ქუთაისის "ტორპედო": ოთხი ბანკირი და "ვიტესის" ერთ-ერთი მფლობელი

AutoSharing Option
"ტორპედოდან" კომპანია "ვისოლის" წასვლის შემდეგ კლუბის მეპატრონე ქუთაისის მერია გახდა. შეიცვალა გუნდის მთავარი მწვრთნელი - რევაზ ძოძუაშვილის ადგილი გიორგი დარასელიამ დაიკავა, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად ყოფილი დირექტორი დავით ფრუიძე დაინიშნა.

როგორც "ტორპედოს" პრესსამსახურის ინფორმაციით ვიგებთ, მოსალოდნელია სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც...

სკოლაც აუცილებელია
დავით ფრუიძე ცნობილი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის ძმაა. ის ფეხბურთში ახალი ფიგურა არ არის. წლების განმავლობაში, ქუთაისის ვიცე-მერი და სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ. იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა (უფროსი ნოდარ ახალკაცის დროს) და მძლეოსნობის ფედერაციის აღმასკომების წევრი, აგრეთვე - ბალახის ჰოკეის რესპუბლიკური ფედერაციის
საპატიო პრეზიდენტი.

Sportall.Ge"ფეხბურთთან მაშინაც ახლო შეხება მქონდა და ქუთაისის "ტორპედოს" უშუალოდ ვკურირებდი. ჩემი ყოველდღიური რეჟიმის დაახლოებით 40 პროცენტს სწორედ ამ კლუბს ვუთმობდი.

თებერვლიდან დავუბრუნდი იმ სფეროს, რომელიც ძალიან მიყვარს. თავადაც სპორტსმენი გახლდით. როგორც მძლეოსანს, პირველი თანრიგი მქონდა. ერთი სიტყვით, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი სპორტში მაქვს გატარებული", - ამბობს ფრუიძე კლუბის პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ქუთაისელთა ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომელიც კომპანია "ვისოლის" მიერ "ტორპედოსა" და სხვა ქონების ქალაქის მერიისთვის გადაფორმებას ითვალისწინებს:

"ჩვენს მფლობელობაში იქნება ქუთაისის ცენტრალური სტადიონი, მის ტერიტორიაზე არსებული სათადარიგო მოედნები, ჩოგბურთის კორტები და, რა თქმა უნდა, საწვრთნელი ბაზაც.

რაც შეეხება გამაჯანსაღებელ ცენტრ "ლაგუნასა" და სინთეტიკურსაფარიან ბალახის ჰოკეის მოედანს, ისინი "ვისოლის" საკუთრებაში იქნება.

მაგრამ, ვფიქრობ, ქუთასის სპორტულ ცხოვრებას ჰოკეის მოედანიც უნდა დაუბრუნდეს. თავის დროზე, ეს მოედანი და სარბენი ბილიკები, ჩემი ინიციატივით, ზამთარში, ფეხბურთელების სავარჯიშოდ გაკეთდა. ჩემი დიდი სურვილია, რომ ის კვლავ ფეხბურთელებს გამოადგეთ".

ფრუიძის თქმით, კლუბს საფეხბურთო სკოლაც სჭირდება:

"ქუთაისის "ტორპედო" მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო იმან, რომ ჩვენი საფეხბურთო სკოლა არ მუშაობდა. დიდი სურვილი გვაქვს, სახელმწიფო განვითარების პროგრამის ამუშავების შემდეგ ქუთაისში საფეხბურთო აკადემია აშენდეს.

ეს ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია. სხვაგვარად, ამჟამინდელ ჩიხში დავრჩებით და დამოკიდებულნი ვიქნებით სხვა გუნდების მიერ დაწუნებულ ფეხბურთელებზე.

ჩვენი სურვილია, აკადემია ცენტრალურ სტადიონზე აშენდეს, სადაც უნდა მოეწყოს ორი მოედანი - ხელოვნური და ბუნებრივი საფარით. "ვისოლმა" დაგვიტოვა პატარა მოედანიც (50/50 მ), რომელიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მოსაწყობია მხოლოდ მისი სადრენაჟო სისტემა.

ამდენად, ჰოკეის მოედნის დაბრუნებით ერთიანი კომპლექსი ჩამოყალიბდება. აქვე ვიტყვი, რომ ჩოგბურთის კორტებიც "ტორპედოსია", სადაც ორსართულიანი შენობაა. ვფიქრობთ, რომ იქ უნდა გაკეთდეს გასახდელი, ოთახი მწვრთნელებისთვის და ასე შემდეგ".

500 ათასი, პლუს ქალაქის ბიუჯეტი
ქუთაისელთა ხელმძღვანელი კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზეც ლაპარაკობს:

"ვისოლმა" ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ დაუმსახურებელი საყვედურები მიიღო, რადგან გუნდმა ევროთასებზე ვერაფერს მიაღწია. წლეულს ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა ევროპაში ვერაფერს მიაღწია და ამიტომ უნდა ვლანძღოთ?

"ვისოლმა" 500 ათასი დოლარი დატოვა, რომლის მოხმარებასაც 2015 წლის იანვრიდან დავიწყებთ, მაისამდე კი ჩვენი ხარჯი 900 ათას ლარს არ უნდა ასცდეს.

მერისა და გუბერნატორის დამსახურებით, "ტორპედო" ქალაქის ახალი ბიუჯეტიდანაც დაფინანსდება, მაგრამ ჯერ ზუსტი თანხა უცნობია. გარდა ამისა, კლუბს საკუთარი მცირე შემოსავლებიც გააჩნია.

ამდენად, მიმდინარე სეზონში ფინანსურად მშვიდად ვიქნებით. ბიუჯეტიდან ყოველი თეთრი კლუბს მიზნობრივად მოხმარდება".

ფრუიძემ "ტორპედოს" პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება:

"მიმაჩნდა, რომ პირველ გუნდთან მიმართებით არასწორი პოლიტიკა იყო. ვგულისხმობ გადაჭარბებულ ხელფასებს, მორყეულ დისციპლინას, ფეხბურთელებისა და ხელმძღვანელობის ურთიერთობას...

ახლა მკაცრი ღონისძიებები გატარდება. ბაზაზე, სადაც იცხოვრებენ 23 ფეხბურთელი და მწვრთნელები, ზედმეტი ვერავინ შევა. უფრო მკაცრი, თუმცა ზომიერი იქნება ურთიერთობები".

ახალი ლოგო, ძველი ფერები...
კლუბის ხელმძღვანელის თქმით, ახალი წლიდან ახალი კონტრაქტები გაფორმდება, რამდენიმე ფეხბურთელთან თანამშრომლობა კი აღარ გაგრძელდება:

"გუნდი გიორგი დარასელიასთან შეთანხმებით დაკომპლექტდება. აქცენტი ადგილობრივებზე გაკეთდება. ვცდილობთ, საჭირო ფეხბურთელები შევინარჩუნოთ.

ვაჟა ტაბატაძის წასვლაზე იყო ლაპარაკი. მე ვაცხადებ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რათა ის ქუთაისის "ტორპედოში" დარჩეს.

მოლაპარაკებები დავიწყეთ ახალ ფეხბურთელებთანაც. არსებული შემადგენლობით ექვსეულში მაინც უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა".

ფრუიძემ დაადასტურა, რომ კლუბის ლოგოსა და ფერების შეცვლას აპირებს:

"კლუბს უნდა დაუბრუნდეს ტრადიციული თეთრი და შავი ფერები, მესამე კი, სავარაუდოდ, წითელი იქნება. ლოგოს შეცვლაზეც ვფიქრობთ და მიდის მუშაობა, ოღონდ ეს ახალი სეზონიდან მოხდება".

გუნდი ქუთაისში 3 იანვარს შეიკრიბება და, სავარაუდოდ, თვის ბოლოს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ქუთაისის სტადიონზე ტაბლოს დამონტაჟებას აპირებენ.

ამას გარდა, მალე "ტორპედოს" საპატიო პრეზიდენტი და მეგობართა კლუბიც ეყოლება:

"ამ კლუბში სერიოზული ხალხი, მათ შორის - ბანკირები გაერთიანდებიან. ოთხმა მათგანმა გაწევრიანების სურვილი უკვე გამოთქვა. თანამშრომლობას ვაპირებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთანაც.

ჩვენი სამომავლო გეგმის ნაწილი კერძო სპონსორის მოზიდვაც იქნება. კონტაქტი რამდენიმე ინვესტორთან მაქვს, მათ შორის, ჰოლანდიური "ვიტესის" ერთ-ერთ მფლობელთან, რომელსაც ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად დაველაპარაკებით. მის გარდა, კიდევ არის რამდენიმე პოტენციური პარტნიორი.

ის გვაბრკოლებს, რომ საქართველოში თანხა იხარჯება, მაგრამ ბიზნესი მოგებას ვერ იღებს. ერთხელ შეიძლება ქველმოქმედება გასწიო, თუმცა, ვალდებულებას რომ იღებ, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული უნდა იყო და დიდი ფულიც გქონდეს.

ეს არის გრძელვადიანი ბიზნესი, რომელმაც შეიძლება ათ წელიწადშიც არ მოგცეს მოგება. შესაძლოა, ნერგის ნაყოფს თავად ვერ მოესწრო, მაგრამ შთამომავლობას მაინც უნდა დაუტოვო.

ზუსტად ასე მინდა, რომ სწორი მიმართულებით მუშაობა დავიწყოთ და კარგი საფუძველი დახვდეს იმას, ვინც ჩვენ შემდეგ მოვა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სახელიც შეუცვალეთ კლუბს, რაღა დროს ტორპედოა.
tomas
10:36 23-12-2014
0
ქუთაისის ტორპედოს ფერები უნდა იყოს ქუთაისის დროშის შესაფერისი. ვიკიპედიაში მაინც ჩაიხედეთ! რა წითელი? მწვანე, ყვითელი და ოქროსფერი ფერებია ჩვენს დროშაზე.
ერისკაცი
14:22 22-12-2014
0

სიახლეები პოპულარული