დავით მუჯირი: "სამტრედიაში" ცხადაძისა და სალუქვაძის დამატება ჭორია

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "სამტრედიამ" საშემოდგომო ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა, "დინამოსთან" ერთად მაინც ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება.

კლუბის სპორტული დირექტორის, დავით მუჯირის თქმით, გუნდი შეკრებას 8 იანვრიდან განაახლებს:

"შესვენება დიდხანს გრძელდებოდა და ფეხბურთელები ტონუსიდან რომ არ ამოვარდნილიყვნენ, დეკემბრის ბოლო დღეებში ისინი თბილისში შევკრიბეთ და მსუბუქად დავტვირთეთ. 8 იანვრიდან კი სრულფასოვან მომზადებას შევუდგებით.

15-25 იანვარს ურეკში მოვემზადებით, 28 იანვრიდან 10 თებერვლამდე კი წვრთნას გავაგრძელებთ თურქეთში, სადაც საკონტროლო შეხვედრებსაც ჩავატარებთ".

მუჯირმა საკადრო ცვლილებებზეც გვითხრა:

"ქებაძეს, გედენიძეს, ჯანელიძესა და პავლიაშვილს კონტრაქტები დაუმთავრდათ და
მათ დავემშვიდობეთ.

იჯარის ვადა ამოეწურა ლეონარდო რამოსსაც, რომლის დაბრუნება ხაბაროვსკის "სკა ენერგიამ" ითხოვა. ასე რომ, ის ჩვენთან აღარ ითამაშებს.

კონტრაქტი კი ჰქონდა, მაგრამ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დავშორდით აკაკი დვალიშვილს.

გორის "დილას" აინტერესებდა გიორგი მელქაძე. მას "სამტრედიასთან" კონტრაქტი აკავშირებს და მისი გადასვლა ჯერ არ არის გადაწყვეტილი".

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, "სამტრედია" აზერბაიჯანული "ინტერის" ფეხბურთელების - საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ბაჩანა ცხადაძისა და ლაშა სალუქვაძის დამატებას აპირებდა. მუჯირს კომენტარი ამაზეც ვთხოვეთ:

"ჩვენ ჯერ მხოლოდ ორ ფეხბურთელთან გავაფორმეთ კონტრაქტი - დავით ბოლქვაძესა და რევაზ თევდორაძესთან.

რაც შეეხება ლაშა სალუქვაძეს, დეკემბერში მან "სამტრედიაში" ფორმის შესანარჩუნებლად ივარჯიშა. ასეთი დონის მოთამაშე ჩვენებთან ერთად რომ ვარჯიშობს, ეს ბიჭებისთვის დიდი სტიმულია და უარს ხომ არ ვეტყოდით? მაგრამ ამის იქით ჩვენი ურთიერთობა არ წასულა.

იმავეს ვიტყვი ცხადაძეზეც, მას ჩვენთან არც უვარჯიშია და მოლაპარაკებაც არ გვქონია.

ორივეს "ინტერთან" კონტრაქტი აკავშირებს და "სამტრედიაში" მათ ჩარიცხვაზე გავრცელებული ხმები თითიდანაა გამოწოვილი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ზესტაზეც დაწერეთ რამე გაგაგვაგებიეთ რახდება :(
giorgi
12:14 05-01-2015
0
ზესტაზე რაც დაიწერა, იმდენი არცერთ კლუბზე არ დაწერილა. ეტყობა ახალი არაფერია და რა დაწერონ. ისე, არ უნდა იყოს ამ გუნდის საქმე მთლად კარგად.
sazanski
12:24 05-01-2015
0

სიახლეები პოპულარული