ფოთელებმა ქალაქის ცენტრალური სტადიონის სათადარიგო მოედანზე განაახლეს ვარჯიში.
ცნობილია, რომ გუნდი დათა სიჭინავამ და ლუკა გუგუჩიამ დატოვეს. რაც შეეხება შევსებას: არახალია, რომ ამ გუნდში თამაში ცხინვალის "სპარტაკის" საყრდენმა ნახევარმცველმა მერაბ გიგაურმა გადაწყვიტა. მის გარდა, ფოთელთა ახალმა სპორტულმა დირექტორმა ლაშა ჯაკობიამ "კოლხეთში" თამაშზე ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელები - ცენტრალური მცველი ალეკო ჩაკვეტაძე და თავდამსხმელი ლევან შენგელიაც დაითანხმა. ისინი გუნდს მალე შეუერთდებიან.
სულ ბოლო
ამის გათვალისწინებით, შემთხვევითი არ არის, რომ "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი მეორე წრეში გუნდისგან ღირსეულ თამაშს იმედოვნებს, თუმცა, იქვე დასძენს, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წელს გამოყოფილი 300 ათასი ლარი გუნდს პირველ ნახევარში თუ ეყოფა.
ინაშვილს იმის იმედიც აქვს, რომ "კოლხეთს" დაფინანსებას გაუზრდიან.
იანვარში ფოთელები ოთხ საკონტროლო შეხვედრას გეგმავენ - 18 იანვარს ზუგდიდში "ლაზიკასთან", 21 იანვარს ურეკში - ლანჩხუთის "გურიასთან", 23 იანვარს მარტვილში - "მერანთან", ხოლო 25 იანვარს ურეკში - "სამტრედიასთან".
თვის ბოლოს გუნდი თურქეთში შეკრების მეორე ეტაპის ჩასატარებლად გაემგზავრება. შეკრებას ფოთის პორტი უზრუნველყოფს, რომელიც კონტრაქტის თანახმად, კლუბს წელიწადში ორჯერ უფინანსებს შეკრებას და ეკიპირებასაც ყიდულობს.
შევიტყვეთ, რომ ფოთის "კოლხეთი" კვლავ "უმბროს" ფორმებით შეიმოსება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"