ახალი ესპანელი "დინამოში" - მანუელმა "ოსასუნასთან" კონტრაქტი გაწყვიტა

AutoSharing Option
26 იანვარს თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. კახა გოგიჩაიშვილის გუნდი ანტალიაში, სასტუმრო Susesi Luxury Resots-ში დაბინავდა. "დინამოს" თურქული შეკრება 10 თებერვლამდე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი ხუთ საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს.

"დინამოს" პირველი სპარინგი ხვალ ექნება ავსტრიულ "შტურმთან", 30 იანვარს უკრაინულ "ვორსკლას" დაუპირისპირდება, 3 თებერვალს - ჩეხეთის "სპარტას", 6 თებერვალს - სლოვენიურ "დომჟალეს", 9 თებერვალს კი - უკრაინულ "ილიჩევეცს".

შეგახსენებთ, რომ თურქეთში გამგზავრებამდე "დინამომ" ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე: სტუ-ს 12:0 მოუგო,
"ვიტ ჯორჯიას" კი - 1:0.

ამ ორ საკონტროლო მატჩში კახა გოგიჩაიშვილმა რამდენიმე პოტენციური ახალწვეული ათამაშა და ორის გარდა, ყველა დანარჩენი "დინამოსთან" ერთად გაემგზავრა თურქეთში. ეს ორი "დაწუნებული" კი "გაგრას" ყოფილი ფორვარდი ჯონი ჯერემია და ბრაზილიელი მარცხენა მცველი ალბერტუ ტაილანი გახლავთ.

"დინამო" ანტალიაში 24 ფეხბურთელით გაემგზავრა, თუმცა, როგორც ადრეც ვწერდით, თურქულ შეკრებაზე უნდა ველოდოთ ახალწვეულთა გამოჩენას. ახლა კი თურქეთში გამგზავრებულ ფეხბურთელთა სიაც:

მეკარეები: ლიბორ ჰრდლიჩკა, ნიკა დაუშვილი, გიორგი კულუა;
მცველები: ვაჟა ტაბატაძე, ოთარ კაკაბაძე, ნიკა ჭანტურია, გიორგი გველესიანი, რენე ფერეირა, სტეფან ბუკორაცი, ლაშა თოთაძე, ლაშა შერგელაშვილი, ზურაბ ჯაფიაშვილი;
ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე, ჯაბა ჯიღაური, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჯანელიძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, გუგა;
თავდამსხმელები: გიორგი ჩირგაძე, ჯაბა უგულავა, ბექა მიქელთაძე.

ამ სიაში ერთი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც "დინამოს", ფაქტობრივად, თურქეთში გამგზავრების წინ შეუერთდა: 22 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი რენე ფერეირა, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში "ზესტაფონის" შეუცვლელი ფეხბურთელი გახლდათ.

რენე ფერეირა იმერულ კლუბში იაპონიიდან ("კავასაკიში" თამაშობდა) გადმოვიდა და საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა (2013/14 წლების სეზონში) სწორედ "დინამოსთან" ჩაატარა.

სხვათა შორის, იმ მატჩში "ზესტაფონის" იმდროინდელმა მთავარმა მწვრთნელმა რატკო დოსტანიჩმა რენე ფერეირა საყრდენ ნახევარმცველად დააყენა, თუმცა ამის მერე ბრაზილიელმა მყარად დაიმკვიდრა ადგილი "ზესტაფონის" დაცვის ცენტრში და საერთოდაც, გამორჩეულად ჩაატარა ის ჩემპიონატი - იმ სეზონის დასრულების მერე "ლელომ" რენე ფერეირა "საუკეთესო ლეგიონერისა" და "საუკეთესო მცველის" ნომინანტებს შორის დაასახელა.

სულ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში რენე ფერეირამ "ზესტაფონის" მაისურით უმაღლეს ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა (1 გოლი).

რენე ფერეირას გარდა, "დინამოს" სხვა უცხოელი ახალწვეულიც ეყოლება: ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გუნდის, "ოსასუნას" აწ უკვე ყოფილი ფორვარდი მანუელი (მანუელ ონვუ ვილაფრანკა). 185 სმ სიმაღლის თავდამსხმელი (მამა - ნიგერიელი ჰყავს, დედა - ესპანელი) 27 წლის გახლავთ და 2012 წლამდე ესპანეთის ქვედა დივიზიონებში ასპარეზობდა. 2011/12 წლების სეზონიდან ამა წლის იანვრამდე კი "ოსასუნაში" გამოდიოდა და პრიმერადივიზიონში 22 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული.

წინა სეზონში "ოსასუნამ" წარუმატებლად იასპარეზა და სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა; ნოვარული გუნდის ახალი თავკაცი, ცნობილი პოლონელი სპეციალისტი იან ურბანი კი მანუელს ნაკლებად ენდობოდა: "დინამოს" ახალწვეულს 9 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოუწია ძირითადში გამოჩენა, დანარჩენ შემთხვევებში კი შეცვლაზე შემოდიოდა ხოლმე (სულ 1 გოლი მიმდინარე სეზონში).

აღსანიშნავია, რომ სეგუნდა დივიზიონის უკანასკნელ ტურში, 25 იანვარს რომ გაიმართა, მანუელი შეცვლაზე შევიდა და ბოლო 10 წუთი ითამაშა "ბარსელონა 2"-თან მოგებულ მატჩში; აი, უკვე მეორე დღეს (ანუ გუშინ, 26 იანვარს) კი "ოსასუნას" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მანუელმა "ოსასუნასთან" 2015 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტი გაწყვიტა და "დინამო თბილისში" გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ზაფხულიდან 2014 წლის 12 დეკემბრამდე "დინამო თბილისში" არაერთ ესპანელს უთამაშია: ჩისკოს, მიკელ ალვაროს, კარლეს კოტოს, ალბერტ იაგუეს, ანდრეუ გერაუს, უსტარიცს, რაფა ჯორდას; 2011/12 წლების სეზონის პირველ ნახევარში კი "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Meti raga gindat 2 brazilielebi 1 serbi 1 slovaki meti raga gindat vaaaa
brato
11:49 28-01-2015
0
Raul-ს. არა ბიჭო და საქართველოს ჩემოიონატში ნეგრედო არ ჩამოვიდეს უცებ რა. ჩამოდის იმ დონის ფეხბურთელი, რა დონის ჩემპიონატიც გვაქვს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული