გორის "დილა": ძარია გადაწყდა, სერბსა და ბრაზილიელს ჯერ თურქეთში ნახავენ

AutoSharing Option
გორის "დილა" 28 იანვარს, საღამოს, თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. უჩა სოსიაშვილის გუნდი სამეზობლოში რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს.

გორელთა თურქული განრიგი ასეთია: 31 იანვარს ისინი სომხურ "შირაქს" დაუპირისპირდებიან, 3 თებერვალს მათი მეტოქე უკრაინული "ჰოვერლა" იქნება, 6 თებერვალს შვეიცარიულ "იანგ ბოიზთან" მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა, შემდეგ კი - პოლონურ "იაგელონიასთან".

როგორც გორელთა მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, გადაწყდა, რომ სეზონის მეორე ნახევარში გუნდის ღირსებას ირაკლი ძარია დაიცავს. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი პერმის "ამკართან" ერთად იყო შეკრებაზე, მაგრამ ტრავმა მიიღო და გარიგება ვერ შედგა.

ფოთის საფეხბურთო
სკოლის 26 წლის აღზრდილს აქამდე "კოლხეთში", "ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოში" უთამაშია. ამას გარდა, ძარიამ საქართველოს ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

სოსიაშვილმა ასევე დაგვიდასტურა ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გორელებს თურქულ შეკრებაზე ორი ლეგიონერი ჩააკითხავთ: ერთი - სერბი მცველია, მეორე კი ბრაზილიელი თავდამსხმელი. გუნდში მათი დარჩენა-არდარჩენის საკითხი საკონტროლო შეხვედრების შემდეგ გადაწყდება. ამ ეტაპზე სოსიაშვილმა თავი შეიკავა პოტენციურ ლეგიონერთა დაკონკრეტებისგან.

კლუბის პრესსამსახურმა მოგვაწოდა იმ მოთამაშეთა სია, რომლებიც თურქულ შეკრებაზე გაემგზავრნენ:

მეკარეები: სომხიშვილი, მიგინეიშვილი, მარიამიძე; მცველები - კვახაძე, ხიდეშელი, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე, ხურცილავა, სამხარაძე; ნახევარმცველები: რაზმაძე, ფალავანდიშვილი, გვალია, კურმაშვილი, მელქაძე, ჭეჭელაშვილი, კვეკვესკირი, თექთურმანიძე, სეთურიძე; თავდამსხმელები: მოდებაძე, ერისთავი, გორელიშვილი, ახალკაცი.

ჩვენი ინფორმაციით, ირაკლი ძარია გუნდს თურქეთში ოჯახური მიზეზების გამო ვერ მიჰყვება. ის გუნდს მოგვიანებით შეუერთდება.

ალბათ, უპრიანია, ორიოდე სიტყვა გორელთა ახალწვეულებზეც ვთქვათ. ომარ მიგინეიშვილი "დილას" თბილისის "დინამოდან" შეუერთდა, გიორგი ხიდეშელი ბოლოს "ზესტაფონის" ღირსებას იცავდა, იქვე იყო ლაშა გვალიაც, გიორგი მელქაძე "სამტრედიიდან" მოვიდა, გიორგი თექთურმანიძე - "ცხინვალიდან", მიხაილ გორელიშვილი კი - რუსული "ტოსნოდან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთელები კი არა მოგზაურები გვყავს. ამ მენეჯერებსაც, რომ არ ეზარებათ ამ უნიჭოების იქეთ-აქეთ ტარება, ალბათ ესეც თავისებური ბიზნესია და გრძელდება ხეტიალები........
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული