უკრაინაში სხვა ფეხბურთს ვარ შეჩვეული... ტროიანოვსკიმ ტემპიც დაგვიწუნა და მოძრაობაც

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" დონეცკის "მეტალურგის" დუბლშემადგენლობიდან 21 წლის ნახევარმცველი ევგენი ტროიანოვსკი ჩამოიყვანა, რომელიც გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ტროიანოვსკიმ დონეცკის "მეტალურგის" რიგებში უკრაინის პრემიერლიგის 7 მატჩი ჩაატარა. 2014 წლის ზამთარში დონეცკელებმა ის იჯარით ალჩევსკის "სტალში" გაუშვეს, ზაფხულში კი ძირითად გუნდში დააბრუნეს, მაგრამ მიმდინარე სეზონში მაინც დუბლებში ათამაშებდნენ.

ახალგაზრდა უკრაინელი იყო ქვეყნის 19-წლამდელთა (5 მატჩი) და ახალგაზრდული ნაკრებების (3 მატჩი) წევრი.

ევგენი ტროიანოვსკის "ლელომ" რამდენიმე კითხვით მიმართა. ცხადია, ჯერ იმით დავინტერესდით, რა მიზნით მოაშურა საქართველოს.

"საქართველოში სათამაშო პრაქტიკისთვის ჩამოვედი. "მეტალურგის" ძირითადში
თამაში არ მიწევდა, დუბლებში გამოსვლა კი აღარ მსურდა. საქართველოში ჩამოსვლა რომ შემომთავაზეს, იდეა მომეწონა. უმაღლეს ლიგაში თამაში მაინც ბევრს ნიშნავს", - ამბობს ტროიანოვსკი.

უკრაინელმა "ჩიხურაზე" პირველი შთაბეჭდილებაც გაგვიზიარა:

"საკმაოდ კარგი კოლექტივია. თანაგუნდელები კარგად დამხვდნენ და ბიჭებს იოლად შევეგუე. სულ ორჯერ ვივარჯიშე და ჯერ გამიჭირდება იმის თქმა, რა დონის გუნდია "ჩიხურა". მალე შეკრებაზე მივემგზავრებით, შევთამაშდები და ახალ გუნდზე უფრო ზუსტი წარმოდგენა შემექმნება".

ტროიანოვსკი არ მალავს, რომ ქართული ფეხბურთის მინუსები თვალში უცებ მოხვდა:

"დასამალი არაა, რომ აქ ისეთი სავარჯიშო პირობები არ არის, როგორც უკრაინაში - ამ კუთხით, საკმაოდ ჩამოგვრჩებით. რაც ვიცი, მაგარი პირობები მხოლოდ თბილისის "დინამოს" აქვს.

არც ის იქნება თქვენთვის სიახლე, უკრაინის ჩემპიონატში რომ ბევრად მაღალი ტემპია და მეც ასეთ თამაშს ვარ შეჩვეული.

ორმხრივ ვარჯიშზე აქაურ სისწრაფეებთან შეგუება გამიჭირდა. აქ სხვა ფეხბურთია, უყვართ ბურთის გორება, ტემპიც შედარებით დაბალია და მოძრაობაც.

მაგრამ ეს ჯერ ვარჯიშებია, საკონტროლო შეხვედრაში სხვა თამაშს ველოდები".

21 წლის ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ საქართველოში თამაში მაინც წაადგება:

"უმაღლეს ლიგაში გამოსვლის პრაქტიკა ყოველთვის კარგია. მეგობრები მეუბნებიან, რომ, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში თამაში მაინც ძნელია.

ჩემი მიზანია, ზაფხულამდე ფორმა შევინარჩუნო და უკრაინაში კარგ მდგომარეობაში დავბრუნდე.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ჩიხურაში" ზაფხულამდე ვითამაშებ. ახლა კლუბთან ბოლო დეტალებს ვათანხმებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
არასდროს ვაკრიტიკებდი აქ ჟურნალისტებს მაგრამ ასეთი შეცდომა მეტისმეტია
dato
17:22 28-01-2015
0
ცოტახანი დაიცადე, და 20 წლის ფორვარდიც გახდება ეს. ამათი ჟურნალისტობა არ გაიშვა არსად
dato's
08:16 28-01-2015
0

სიახლეები პოპულარული