ვინ არიან ფეხბურთელები, რომლებიც "ზუგდიდს" გააძლიერებენ?

AutoSharing Option
"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია გუნდის ძირითად ბირთვს 5 იანვრისთვის შეკრებს. მანამდე "ბაიას" ბაზაზე ადგილობრივი ფეხბურთელებით შეუდგება სეზონის განახლებისთვის მზადებას. ჯერჯერობით მხოლოდ ერთჯერადი წვრთნებია დაგეგმილი.

შეროზია ახალგაზრდებს ხშირად ენდობა და პირველი ეტაპის დასრულებამდეც სურდა ადგილობრივი რესურსის გამოყენება. საამისოდ, ზუგდიდელთა დამრიგებელმა 30 დეკემბერს საკონტროლო მატჩიც დანიშნა. ის დააკვირდება ფეხბურთელებს, მათ შორის საუკეთესოებს შეარჩევს და ძირითად გუნდში დაიმატებს.

"ეროვნული ჩემპიონატის დაწყება ფორსმაჟორულ ვითარებაში მოგვიხდა და ამის შედეგად, გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. ახლა კი მოსამზადებლად საკმაოდ დიდი დრო გვაქვს და გვსურს, ეს პერიოდი
მაქსიმალურად ეფექტურად ავითვისოთ. ვარჯიშების ადრეულად დაწყებაც ამან განაპირობა. ადგილობრივი კადრების მომზადებას შევუდექით, რომელთა შორის გამორჩეულები ახალი წლიდან ძირითად შემადგენლობას შეუერთდებიან", - ამბობს შეროზია.

სახელმწიფო კლუბების ამბავი მოგეხსენებათ - ფეხბურთელებთან ხანმოკლე კონტრაქტები ფორმდება.

ასეა "ზუგდიდშიც", სადაც ამჟამად ყველა ფეხბურთელს დაუმთავრდა კლუბთან ხელშეკრულება.

აქედან გამომდინარე, საკადრო ცვლილებები გარდაუვალია. სხვათა შორის, ამტკიცებენ, რომ ზუგდიდელები საკმაოდ კარგ შევსებას ელიან. შეროზიას ცვლილებების მონახაზი უკვე აქვს, თუმცა საბოლოო ვარიანტის გამოქვეყნებას დეკემბრის ბოლოსთვის აპირებს, როცა 2015 წლის 5 იანვრისთვის დანიშნულ შეკრებაზე გამოსაძახებელი ფეხბურთელების გვარებს დაასახელებს:

"ცხადია, ახალ მოთამაშეებსაც მოვიწვევთ. ამ ეტაპისთვის 6-7 პერსპექტიულ ფეხბურთელზეა საუბარი. ისინი ჩვენს გუნდს უდავოდ გააძლიერებენ, თუმცა ჯერ მათი ვინაობის დაკონკრეტებას მოვერიდები.

ტრანსფერებზე კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს, რაც დადებით მუხტს გვაძლევს. 12 იანვრიდან უკვე ორჯერად ვარჯიშებზე გადავალთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტადიონს როდის ვეხირსებიტ
ნუკრი კუტალია
17:42 25-12-2014
0

სიახლეები პოპულარული