ფოთის "კოლხეთი" - მილიონერთა ქალაქის გაჭირვებული გუნდი

AutoSharing Option
6 დეკემბერს ფოთის "კოლხეთმა" ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი მე-12 ადგილზე დაასრულა.

ბევრი არაფერი შედეგია, მაგრამ ქართული ფეხბურთის აკვნად წოდებულ ქალაქში ფეხბურთი უყურადღებოდაა მიტოვებული და ამის გათვალისწინებით, გუნდის ასეთი შედეგიც გასაოცარია...

მხოლოდ 300 ათასი?
24 დეკემბერს "კოლხეთის" მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა ფოთელი ფეხბურთელები შეკრიბა და ვარჯიში განაახლა. ფინანსური პრობლემების გამო კლუბი დათა სიჭინავამ და ლუკა გუგუჩიამ დატოვეს. პირველი მათგანი კარიერას ბოლნისის "სიონში" გააგრძელებს, მეორე კი - "ზუგდიდში".

საინტერესო ფაქტია: ფოთში 48 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი შემოსავლების მქონე ქალაქია.
როგორც გვითხრეს, ფოთში 200 მილიონერი ცხოვრობს. ქალაქს 2015 წლის ბიუჯეტში 14 მილიონი ლარი დაუმტკიცეს. ამის ფონზე, გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ "კოლხეთს" მხოლოდ 300-ათასლარიანი დოტაცია ექნება.

ეს იმ დროს, როცა რეგიონული ლიგის ბინადარ ვანის "სულორის" ბიუჯეტი 400 ათასია, ოზურგეთის "მერცხალის" - 300 ათასი, წალენჯიხის "სქურის" კი - 230 ათასი.

შაბათს, 27 დეკემბერს, ქალაქის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ფოთის "კოლხეთის" ხელმძღვანელობა გულშემატკივრებსა და მედიას შეხვდა, პირველი წრე შეაჯამა და სიახლეებსა და პრობლემებზეც ილაპარაკა.

შეხვედრაზე საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მივიდა და "კოლხეთის" ხელმძღვანელობას თანადგომა გამოუცხადა.

სადაც კი ცარიელი მოედანი იყო, ყველგან შევდიოდით...
ზაზა ინაშვილი, "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი:

"სამწუხაროა, რომ "კოლხეთი" დათა სიჭინავამ და ლუკა გუგუჩიამ დატოვეს. ეს იმიტომ, რომ მეტოქეებზე უკეთეს პირობებს ვერ ვთავაზობთ.

ყველამ იცის - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ საკუთარ სტადიონზე ვერ ვთამაშობთ. ამის მიუხედავად, მოვახერხეთ პირველიდან უმაღლეს ლიგაში გადასვლა, რაც ჩვენი ფეხბურთელების, კლუბის ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების ერთიანობის დამსახურებაა.

სამწუხაროდ, ფოთის "კოლხეთმა" უმაღლეს ლიგაში სეზონი არასახარბიელოდ დაიწყო, რადგან ფინანსური მდგომარეობის გამო გუნდი სასურველად ვერ დაკომპლექტდა. თუმცა ბიჭებმა მაინც მოინდომეს, განსაკუთრებით - ბოლო შეხვედრებში და ფოთის "კოლხეთი" გასავარდნ ზონას მოშორდა.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეს წარმატებად არა, მაგრამ დამაკმაყოფილებელ შედეგად ჩაითვალება".

თემურ ბარქაია, ფოთის "კოლხეთის" გენერალური დირექტორი:

"პირველი ლიგიდან მოყოლებული, სად არ გვითამაშია - სამტრედიაში, ქობულეთში, ლანჩხუთში... ფაქტობრივად, სადაც კი ცარიელი მოედანი იყო, ყველგან შევდიოდით. ზოგან სტადიონს ახლობლობა-მეგობრობით გვითმობდნენ, მაგრამ მთლიანობაში, მაინც სერიოზული ხარჯი გვაქვს.

იმ დროს, როცა ფინანსურად გვიჭირს, ლანჩხუთის სტადიონზე დამატებით 1500 ლარს ვიხდიდით და ეს "კოლხეთს" მძიმე ხარჯად აწვებოდა...

გვპირდებიან, რომ წლეულს 300 ათასი ლარით დაგვაფინანსებენ, მაგრამ ასეთი მწირი ბიუჯეტით ფეხბურთელების შენარჩუნება და კლუბის განვითარება ურთულესი საქმეა.

ჩვენთან ყველაფერი "უ"-ზე იწყება - უფულობა, უსტადიონობა, უპირობობა... ასეთ გარემოში, ლოგიკურად, ბოლო ადგილზე უნდა ვყოფილიყავით და კიდევ მიკვირს, უფრო მდიდარ კლუბებს რომ გავასწარით.

რაც მთავარია, ჩვენ მოვიპოვეთ ლიცენზია, რადგან ამ კუთხით ბევრი ვიმუშავეთ. ეს იმ დროს, როცა ლიცენზია ბათუმსა და "სამტრედიას" არ მისცეს.

