ზუგდიდი-კოლხეთი 1:1 - მეგრული ზავი ზუგდიდში

AutoSharing Option
"ბაიას ბაზაზე" "ზუგდიდმა" სპარინგ-მატჩში ფოთის "კოლხეთი" მიიღო. მასპინძელთა დამრიგებელმა ბესიკ შეროზიამ თავის გამოჩენის შანსი ყველა ფეხბურთელს მისცა. მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშეს გიორგი პაჭკორიამ, შოთა ლომიამ და ლუკა კობერიძემ.

უფრო სერიოზული დანაკლისი იყო ფოთელთა შემადგენლობაში - მათ მეკარე კოკა სეფიაშვილი, ალეკო ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე, ომარ გოგონაია, გიორგი კილასონია და გიორგი ლემონჯავა დააკლდათ.

სტადიონზე საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მივიდა, თან მატჩმაც მოლოდინი გაამართლა. პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, საგოლე მომენტებიც მრავლად შექმნეს, მაგრამ ფოთელთა მეკარე ლაშა ძაგანია საიმედოდ იდგა: მან ორჯერ ირაკლი
ქობალიას
სახიფათო დარტყმა მოიგერია, შემდეგ ლუკა გუგუჩიასა და ლევან კუტალიასაც აჯობა; პირველი ნახევრის მიწურულს კი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, როცა იმავე ქობალიამ საჯარიმო ხაზთან დანიშნული ჯარიმა შეასრულა.

აქედან გამომდინარე, ალოგიკური იყო, რომ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს: 27-ე წუთზე ზუგდიდელთა კარის სიახლოვეს ჯარიმა დაინიშნა - მერაბ გიგაურმა ძლიერად დაარტყა, რაც მინდია ბობღიაშვილმა კი მოიგერია, თუმცა... ბურთმა კარის ხაზი მაინც გადაკვეთა - 0:1.

მეორე ტაიმში ფოთელთაგან ნიკა სიჭინავა, გიგაური და ალექსანდრე ქორჩილავა გამოირჩეოდნენ. შეროზიამ კი "ზუგდიდში" თითქმის ყველა ფეხბურთელი შეცვალა.

მასპინძლები კვლავ აქტიურობდნენ, სახიფათოდ უტევდნენ ირაკლი ეხვაია და დათა რიგვავა. ძაგანიამ ფოთელები გოლისგან კიდევ ერთხელ იხსნა, როცა მასთან პირისპირ ლაშა კუკავა დარჩა. ზუგდიდელთა შემტევმა თავში ბურთი იმდენად ძლიერად მოარტყა მეკარეს, ამ უკანასკნელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა...

მასპინძლებმა წონასწორობა შეხვედრის ბოლოსღა აღადგინეს. აკაკი ფარჯიკიას მიერ შესრულებული "სტანდარტულიდან" ბურთი "ცოცხალ კედელს" მოხვდა, დამატებაზე კი ცოტნე სამუშიამ ივარგა, თავურით გააგზავნა კარში და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ღონღაძე, ნარმანია, მეგრელიშვილი, ტყემალაძე, კუტალია, ენდელაძე, წურწუმია, გუგუჩია, ქობალია; შეცვლაზე: ივარდავა, რიგვავა, აკობია, დ. ქირია, თიბილაშვილი, ახალაია, ფარჯიკია, ბულია (თუთბერიძე), ეხვაია, კუკავა, სამუშია.
კოლხეთი: ძაგანია, თ. კაკულია, ლ. კაკულია, თევზაძე, ჩადუნელი, ჟიშკარიანი, ბარამიძე, გიგაური, შენგელია, ქორჩილავა, სიჭინავა; შეცვლაზე: გვალია, გაბისკირია.

მომდევნო სპარინგს ზუგდიდელები ისევ "ბაიას ბაზაზე", ამჯერად ბათუმის "დინამოსთან" გამართავენ, ხოლო ფოთელები 23 იანვარს მარტვილში "მერანს" დაუპირისპირდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინ ნახა და ვინა არა თამაში არ ვიცი, მაგრამ ფოთს რომ აშკარად ზუგდიდმა აჯობა ყველამ ვნახეთ და საეჭვო რაა ამაში?
dato
16:37 23-01-2015
0
მერაბ, როცა თამაში არ გინახავს, როგორ წერ ვისი უპირატესობით წარიმართა მატჩი....თუ მხოლოდ ერთი მხარის ინფორმაციას ენდობი, ეს ნამდვილად არაა ობიექტური გაშუქება, რაც შენ არ უნდა გესწავლებოდეს.
0

სიახლეები პოპულარული