ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელშიც უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ, ასევე, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების თავკაცები, საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად გიორგი პაპუნაშვილი დაასახელეს.
თბილისის "დინამოს" ყოფილი სპორტული დირექტორი ირაკლი ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ პაპუნაშვილის წარმოჩენაში დიდი როლი გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ ითამაშა.
"ვულოცავ გიორგის ამ აღიარებას. მის განვითარებასა და წინსვლაში თავისი წვლილი შეიტანეს კოტე და გუბაზ დოლიძეებმა.
ერთი წლის წინ, როდესაც მალხაზ ჟვანია გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, გარისკა და საჩემპიონო ორთაბრძოლაში ენდო ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს - გიორგი პაპუნაშვილსა და მათე ცინცაძეს, რომელთაც უმაღლეს ლიგაში თამაშის მცირე გამოცდილება ჰქონდათ. მათ თითქმის ყველა თამაშში ძირითად შემადგენლობაში აყენებდა.
პაპუნაშვილს მანამდე არც დუბლებში ათამაშებდნენ და არც - "დინამო 2"-ში".
პაპუნაშვილმა პროფესიონალიზმითა და შრომისმოყვარეობით დაამტკიცა, რომ "დინამოს" ძირითადში თამაშს იმსახურებდა.
აქვე ვიტყვი, რომ გიორგის კონტრაქტი უმთავრდებოდა და უცხოური კლუბებიდან შემოთავაზებები ჰქონდა, მაგრამ "დინამოში" დარჩა, რაშიც დიდი როლი მისი ოჯახის წევრებმა ითამაშეს.
ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ გიორგი სწორედ "დინამოს" შემადგენლობაში დასახელდა საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. ეს ერთი და სხვა მრავალი", - წერს ვაშაკიძე საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"