ახლა გვარების დასახელება არ მინდა, მაგრამ ჩვენს ფეხბურთელებზე მოთხოვნაა და როგორ შევინარჩუნოთ ისინი, როცა სხვები ბევრად მეტს სთავაზობენ? მაგალითად - სიჭინავას. მას შეთავაზება აქვს უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბისგან და მტერი ხომ არ ვარ, ხელი შევუშალო".

კოლხეთი ტრამპლინად გადავაქციოთო...
ბარქაია იმედს არ კარგავს და ფიქრობს, რომ "კოლხეთის" განვითარება მაინც შესაძლებელია:

"დაპირებული 300 ათასით კლუბის სრულყოფილი პროგრესი შეუძლებელია, მაგრამ სეზონს ბოლომდე მივიყვანთ და შემდეგ ვნახოთ...

გარდა ამისა, ფოთის პორტთან გაფორმებული კონტრაქტით, წელიწადში ორჯერ გვიფინანსებენ შეკრებას და ყიდულობენ ეკიპირებას. გაცილებით ნაკლები ბიუჯეტის მქონე ქალაქებიც გვეგულება, რომლებიც გუნდებს მეტ თანხებს ურიცხავს და იმედია, ფოთის ხელმძღვანელობა გვერდში დაგვიდგება.

ამ ყველაფრის მიუხედავად, "კოლხეთის" განვითარებაზე ვფიქრობთ. ამ მიზნით მოვიწვიეთ ნაკრების ექიმი დიმიტრი ზაალიშვილი და ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია, რომელიც სპორტულ დირექტორად დაინიშნა.

ლაშა ცნობილ სააგენტოში მუშაობს და მშვენიერი კავშირები აქვს, რაც ჩვენც წაგვადგება. მის სააგენტოს შეუძლია, ფოთის "კოლხეთს" დიდი საქმე გაუკეთოს".

ლაშა ჯაკობია, ფოთის "კოლხეთის" სპორტული დირექტორი:

"წარმოშობით ფოთელი ვარ, ნახევარი ბავშვობა აქ გავატარე და "კოლხეთზე" გული შემტკივა. ძალიან მიხარია, მას ფეხბურთზე გადამკვდარი ხალხი რომ მართავს, კლუბისთვის გამოყოფილი მწირი თანხებით მაქსიმუმი გააკეთეს.

რამდენ გუნდში მითამაშია, მაგრამ ასეთი გაჭირვება არსად მინახავს. ზოგან 3-4 თვეში უფრო მეტ ხელფასს ვიღებდი, ვიდრე "კოლხეთის" ბიუჯეტია.

რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, ბელგიის ერთ-ერთ სერიოზულ კომპანიასთან ვთანამშრომლობ, რომლის დახმარებითაც ლუკა კიკაბიძე "ბასტიაში" წავიყვანეთ და ახლა კიდევ რამდენიმეზე ვმუშაობთ.

ვფიქრობ, შესაძლებელია, საინტერესო ფეხბურთელები "კოლხეთში" ჩამოვიყვანოთ და ეს გუნდი ევროპულ ფეხბურთში წასასვლელ ტრამპლინად გადავაქციოთ".

ფილიას სამგზის უარი
თემურ ბარქაიამ სტადიონის მშენებლობაზეც ილაპარაკა:

"სტადიონთან დაკავშირებული პირველი ტენდერი ჩავარდა, მეორე - კომპანია "ხიდმა" მოიგო.

მაგრამ მარტო სტადიონის აშენება არ არის საკმარისი, რადგან მშენებლობის დასრულების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, უეფას წარმომადგენლებმაც უნდა ჩაიბარონ და ამ ორგანიზაციის მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. ამიტომ აჯობებს, უეფას სტანდარტები თავიდანვე გაითვალისწინონ, ეს ფული წყალში რომ არ ჩაიყაროს".

"კოლხეთის" გენერალურ დირექტორ ჯაკობიას კითხვა სოსო ფილიასთან დაკავშირებითაც დაუსვეს. გავრცელებული ინფორმაციით, "კოლხეთის" ყოფილი მწვრთნელი გუნდში დაბრუნებას აპირებს:

"ფილიამ განაცხადა, რომ მისთვის არანაირი პოსტი არ შეგვითავაზებია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თავიდან თვითონ მთხოვა და დავთანხმდი, კონსულტანტად ემუშავა. მერე კიდევ ორჯერ გვქონდა შეთავაზება, მაგრამ უარი გვითხრა და პროკურატურაში ჩემზე საჩივარი შეიტანა, რის გამოც 10 საათი დაკითხვაზე ვიმყოფებოდი.

ყველა კითხვას პასუხი კი გავეცი, მაგრამ ბატონი სოსოსგან ამდენი უარი და შემდეგ ასეთი საქციელი მიკვირს. მას თუ ასეთი გამოცდილება აქვს და გუნდის დახმარება უნდა, მოვიდეს და იმუშაოს. "კოლხეთის" დახმარება თუ უნდა, მაინცდამაინც ხელმძღვანელი უნდა იყოს?

ჩვენ ორჯერ დავაბრუნეთ გუნდი უმაღლეს ლიგაში და ასეთ პირობებში კიდევ რა უნდა გავაკეთოთ, რომ შეგვეშვან?"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხომ ხედავთ ,რომ ნებით არ დააფინანსებენ ფეხბურთს მილიონერები?....
zaza
14:16 29-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული