გოლიც გამოდის.

Sportall.Ge

თანაც, ამ გოლების უმრავლესობა, ძალიან ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტიც ყოფილა და აღარაფერს ვამბობთ ეფექტურობაზე!

სხვებს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს თასის წინა გათამაშებაში, რუსთავში ჩატარებულ პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "მეტალურგის" კარში გატანილი სუპერგოლიც "საკმარისი" იქნება - თითქმის მოედნის ცენტრალური ხაზიდან (თანაც, აუტის ხაზთან ახლოს) ჩისკომ შენიშნა თუ არა წინ გამოსული მასპინძელთა მეკარე, თითქმის 50 მეტრიდან ბურთი ზუსტად გაგზავნა კარის ბადეში!

სასურველი და არასასურველი მეტოქეები
წლეულს, აპრილში, ჩისკოს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვესტუმრეთ და ვრცელი ინტერვიუც ჩამოვართვით. სწორედ მაშინ გვითხრა გულახდილად, რომ საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე ძალიან "ზესტაფონისა" და "ჩიხურას" წინააღმდეგ მსიამოვნებს თამაშიო: ეს ორი გუნდი, სხვებისგან განსხვავებით, "გახსნილ ფეხბურთს" ანიჭებს უპირატესობას და ალბათ, ამის გამოც არის, ყველაზე მეტი გოლი სწორედ "ზესტაფონისა" და "ჩიხურას" კარში რომ გამაქვს ხოლმეო!

მართლაც ასე იყო: ამ სამსეზონ-ნახევრის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში ჩისკომ "ზესტაფონის" კარში 8 გოლი გაიტანა (აქედან ორჯერ "დუბლი" შეასრულა).

თუმცა, ესპანელი შემტევისგან ყველაზე მეტად "ჩიხურა" ზარალდებოდდა: საჩხერელთა გუნდის კარში (მხოლოდ ჩემპიონატის მატჩებს ვგულისხმობთ) ჩისკომ 12 გოლი გაიტანა, თანაც სამჯერ სულაც ჰეთ თრიკი შეასრულა! აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ერთი გოლი "ჩიხურას" კარში ჩისკომ თასის ფინალში გაიტანა, ერთიც - ახლახან გამართულ სუპერთასზე...

ესპანელი შემტევისათვის ასევე "სასურველ" მეტოქეებად "ზუგდიდი" და "სიონი" უნდა მივიჩნიოთ, - ასევე შვიდ-შვიდი გოლი რომ გაუტანა (თანაც, ბოლნისელთა გუნდის წინააღმდეგ სამჯერ "დუბლიც" შეასრულა);

დანარჩენი გუნდების მიმართ ჩისკოს "დამოკიდებულება" კი ასეთია: "ვიტ ჯორჯიას", "მეტალურგსა" და "ტორპედოს" ოთხ-ოთხი გოლი გაუტანა, "სპარტაკს" , "კოლხეთსა" და ბათუმის "დინამოს" - ორ-ორი და ერთიც - "სამტრედიას". ანუ, 2011 წლის ზაფხულიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით ჩისკოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 14 გუნდის კარში გაუტანია გოლ(ებ)ი და ორად-ორიღა გადაურჩა ამ ესპანელი შემტევის შედეგიან დარტყმებს. უფრო ზუსტად, ერთადერთი, რამეთუ ამ სეზონში უმაღლეს ლიგაში აღზევებულ "შუქურასთან" ჩისკოს ტრავმის გამო არ უთამაშია, მეორე წრეში კი ესპანელი ვეღარაფრით დაუპირისპირდება ქობულეთურ გუნდს.

აი, რაც შეეხება იმ ერთადერთ "აუღებელ ციხე სიმაგრეს", ეს გუნდი ჩისკოსთვის მართლაც ბედისწერასავით იქცა: რამდენი არ ეცადა ესპანელი ფორვარდი, მაინც ვერაფრით შეძლო "დილას" კარში გოლის გატანა!

თანაც, არა მხოლოდ ჩემპიონატში: თასის წინა გათამაშების ნახევარფინალში, ჩისკოს ნავსის გატეხის მშვენიერი შანსი მიეცა, მაგრამ გორელთა გუნდის მეკარე ბექა შეყრილაძემ ესპანელ ლეგიონერს... პენალტი აუღო!

Sportall.Ge

ისე, ამ გაცუდებულ პენალტზე მეტად, ჩისკოს სხვა მატჩი უფრო ცუდად გაახსენდება: შარშან ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩში "სტიაუასთან" ასევე რომ ვერ შეძლო თერთმეტმეტრიანის ზუსტად შესრულება...

იმავე ინტერვიუში ჩისკომ საჯაროდ გამოთქვა... საქართველოს ნაკრებში ასპარეზობის სურვილი! აი, ამონარიდიც იმ ინტერვიუდან, სადაც ჩისკო საქართველოს ნაკრებსა და, საერთოდ, საქართველოზე საუბრობს:

"საქართველო ძალიან შემიყვარდა; სადაც კი გავიხედავ, ყველგან სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. ძალიან ვამაყობ ჩემი ქართული ტიტულებითა თუ ინდივიდუალური მიღწევებით. თუმცა, ბევრად უფრო ვიამაყებდი იმ ფაქტით, საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი უცხოელი ფეხბურთელი თუ ვიქნებოდი!.."

სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზთა გამო, ჩისკოს ამ სურვილს ასრულება არ უწერია, თუმცა ესპანელი მართლაც ლამაზად დაგვემშვიდობა და სამშობლოში გამგზავრების წინ ისიც "დაგვიბარა", რომ თუ "დინამო თბილისს" რაიმე ფორმით მისი სამსახური დასჭირდებოდა, აუცილებლად დაგვიბრუნდებოდა.

Sportall.Ge

ჩვენც გვჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, ყველაფერი ასეც მოხდეს; იმიტომ, რომ როგორც "დინამო თბილისის" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ბრძანა, ჩისკო ნამდვილი დინამოელი გახლდათ!..

დოსიე:
ჩისკო (ფრანსიკო ხავიერ მუნიოს ლომპარტი)
დაიბადა: 05.09.1980

კარიერა

1999-03 ვალენსია B 39 (15)
2000-01 უელვა 39 (10)
2001-02 ტენერიფე 28 (1)
2002-03 უელვა 23 (6)
2003-05 ვალენსია 44 (4)
2005-09 ბეტისი 73 (8)
2009-11 ლევანტე 54 (9)
2011-14 დინამო (თბ) 98 (62)

2009-2001 წლებში გამოდიოდა ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში (U17, U18, U21);

ტიტულები
ესპანეთის ჩემპიონი (2004), უეფას თასის მფლობელი (2004), ევროპის სუპერთასის გამარჯვებული (2004), საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი (2012-13, 2013-14); საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2014); ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (2012-13, 2013-14); გაზეთ "ლელოს" ვერსიით, 2012-13 და 2013-14 წლების სეზონებში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

დინამო თბილისი
2011/12 30 (15)
2012/13 28 (24)
2013/14 28 (19)
2014/15 12 (4)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩისკო არის შესანიშნავი ფეხბურთელი და ბრწყინვალე პიროვნება
GELA
22 დეკემბერი 2014 09:59
0
ra gaxda es chisko aseti ro sul amaze wert?
qartveli fexburteli araa sxva sul amaze roa yvela statia
ika
21 დეკემბერი 2014 13:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული