გიორგი დარასელია: ვაჟა ტაბატაძე თბილისის "დინამოში" წავიდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" კომპანია "ვისოლი" რომ დაემშვიდობა, კლუბის მეპატრონე ქალაქის მერია გახდა.

ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფრუიძემ პირველსავე ინტერვიუში პრიორიტეტულად ადგილობრივი კადრების შენარჩუნება გამოაცხადა.

"ყველანაირად ვცდილობთ, რომ საჭირო ფეხბურთელები შევინარჩუნოთ. იყო ლაპარაკი ვაჟა ტაბატაძის წასვლაზე. პირადად მე, როგორც აღმასრულებელი დირექტორი, მაქსიმუმს ვაკეთებ, რათა ეს ბიჭი ქუთაისის "ტორპედოში"დარჩეს. მან იცის, რა პირობებზეა საუბარი. ჩვენ ის შეგვიძლია, რომ ყველაფერი შესაძლებლობის ფარგლებში გავაკეთოთ და დამეთანხმებით, ძალით ვერავის გააჩერებ. რატომ უნდა გვინდოდეს ძლიერი ფეხბურთელების გაშვება?!" - ამბობდა ფრუიძე.

მაგრამ ძალის არ იყოს, აღმართს ფულიც ხნავს.
შევიტყვეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მცველი თბილისის "დინამოში" გადავიდა. დღეისთვის, "ტორპედო" "დინამოს" ფინანსურად კონკურენციას ვერ გაუწევს. ეს ამბავი სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი კლუბების მესვეურთათვის მაგალითი უნდა იყოს - თუ ნიჭიერ ფეხბურთელს ხანგრძლივი კონტრაქტი არ აკავებს, მას ხელს დასტაცებენ და წაიყვანენ.

ტაბატაძე მარჯვენა მცველი გახლავთ. 23 წლის ფეხბურთელი ქუთაისურ გუნდში გია გეგუჩაძის დროს გამოჩნდა და ერთ-ერთი წამყვან მოთამაშედ იქცა. მიმდინარე სეზონში ტაბატაძემ ქუთაისური კლუბის ფორმა უმაღლესი ლიგის 12 მატჩში მოირგო.

"დანიშვნის შემდეგ პირველად სწორედ ვაჟა ტაბატაძეს დაველაპარაკე. თავიდან თითქოს თანახმა იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც თბილისის "დინამოში" წავიდა. სამწუხაროა, მაგრამ როცა ფეხბურთელს უკეთეს პირობებს სთავაზობენ, იქ ვერაფერს გააწყობ", - ეს ქუთაისელთა ახალი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი დარასელია: საბანაძე "ტორპედოსია", მიგინეიშვილთან ჯერ ვთათბირობთ