კოლხეთი-ალ აჰლი 1:0 - თითო გოლი ორი გამარჯვებისთვის

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ფოთის "კოლხეთმა" მესამე სპარინგ-მატჩი (ყაზახურ "ირტიშთან") დაუგეგმავად ითამაშა. მანამდე ფოთელები ბულგარეთის "ჩერნო მორესთან" დამარცხნენ - 0:5, ყირგიზული "დორდოი" კი 2:0 დაამარცხეს. ზაზა ინაშვილის გუნდმა "ირტიშს" 1:0 მოუგო. 25-ე წუთზე ერთადერთი გოლი შორეული დარტყმით გურამ გურეშიძემ გაიტანა.

"კოლხეთმა" მორიგი საკონტროლო შეხვედრა 5 თებერვალს, ლიბიის ჩემპიონთან და მიმდინარე გათამაშების ლიდერ "ალ აჰლისთან" ჩაატარა. ამ გუნდის შემადგენლობაში ქვეყნის ეროვნული ნაკრების 6 ფეხბურთელი ასპარეზობდა. და ყველაზე საინტერესო - ლიბიურ გუნდს ლეგენდარული ჰოლანდიელი რუუდ კროლი ავარჯიშებს.

პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა. პირველ ტაიმში
გიგა ამბროლაძეს
ორჯერ შეეძლო ფოთელთა დაწინაურება, თუმცა პირველ ეპიზოდში მისი თავური არაზუსტი გამოდგა, ხოლო შემდეგ მეკარესთან პირისპირ გავიდა და ეს შანსიც გაანიავა.

საგოლე მომენტი ლიბიელებმაც შექმნეს, თუმცა მეკარე კოკა სეფიაშვილი უშეცდომოდ თამაშობდა. ტაიმის ბოლოს საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდ ურტყამდა შოთა ჯიქია, მაგრამ ლიბიელთა მეკარემ თავისიანები ჩინებული რეაქციის ხარჯზე გადაარჩინა.

სხვათა შორის, აფრიკელები უხეშობას არ ერიდებოდნენ და მსაჯმა ერთი მათგანი (მეორე ტაიმის დასაწყისში) გააძევა კიდეც (თუმცა მისი შეცვლის უფლება ჰქონდათ), ხოლო 8 ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა.

მეორე ნახევარიც ფოთელთა უპირატესობით წარიმართა. ინაშვილის შეგირდებმა მეტოქის კართან კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა მხოლოდ მე-80 წუთზე შეძლეს უპირატესობის რეალიზება - თამაზ ჟიშკარიანის გამჭოლი გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა ნიკა სიჭინავა, რომლის დარტყმული მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ალეკო ქორჩილავამ იყოჩაღა და გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:0.

კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, ჩაკვეტაძე, თ. კაკულია, გოგონაია, გურეშიძე, ბარამიძე, ამბროლაძე, გუგუშვილი, შ. ჯიქია; შეცვლაზე: ძაგანია, შენგელია, ბეჩეხია, ლემონჯავა, ჟიშკარიანი, თევზაძე, ნ. სიჭინავა, ქორჩილავა, გაბისკირია.

კლუბის დირექტორ ბარქაიას თქმით, ფოთელები თანდათან უმატებენ: "იმედია, ჩემპიონატის მეორე წრეს გუნდი ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება. მორიგ მატჩს 8 თებერვალს, ავსტრიულ ლასკ-თან გავმართავთ, რომელიც ერსტე ლიგის ლიდერია და იქაურ ბუნდესლიგაში გადასვლის მთავარი კანდიდატია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული