ზესტაფონის საჩემპიონო მოლოდინი

AutoSharing Option
დღეიდან, საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის შეჯამებას ვიწყებთ და თავდაპირველად, რაღა თქმა უნდა, "ზამთრის ჩემპიონზე", "ზესტაფონზე" ვისაუბრებთ.

ამ სახელწოდებით გუნდი უმაღლეს ლიგაში 2004 წლიდან ასპარეზობს და შესაშური სტაბილურობითაც გამოირჩევა: წინა ექვსი სეზონის განმავლობაში "ზესტაფონი" ხუთეულს ქვემოთ არ ჩამოსულა (ორჯერ მესამე ადგილზე გავიდა, სამჯერ - მეოთხეზე, ერთხელ - მეხუთეზე). სათასო მიღწევებიც არ დაგვავიწყდეს: 2005-2008 წლებში გუნდი ზედიზედ ოთხჯერ გავიდა ფინალში, თუმცა ამ საპატიო პრიზის მოპოვება მხოლოდ ერთხელ მოახერხა.

მოკლედ, უმაღლეს ლიგაში გამოჩენის შემდეგ ყოველი სეზონის დაწყების წინ "ზესტაფონი" მუდამ ერთ-ერთ გამორჩეულ ფავორიტად
მიიჩნეოდა და ამ გუნდის მრავალათასიანი ქომაგები მოუთმენლად ელოდებიან იმ დღეს, ჩემპიონობას რომ იზეიმებენ. ამ სეზონში კი ჯერჯერობით ყველაფერი მართლაც აქეთკენ მიდის: "ზესტაფონმა" პირველი ეტაპი ცხრილის სათავეში მყოფმა დაასრულა და სანუკვარი ოქროს მედლებისთვის, ფაქტობრივად, ნახევარი საქმე გაკეთებული აქვს.

ვიდრე გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებზე და, საერთოდ პირველი ეტაპზე გუნდის ასპარეზობაზე ვისაუბრებდეთ, ის ფაქტორებიც უნდა ვახსენოთ, "ზესტაფონის" ბოლოდროინდელი წარმატებული და სტაბილური ასპარეზობის გარანტად რომ მიგვაჩნია. უპირველესი ფაქტორი, რაღა თქმა უნდა, მყარი ფინანსური გარემოა: უმაღლესი ლიგის იშვიათზე-იშვიათი წარმომადგენელი თუ დაიკვეხნის იმ პირობებით, ამ გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებს რომ აქვთ შექმნილი. ანუ, გუნდების უმრავლესობა, ფაქტობრივად, თუ სეზონის წინ კომპლექტდება (ადგილზე ერთი ან ორკვირიანი შეკრებაც რომ სანატრელია), "ზესტაფონთან" მიმართებაში აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა: გუნდი წელიწადში, სულ მცირე, ორჯერ ჯერ საქართველოში გადის ნაყოფიერ შეკრებას, შემდეგ კი უცხოეთში აგრძელებს მზადებას. თანაც, თითქმის უმეტეს შემთხვევაში, "ზესტაფონი" სპარინგ-პარტნიორებად რომელიმე ქვეყნის მეშვიდე თუ მერვე ლიგის გუნდებს კი არა, ევროპული საზომით ცნობილ კლუბებს ირჩევს.

"ზესტაფონის" ბოლოდროინდელი პროგრესი პირდაპირპროპორციულია საკლუბო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან - კეთილმოეწყო გუნდის საწვრთნელი ბაზა, სტადიონი და მოედნის საფარი; კლუბში უდიდეს ყურადღებას უთმობენ მოზარდებთან მუშაობას და "ზესტაფონის" საფეხბურთო აკადემია ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს მასშტაბით. რაღა თქმა უნდა, გუნდის ერთგული გულშემატკივრებიც უნდა ვახსენოთ: "ზესტაფონის" თითქმის ყველა საშინაო მატჩზე რომ ანშლაგია, ეს აღარავის უკვირს. ისე როგორც ის ფაქტი, როცა გუნდის ერთგული ფანები "ზესტაფონის" გასვლით მატჩებშიც ორგანიზებულად დადიან და მხურვალედ ქომაგობენ ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს და რეალურ ფავორიტს.

დაბოლოს, დაარსების დღიდან გუნდის ამ წარმატებული ასპარეზობის მთავარი შემოქმედიც უნდა ვახსენოთ: "ზესტაფონის" უცვლელი პრეზიდენტი ილია კოკაია ამბიციის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის და სადაც სამართალია, საჩემპიონო ტიტულს ნამდვილად იმსახურებს. ისე, კლუბის პრეზიდენტს თავისი გუნდის ასპარეზობით, შესაძლოა, მუდამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ჰქონდეს, მაგრამ საერთაშორისო და ადგილობრივი მასშტაბითაც საამაყოდ აქვს საქმე:

"ზესტაფონი" ევროტურნირებზეც ღირსეულად ასპარეზობს და საქართველოს ჩემპიონატშიც ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს უჩვენებს.


მწვრთნელი და სატრანსფერო პოლიტიკა
"ზესტაფონის" წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს მწვრთნელის ფაქტორიც: პროლიცენზიის მფლობელი გია გეგუჩაძე საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია; რაც მთავარია, ეს მწვრთნელი მუდამ თანამედროვე ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას და "ზესტაფონის" ფეხბურთელებიც მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი დამრიგებლის დავალებების ეფექტიანად შესრულებას. ამას გარდა, ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ "ზესტაფონის" სათამაშო კრედო მხოლოდ და მხოლოდ შემტევი სტილია და ამიტომაც არ არის გასაკვირი ამ გუნდის შედეგიანი თამაში - ყველაზე მეტი გოლი პირველ ეტაპზე სწორედ გია გეგუჩაძის შეგირდებმა გაიტანეს.

გია გეგუჩაძეს საკმარისი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, მაგრამ დამოუკიდებლად მუშაობის პირობებში ჩემპიონის ტიტული ჯერ არ მოუპოვებია; აქედან გამომდინარე, ამ სეზონში საკმარისზე მეტი მოტივაცია ექნება თავის ფეხბურთელებთან ერთად. სხვათა შორის, გეგუჩაძეს სხვა ინდივიდუალური მიღწევითაც შეუძლია იამაყოს: კოლეგებს შორის უმაღლეს ლიგაში "გადაბმულად" ყველაზე დიდი ხანია, რაც მუშაობს (2008 წლის 1 დეკემბრიდან). ამ ორი წლის განმავლობაში "ზესტაფონის" ძირითადი შემადგენლობა უფრო და უფრო დაბალანსებული და სტაბილური გახდა;

ყოველივე ეს კლუბის გონივრულ სატრანსფერო პოლიტიკაზეც მეტყველებს და ამ მხრივ გამონაკლისი არც პირველი ეტაპი იყო: სეზონის დაწყების წინ გუნდიდან მხოლოდ ორი ფეხბურთელი წავიდა (ლევან კორღალიძე, დავით გამეზარდაშვილი), სანაცვლოდ მატება სოლიდური იყო. გოგა ფიფიას და შოთა ბაბუნაშვილს გამოცდილება და ოსტატობა ნამდვილად არ დაეწუნებათ და ნებისმიერ მომენტში მზად იყვნენ უმტკივნეულოდ შეეცვალათ თანაგუნდელები; აი, კახა ალადაშვილის უკრაინიდან დაბრუნება კი "ზესტაფონსაც" მოუხდა და თვითონ ფეხბურთელსაც, ვინც საქართველოში ჩამოსვლამდე სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდა. ამჟამად კი, ალადაშვილმა მყარად დაიკავა კუთვნილი ადგილი თავისი ახალი გუნდის დაცვის მარჯვენა ხაზზე და ამ ამპლუაში საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოც გახლავთ.


მეკარე
"ზესტაფონის" ერთ-ერთი მთავარი პლუსი გუნდში ორი თითქმის თანაბარი სიძლიერის მეკარის ყოლაც არის: როინ კვასხვაძემ ამ სეზონში ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და საქართველოს ჩემპიონატის გარდა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც არაერთხელ დაადასტურა საკუთარი შესაძლებლობები. ის კი არა, ნამდვილად არ არის შორს ის დღეც, 22 წლის ნიჭიერ მეკარეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზეც სამართლიანი პრეტენზია რომ ექნება. რაც შეეხება "ზესტაფონის" მეორე მეკარეს, ზურაბ მამალაძეს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს და, ნებისმიერ დროს მზად არის, უმტკივნეულოდ შეცვალოს თავისი ახალგაზრდა კოლეგა.


მცველები
გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და უძლიერესი რგოლი დაცვის ხაზია; კახა ალადაშვილზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, და იმავეს ვიტყოდით საპირისპირო ფლანგზე მოასპარეზე ზაალ ელიავაზეც, ვისაც შეტევებში ჩართვაც ხშირად უყვარს. ცენტრალური მცველების "დუეტს" კი უკვე ორი სეზონია გამოცდილი გიორგი ონიანი და ახალგაზრდა გიორგი ხიდეშელი ქმნიან; ონიანი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ხიდეშელს კი, შესაშური ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ძალიან მალე უფრო მეტი ამბიციაც უნდა გააჩნდეს; ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებში მოხვედრა-დამკვიდრება ამ ნიჭიერ მცველს ნამდვილად ხელეწიფება. ზესტაფონის მცველთა ოთხეულიდან თუ ვინმემ ტრავმა მიიღო, ან - დისკვალიფიცირებულია, მაშინ ძირითადში მამუკა კობახიძეს ვხედავთ; 18 წლის მცველი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ უკანახაზელად არის მიჩნეული და უნივერსალიზმითაც გამოირჩევა: ერთნაირი წარმატებით შეუძლია მარჯვენა და ცენტრალურ მცველად ასპარეზობა.


ნახევარმცველები
"ზესტაფონს" საკმაოდ მობილური შუა ხაზი ჰყავს, სადაც ერთი-მეორეზე უკეთესი ინდივიდუალისტებიც არიან, შეტევის წამომწყებნიც და "ჩამშლელებიც". ერთი შეხედვით, "ზესტაფონს" გამოკვეთილი ფლანგის ნახერვამცველები არა ჰყავს (სამაგიეროდ, ფლანგის მცველებს აქვთ დიდი სივრცე დათმობილი), მაგრამ ამ გუნდის სხვებთან უპირატესობა ხომ სწორედ "დაწესებული დოგმებზე" უარის თქმაა.

ყველაზე შემტევი გუნდიაო, ზემოთ ვახსენეთ და სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან გუნდში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც თორნიკე აფციაური და შოთა გრიგალაშვილია (შოთა ბაბუნაშვილზე და გოგა ფიფიაზე უკვე ვისაუბრეთ). გარკვეულ მიზეზთა გამო პირველ ეტაპზე საკუთარი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა ირაკლი ძარიამ, სამაგიეროდ უკვე მეორე სეზონია ჩინებულ შთაბეჭდილებას ტოვებს ახალგაზრდა და აზრიანი ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი; ნურც ალექსი ბენაშვილს დავივიწყებთ - 21 წლის უნივერსალი (დაცვის მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში და ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე) გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრია.

ცალკე გვინდა "ზესტაფონის" კიდევ ერთ ახალგაზრდა ნახევარმცველზე ვისაუბროთ: ბუბა დაუშვილიც 21 წლის არის და მხოლოდ თავის გუნდში კი არა, საერთოდ, ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ყოველ შემთხვევაში, "საყრდენის" ამპლუაში ჩვენთან, უდავოდ, საუკეთესოა და სასიხარულოა, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭმა საკუთარი შესაძლებლობები უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც დაამტკიცა.


თავდამსხმელები
პირველი ეტაპის შემედგ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ორი ფეხბურთელი ლიდერობს და ორივე "ზესტაფონის" წევრია: ნიკოლოზ გელაშვილი და რატი წინამძღვრიშვილი. გელაშვილისგან მსგავსი მიღწევა გასაკვირი ნამდვილად არ არის - უკვე რამდენიმე წელიწადია, ეს ნიჭიერი ფორვარდი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, თანაც, ვერავინ იტყვის, რომ ტიპური ცენტრფორვარდიაო - საქართველოს ნაკრებშიც ხომ ხშირად ფლანგებზე ათამაშებდნენ ხოლმე.

გელაშვილმა განსაკუთრებით შთამბეჭდავად ნოემბერი-დეკემბრის "მონაკვეთი" ჩაატარა და სამართლიანადაც მივიჩნიეთ ამ პერიოდის საუკეთესო ფეხბურთელად. გელაშვილმა მეტოქეთა კარში 10 გოლი გაიტანა, იმდენივე მოახერხა 22 წლის რატი წინამძღვრიშვილმაც, მაგრამ ამ უკანასკნელს მართლაც უნიკალური შედეგი აქვს: 14-დან მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო ძირითადში, დანარჩენ შემთხვევებში კი შეცვლაზე შემოდიოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, დროის მოკლე პერიოდში ახერხებდა გოლების გატანას და უფრო მეტიც - შეცვლაზე შემოსულმა ზედიზედ სამჯერ "დუბლიც" შეასრულა.

"ზესტაფონისთვის" საკვანძო კი არა, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელია ჯაბა დვალი - ამ ტექნიკურ ფორვარდს გოლების გატანაც ეხერხება და პარტნიორებსაც ძალიან ხშირად ჩინებულ ასისტენტობას უწევს.


"ზესტაფონის" ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
II ტური დინამო-ზესტაფონი 2:1
III ტური ზესტაფონი-სპარტაკი 4:0
IV ტური ზესტაფონი-ოლიმპი 1:0
V ტური ბაია-ზესტაფონი 2:1
I ტური ზესტაფონი-ტორპედო 2:1
VI ტური ზესტაფონი-კოლხეთი 2:0
VII ტური სამტრედია-ზესტაფონი 1:3
VIII ტური სიონი-ზესტაფონი 1:3
IX ტური ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 0:2
X ტური ტორპედო-ზესტაფონი 1:0
XI ტური ზესტაფონი-დინამო 0:1
XIV ტური ბაია-ზესტაფონი 1:3
XII ტური სპარტაკი-ზესტაფონი 1:1
XIII ტური ოლიმპი-ზესტაფონი 1:0
XV ტური კოლხეთი-ზესტაფონი 0:2
XVI ტური ზესტაფონი-სამტრედია 7:0
XVII ტური ზესტაფონი-სიონი 4:0
XVIII ტური ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 3:0

მეკარეები: როინ კვასხვაძე-18, ზურაბ მამალაძე-0;
მცველები: გიორგი ონიანი-18 (1 გოლი), ზაალ ელიავა-18, კახა ალადაშვილი-14 (2), გიორგი ხიდეშელი-13, მამუკა კობახიძე-6
ნახევარმცველები: თორნიკე აფციაური-18 (3), შოთა გრიგალაშვილი-17,(2), ბუბა დაუშვილი-16 (2), შოთა ბაბუნაშვილი-16, ალექსი ბენაშვილი-14, თორნიკე გორგიაშვილი-12 (1), ირაკლი ძარია-12 (1), გოგა ფიფია-11.
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი-18 (10), ჯაბა დვალი-17(7), რატი წინამძღვრიშვილი-14 (10)
შენიშვნა: ფეხბურთელების სტატისტიკური მონაცემები აღებულია საიტიდან "soccerway".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფოტო: ბადრი კეთილაძე



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული