ქობულეთის "შუქურამ" მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო და პირველივე ტრანსფერით გაგვაკვირვა - ორწლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი კახა მჟავანაძე.
"ბოლო წლებია, რაც კახას ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ თამაშის ისეთი ჟინი აქვს, მისი დაბრუნება საჭიროდ ჩავთვალეთ. რომ იცოდეთ, საქმეს სერიოზულად უდგება, მისით კმაყოფილები ვართ და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება.
ასე რომ, იმედია, მეორე წრეში თავისი გამოცდილებითა და კლასით "შუქურას" დაეხმარება", - ამბობს ქობულეთური კლუბის დირექტორი რევაზ ჩელებაძე.
შეგახსენებთ, რომ მჟავანაძემ კარიერა სწორედ "შუქურაში", 1994 წელს დაიწყო. მერე
..."შუქურამ" კი ამასობაში სეზონისთვის მზადება განაახლა. ჩელებაძეს კომენტარი ამის თაობაზეც ვთხოვეთ:
"ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა ბიჭები 10 იანვარს შეკრიბა. ამჟამად, გუნდი ქობულეთში ემზადება.
პირდაპირ ვიტყვი, რომ სერიოზული საკადრო ცვლილებები წინასწარ გამოვრიცხეთ, რადგან გუნდისთვის შემადგენლობის სტაბილურობა ძალიან ბევრს ნიშნავს. სულ რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა და რამდენიმეც დავიმატეთ: დავემშვიდობეთ ლევან კუტალიასა და ბრაზილიელ ლუკასს.
მჟავანაძის გარდა, რუსთავის "მეტალურგიდან" მოვიწვიეთ ახალგაზრდა მცველი ირაკლი ხუჭუა - ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია და ნიჭიერი ბიჭია. მომწონს ქუთაისის "ტორპედოს" დუბლშემადგენლობიდან მოსული ახალგაზრდა ბაქარ ღვალაძეც, რომელიც შემტევი ნახევარმცველია.
დაგვიბრუნდა მეკარე აზამათ ჯიოევი და უკვე გუნდთან ერთადაც ვარჯიშობს".
ქობულეთელთა თავკაცი კლუბის ბიუჯეტზეც გველაპარაკა:
"ჩვენ სახელმწიფო თანხებს ვხარჯავთ. როცა სახელმწიფო ფულს განდობს, თითოეულ თეთრს უნდა გაუფრთხილდე და ყველა წვრილმანზე დაფიქრდე, რათა რაც შეიძლება ეფექტურად და გუნდისთვის სასარგებლოდ გამოიყენო.
ჩვენ სეზონის დასრულებამდე 500 ათასი ლარი გვაქვს, 240 ათასსაც ველოდებით. მერე კი, იმედია, დამატებით დაფინანსებასაც მივიღებთ - აჭარაში ფეხბურთს მიხედეს და მე მთავრობის იმედი მაქვს".
ჩელებაძის თქმით, "შუქურა" უცხოურ შეკრებას 30 იანვრიდან გეგმავს:
"თურქეთში, კერძოდ, ბელექში გავემგზავრებით და საქართველოში 10 თებერვალს დავბრუნდებით. შეკრების ორგანიზატორებმა საკონტროლო შეხვედრების გეგმაც გადმოგვცეს.
სულ 4 სპარინგია გათვალისწინებული. მეტოქეების ვინაობაც გარკვეულია: 3 თებერვალს ერთ-ერთ მაკედონიურ კლუბს ვეთამაშებით, 5 თებერვალს - მოლდოვურ "ტირასპოლს", 7 თებერვალს - ყაზახეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს, ხოლო ბოლო მატჩს 8 თებერვალს, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" დუბლშემადგენლობასთან გავმართავთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"