გია გიგატაძე: ჩვენი მიზანი ერთწლიანი გუნდის შენება არაა

AutoSharing Option
"ლელომ" უკვე გამცნოთ, რომ ქუთაისის "ტორპედომ" ვარჯიში განაახლა და ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის სამზადისის გეგმაც შეადგინა. გუშინ ქუთათურებს საღორიის საწვრთნელ ბაზაზე მივაკითხეთ და მთავარ მწვრთნელ გია გიგატაძეს და რამდენიმე ფეხბურთელს გავესაუბრეთ.

გია გიგატაძე: "7 იანვრამდე ერთჯერადი ვარჯიშები გვაქვს. შობის დღესასწაულზე დავისვენებთ, შემდეგ კი ორჯერად ვარჯიშებზე გადავალთ და 21 იანვრამდე ქუთაისში მოვემზადებით. კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, აქცენტი ქართველ ფეხბურთელებზე უნდა გაკეთდეს, რადგანაც უცხოეთიდან იმ თანხით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, მაღალი დონის ფეხბურთელი არ მოდის. აქაური რესურსი ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. წლების შემდეგ კი "ტორპედო" ქუთაისელ
ფეხბურთელებზე გააკეთებს აქცენტს. ქუთაისში ყოველთვის იზრდებოდნენ ნიჭიერი ფეხბურთელები და ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს.

ბოლო წლებში დიდი ჩავარდნა იყო, ნიჭიერი ბავშვები სხვა გუნდებში მიდიოდნენ, ახლა ყველა გამორჩეულ ქუთაისელ ფეხბურთელს კლუბებთან კონტრაქტი აკავშირებს და ამიტომაც არ გვყავს ბევრი ადგილობრივი. თუმცა, მალე ეს პრობლემა მოგვარდება.

უახლოეს თვეებში საღორიის საწვრთნელ ბაზაზე "ტორპედოს" აკადემია ჩამოყალიბდება და ფეხბურთელები აქვე გაიზრდებიან. "ტორპედო" სამგზის ჩემპიონი რომ გახდა, გუნდი ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.

- ერთ-ერთი ძველი ტორპედოელი გია მეგრელაძე უკვე დაუბრუნდა მშობლიურ გუნდს. გულშემატკივრებს ყველაზე მეტად სწორედ მისი დაბრუნება გაუხარდათ.
- მეგრელაძე გოლის ალღოთი გამოირჩევა და გულშემატკივრების მსგავსად, მისი ჩვენც ძალიან გვეიმედება. იგი ჩვენი გუნდის შემტევ პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

- სატრანსფერო პერიოდს აქტიურად იყენებთ, მეგრელაძის გარდა სხვა ფეხბურთელებიც დაიმატეთ. მათ შესახებ რას გვეტყვით?
- "სამტრედიადან" გადმოვიყვანეთ ლაშა ქებაძე და ლევან ბაკურაძე, კარგი ფეხბურთელები არიან და მათი გუნდში ჩარიცხვა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ჩვენთან ვარჯიშობს კიდევ ერთი სამტრედიელი დავით კირკიტაძე. ახალგაზრდაა, თამაში უნდა, ძალიან მონდომებულია და მის ადგილს მომავლის "ტორპედოში" ვხედავ. "ბაიადან" დავიმატეთ გრიგოლ დოლიძე და ნიკოლოზ გუგუჩია, "სპარტაკიდან" - ნიკოლოზ მაისურაძე, "სიონიდან" - რევაზ გოცირიძე.

- გუნდთან ერთად ვარჯიშობს გიგა ანდრიაძე, რომელიც, როგორც ითქვა, "ლაციოს" ასაკობრივ გუნდში ვარჯიშობდა, მის შესახებ რას იტყვით?
- "ლაციოში"? პირველად მესმის. ანდრიაძე სინჯებზეა და ახლა რაიმეს თქმა გამიჭირდება, ჯერ უნდა დავაკვირდეთ. თუ თავს მოგავწონებს, გარჯა არავის დაეკარგება.

- კიდევ აპირებთ ფეხბურთელების დამატებას?
- თუ გამოჩნდება საინტერესო ფეხბურთელი, რომელსაც "ტორპედოში" თამაშის სურვილი ექნება, შანსს მივცემთ.

- პირველ წრეში "ტორპედოში" ყველაზე პრობლემური თავდასხმის ხაზი იყო, თუმცა ახლა ერთბაშად ხუთი ნომინალური ფორვარდი გყავთ.
- შეტევაში მართლაც მოვიკოჭლებდით. საგოლე მომენტების შექმნაც გვიჭირდა და გამოყენებაც. თუმცა ეს მხოლოდ თავდამსხმელების ბრალი არ იყო. თუ ფორვარდს მომენტი ვერ შეუქმენი, გოლს ვერ გაიტანს. ახალთაგან თითქმის ყველა შემტევი სტილის ფეხბურთელია. თავდასხმაში გამოცდილ მეგრელაძესთან, გოცირიძესთან და კვარაცხელიასთან ერთად ახალგაზრდა კემუხტაშვილი და საბანაძე გვყავს, რომლებმაც სამომავლოდ კონკურენცია უნდა გაუწიონ გამოცდილებს.

- "ტორპედოდან" ვინ წავიდა?
- რევაზ კვერნაძე, ლევან კირკიტაძე, ზაურ ხაჭიპერაძე, ნიკა კვასხვაძე, ბექა ბიბილაშვილი და ირაკლი ცნობილაძე. ძნელია ფეხბურთელის გაშვება, მაგრამ ფეხბურთი მუდმივ ცვლილებებს მოითხოვს და ამას ვერც ჩვენ ავცდებით. ამ ბიჭების უმრავლესობამ პირველ ლიგაში დიდი საქმე გააკეთა და მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ცვლილებები აუცილებელი იყო.

- ძნელი გასახსენებელია, "ტორპედო" ბოლოს როდის იყო უცხოურ შეკრებაზე. ახლა კი მოსამზადებელ პერიოდს ანთალიაში გაივლით.
- ეს შეკრება გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელები შეთამაშდებიან და საკუთარ შესაძლებლობებს უცხოურ გუნდებთან თამაშისას გამოცდიან. "ვისოლის" მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის. უცხოური შეკრება კი არა, წლების წინ გუნდი საერთოდ არ არსებობდა, ახლა კი გვაქვს იმის საშუალება, რომ სეზონისთვის მაქსიმალურად მოვემზადოთ და ჩემპიონატსა და თასს სრულ მზაყოფნაში შევხვდეთ. "ვისოლის" წყალობით ქუთაისური ფეხბურთისთვის საშვილიშვილო საქმეები კეთდება, მარტო "ტორპედოს" აკადემიის ჩამოყალიბება რად ღირს, რომელიც მთელი ქუთაისის ოცნება იყო.

- პირველი წრე "ტორპედოსთვის" არცთუ სახარბიელო იყო. რა არის ამ სეზონში თქვენი მიზანი?
- კარგი გუნდი უცებ არ კეთდება. "ტორპედოს" ხელმძღვანელობის მიზანი ერთწლიანი გუნდის გაკეთება არ არის. ზოგი დღესვე ითხოვს ჩემპიონობას, მაგრამ მოთმინებაა საჭირო.

რაც მთავარია, გუნდი სწორი მიმართულებით მიდის და სამომავლოდ ჩემპიონობაც არ იქნება გადაუჭრელი ამოცანა.

- თასის ნახევარფინალში ხართ და ალბათ, აქცენტი სწორედ თასზე გაკეთდება.
- თასზეც და ჩემპიონატშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ. ნახევარფინალში "ზესტაფონის" სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, თუმცა, თუ თასის მოპოვება გვინდა, ნებისმიერი ბარიერი უნდა გადავლახოთ. ამ მატჩამდე დიდი დროა და ვეცდებით, "ზესტაფონთან" თამაშისთვის საფუძვლიანად მოვემზადოთ. საბედნიეროდ, გუნდში კონკურენცია გაიზარდა, ერთ პოზიციაზე 2-3 კაცი მოდის, რაც საშუალებას მოგვცემს, თასზეც და ჩემპიონატშიც ძალების დაუზოგავად ვითამაშოთ.


ლევან ბაკურაძე:
"კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ტორპედოში" ვითამაშებ. გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზეც მივდივარ.

"სამტრედიასთან" კონტრაქტი მაკავშირებდა, მაგრამ "ტორპედოს" ვარიანტი რომ გამოჩნდა, ჩემმა ყოფილმა კლუბმა არ დამაბრკოლა. ქუთაისური გუნდი ძლიერდება, კონკურენცია იზრდება და ძალიან ძნელი იქნება ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება. თუმცა ეს არ მაშინებს, ვეცდები გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი გავხდე."


ვახტანგ კვარაცხელია:
"ტორპედოში" რომ ჩავირიცხე, მეორე შეხვედრაშივე დავშავდი და რამდენიმე მატჩი გამოვტოვე. შემდეგ თამაში კი განვაახლე, მარამ ტკივილები მაწუხებდა და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოვავლინე. საბედნიეროდ, ტრავმა უკვე მოვიშუშე და მეორე ეტაპს იმედიანად ველი. ახალი ჩამოყალიბებული გუნდია და პირველ ეტაპზე ისეთი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, ჩვენგან რომ ელოდნენ, მაგრამ დავამტკიცებთ, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია. თან გუნდი უფრო გაძლიერდა. კონკურენციის ზრდასთან ერთად უფრო მეტი მონდომება და ბრძოლა იქნება საჭირო ძირითადში მოსახვედრად. თასის ნახევარფინალში ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "ზესტაფონის" ბარიერი გადავლახოთ და თასი მოვიპოვოთ. ჩემპიონატზეც არა გვაქვს ხელი ჩაქნეული, თუ კარგად ვითამაშებთ, სამეულიც არ იქნება მიუღწეველი."


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული