გია მანჯგალაძე: რა დასამალია და, უკრაინაში ომსაც გავერიდე

AutoSharing Option
ფოტოზე: გია მანჯგალაძე საჩხერის "ჩიხურას" ვარჯიშზე

ახალი წლიდან გია (გიული) მანჯგალაძე საჩხერის "ჩიხურაში" ვარჯიშობს. 22 წლის ნახევარმცველი 4 წლის განმავლობაში ლუგანსკის "ზარიას" ღირსებას იცავდა, მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში კი უკრაინის პირველი ლიგის ბინადარ "პოლტავაში" იჯარით თამაშობდა.

ოფიციალურად, მანჯგალაძე "ჩიხურაში", ჯერჯერობით, სინჯებზეა. საჩხერელთა მწვრთნელი სოსო ფრუიძე სწორედ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, დატოვოს თუ არა გუნდში ფეხბურთელი, რომელსაც "ლელო" თურქეთში დაუკავშირდა...

- ვიცით, რომ უკრაინის ამბებს გაეცალეთ. იქვე, უფრო უსაფრთხო რეგიონის გუნდში მოწყობა არ გიცდიათ?
- ზამთარში "ზარიაში" უნდა დავბრუნებულიყავი, რადგან "პოლტავაში"
იჯარის ვადა დასრულდა. მაგრამ ლუგანსკის ძირითად შემადგენლობაში თამაში არ მიწევდა და დარჩენა არ მსურდა. ამ დროს მითხრეს, რომ ჩემით საჩხერის "ჩიხურა" დაინტერესდა და სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. რა დასამალია და, ომსაც გავერიდე.

- "ზარიას" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა რატომ გაგიჭირდათ?
- 17 წლის ვიყავი, კონტრაქტი რომ გავაფორმე. თავიდან, დუბლებში ვთამაშობდი, მაგრამ ძირითადში ვვარჯიშობდი და გუნდს შეკრებაზეც სულ დავყვებოდი. ეგ იყო, ოფიციალურ მატჩში მონაწილეობას ვერა და ვერ ვეღირსე.

ერთხელ მქონდა შანსი, როცა დონეცკის "შახტარიდან" განათხოვრებული ფეხბურთელები გუნდიდან წავიდნენ. მაშინ თავს კარგადაც ვგრძნობდი. მაგრამ სერიოზულად დავშავდი და საკმაოდ დიდი დრო გამიცდა. მერე მწვრთნელად ვერნიდუბი დაგვინიშნეს, რომელიც მაიმედებდა - შანსს აუცილებლად მოგცემო, მაგრამ... არ მათამაშებდა, კონფლიქტი მოგვივიდა და დუბლებში გადამიყვანა.

ამ დროს, კიდევ ერთი ტრავმა მივიღე, მხარი დამიზიანდა და თვე-ნახევარი გამიცდა. მერე წასვლა გადავწყვიტე და "პოლტავაში" მოვხვდი, ბოლოს კი საქართველოში ჩამოვედი...

- "ჩიხურაში" თქვენი დარჩენა-არდარჩენის საკითხი გაირკვა?
- როგორც მე ვიცი, ეს ამბავი გადაწყვეტილია - მტოვებენ და იმედია, კონტრაქტს ზაფხულამდე გავაფორმებ.

- საქართველოდან ფეხბურთელები გარბიან, თქვენ კი აქეთ ჩამოხვედით, რაც მისასალმებელია...
- საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაში უკრაინული გუნდის დუბლებში ყოფნას ნებისმიერ შემთხვევაში სჯობია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ვთამაშობდი, ქართულ ფეხბურთს თვალს ვადევნებდი და გამიხარდა, ზაფხულში "ჩიხურამ" ევროპის ლიგაზე ღირსეულად რომ ითამაშა.

ჩემთვის აქ დამკვიდრება დიდი სტიმული იქნება. რასაც ვუყურებ, კარგი გუნდია და იმედი გამიჩნდა, რომ შარშანდელზე არანაკლებ ძლიერი კოლექტივი გვეყოლება და ევროპის ლიგაზეც მოვხვდებით. სამი კვირაც არ არის, რაც "ჩიხურასთან" ერთად ვემზადები. ამის მიუხედავად, გუნდს ძალიან კარგად შევეწყვე. ბიჭები კარგად დამხვდნენ, ისეთი მეგობრული გუნდია, ადაპტაციაც არ დამჭირვებია.

ქართველები ცივი ხალხი არ ვართ და ეს ბევრს ნიშნავს. უკრაინიდან ჩამოსული ევგენი ტროიანსკიც ამას ამბობს.

- როგორც ვიცით, უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში გიწვევდნენ...
- დუბლებში რომ ვიყავი, 17 წლისა უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში გამომიძახეს და არ წავედი - სამტრედიაში დაბადებულსა და თბილისში გაზრდილს სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაში არ მსურდა.

- აბა, უკრაინის პასპორტი რატომ აიღეთ?
- ესეც კარიერის გამო გავაკეთე, თორემ სხვაგვარად, "ზარიაში" მოხვედრა გამიჭირდებოდა. სულ მქონდა იმედი, რომ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მიმიწვევდნენ, მაგრამ აქ ნორმალურად არ მიცნობდნენ და ეტყობა, ამიტომაც არ გამომიძახეს.

სხვათა შორის, 2012 წელს "ზარიას" დუბლებში უკრაინის ჩემპიონი გავხდი და ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი გვარი უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ სიაში ეწერა, თუმცა გუნდში მაინც ვერ მოვხვდი.

- ომის გამო უკრაინაში არ გაგიჭირდათ?
- არანაირად. პოლიტიკა პოლიტიკად რჩება, ხალხს კი ქართველობა უყვარს და არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. გული მიკვდება, ეს ქვეყანა ასე რომ აირია. ყოველდღიურად უბრალო ხალხი იღუპება, ლუგანსკი და დონეცკი განადგურებულია. ფაქტობრივად, იქაც აფხაზეთი და სამაჩაბლო მოაწყვეს. იმდენად მძიმე ვითარებაა, შიშობენ, რომ ჩემპიონატი, შესაძლოა, აღარც გაგრძელდეს. არავინ იცის, რა იქნება ხვალ და ომი როდის დასრულდება.

- ჯაბა ლიპარტიაც ხომ არ აპირებს წამოსვლას? თუ "ზარიაში" რჩება?
- რჩება, რადგან კონტრაქტი აქვს. პრინციპში, თამაში და ვარჯიში პრობლემა არც არის, რადგან გუნდი ზაპოროჟიეში დაბინავდა და იქ ვარჯიშობს. მაგრამ ახლა ვინ იტყვის, რა ეშველებათ გუნდებს? კარგი ამბავი რომ არ ხდება, ისედაც ჩანს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მანჯგალაძე, საბა კვირკველია, ტაბიძე, თევზაძე, მიგინეიშვილი, ერისთავი და კიდევ ვინ იცის რამდენი. ფეხბურთში სამტრედიელები დომინირებენ.
mdaa
22:36 08-02-2015
0
... საფანტი ხომ არ მოგხვდა ბიჭო
zaza
11:42 08-02-2015
0

სიახლეები პოპულარული