დინამო (ბთ)-ამკარი 2:2 - ბათუმელებს გამარჯვება შეეძლოთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 თებერვალს ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი რუსეთის პრემიერლიგის გუნდთან, პერმის "ამკართან" გამართა და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში ორჯერ იყო წინ, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 2:2.

ანგარიში ბათუმელებმა 38-ე წუთზე, საჯარიმოს გათამაშების შემდეგ ნიკა მგელაძის თავურით გახსნეს. მანამდე კი ზღვისპირელთა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო მსაჯმა არ ჩათვალა.

შესვენებამდე "ამკარმა" მარტინ იაკუბკოს გოლით გაათანაბრა.

55-ე წუთზე ბათუმელებმა კვლავ სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ გაიტანეს. ახლო მანძილიდან დაუცველ კარში ბადრი ტეტუნაშვილის პირველ დარტყმულს თუ მცველი გადაეღობა, მის დამატებულს წინ ვეღარავინ აღუდგა
- 2:1 "დინამოს" სასარგებლოდ.

მალევე ბათუმელთა კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა იმავე იაკუბკომ ისე უხეიროდ დაარტყა, ბურთი საკმაო მანძილით ააცილა კარის ჩარჩოს.

"ამკარმა" მაინც გაათანაბრა - საბოლოო ანგარიში მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე ალექსანდრ პრუდნიკოვმა დააფიქსირა - 2:2.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
დინამო (ბთ)-ამკარი 2:2
გოლები: 1:0 მგელაძე (38), 1:1 იაკუბკო (43), 2:1 ტეტუნაშვილი (55), 2:2 პრუდნიკოვი (81).

დინამო: ალავიძე, ფარტენაძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, სუხიაშვილი, შონია, ვარშანიძე, დიასამიძე (ჩირიკაშვილი), ქავთარაძე, მუჯირი (კაშია), ტატანაშვილი (აბუსელიძე).

მორიგ სპარინგ-მატჩს "დინამო" 5 თებერვალს, უნგრულ "სპარტაკუსთან" გამართავს, 8-ში - რუმინულ "ოცელულს", ხოლო 11-ში სერბულ ოფკ-ს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ცუდი გოლი გაგვიტანეს 2 ივეე
adasd
18:52 02-02-2015
0

სიახლეები პოპულარული