ქართული გუნდებიდან ერთ-ერთი პირველი "სპარტაკი" იყო, მეორე წრისათვის მზადება რომ დაიწყო: კახა კაჭარავამ თავისი შეგირდები 20 დეკემბერს შეკრიბა. მერე იყო სამდღიანი საახალწლო შესვენება და 3 იანვრიდან გუნდი თბილისში აგრძელებს მომზადებას.
მზადების ეს ეტაპი 28 იანვრამდე გაგრძელდება, შემდეგ კი გუნდი თურქეთში, კერძოდ, ქალაქ სიდეში გაემგზავრება და შეკრებას იქ გაივლის.
უკვე ცნობილია "სპარტაკის" სპარინგ-პარტნიორებიც. როგორც კლუბის პრესატაშე დავით ცაბაძემ გვაცნობა, კახა კაჭარავას გუნდი 1-ელ თებერვალს პოლონეთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, "შლიონსკს"
ახლა კი, რაც შეეხება "სპარტაკის" სატრანსფერო სიახლეებს: "ლელო" უკვე წერდა, რომ "სპარტაკი" დატოვა გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა, 24 წლის პლეიმეიკერმა გიორგი თექთურმანიძემ (გორის "დილაში" გადავიდა); "სპარტაკთან" კონტრაქტი დაუმთავრდათ ასევე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს - 35 წლის ცენტრალურ მცველ რევაზ ქემოკლიძესა და 21 წლის საყრდენ ნახევარმცველ მერაბ გიგაურს.
"სპარტაკი" ასევე დატოვეს 19 წლის თამაზ მაქაცარიამ და 24 წლის გიორგი სეფიაშვილმა. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფეხბურთელის, 24 წლის უნივერსალის (ერთნაირი წარმატებით რომ შეუძლია დაცვისა და ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე თამაში) გივი იოსელიანის საკითხიც; როგორც შევიტყვეთ, არ არის გამორიცხული, რომ იოსელიანი კვლავაც უნგრეთში დაბრუნდეს.
რაც შეეხება მატებას, სელექცია ჯერ არ დასრულებულა და თურქულ შეკრებამდეც "სპარტაკში" არაერთი ახალწვეული გამოჩნდება. მანამდე კი ჯერჯერობით მხოლოდ ორი ახალი "სახეა" გუნდში: 20 წლის ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა პირველ ლიგაში მოასპარეზე "გაგრადან" გადმოვიდა; ასევე "გაგრაში" გამოდიოდა 21 წლის შემტევი ნახევარმცველი რატი ცაცქრიალაშვილი, რომელიც "სპარტაკში" იჯარით იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველი წრე "სპარტაკმა" მართლაც რომ წარმატებულად ჩაატარა და ზამთრის პაუზას IV ადგილზე შეხვდა. ამას გარდა, "სპარტაკი" თასზეც აგრძელებს ასპარეზობას და სეზონსაც სწორედ სათასო მეოთხედფინალური მატჩით ("ვიტ ჯორჯიასთან") განაახლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"