კლუბის დირექტორმა გელა ინალიშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ ყურადღება თურქულ შეკრებასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილეს. გარდა ამისა, ადგილზე მიმდინარე ერთკვირიან მოსამზადებელ ეტაპსა და გუნდში მიმდინარე პროცესებზეც ილაპარაკეს.
სრულფასოვანი და ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპისთვის ინალიშვილმა მადლობა გადაუხადა ზუგდიდის მერიას, საკრებულოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას და ზუგდიდის გამგეობას:
"მათი მხარდაჭერა აშკარაა და ეს გვახარებს. თურქეთში შეკრება 13 დღე გრძელდებოდა და გუნდისთვის ნაყოფიერი იყო. დიდი იმედი მაქვს, ეს ჩვენი ფეხბურთელების
სიდეში 35-კაციანი შემადგენლობით ვიყავით და მთავარმა მწვრთნელმა მატჩებში ფეხბურთელების მზადყოფნა შეამოწმა. მისასალმებელია, რომ გუნდი, ძირითადად, ადგილობრივი პერსპექტიული ფეხბურთელებით დავაკომპლექტეთ".
შეროზია კი ამბობს, რომ ორჯერადი ვარჯიშების გარდა, გუნდმა საჭირო სპარინგებიც გამართა:
"სულ ოთხი საკონტროლო მატჩი გვქონდა, სადაც თითოეულ ფეხბურთელს ვაკვირდებოდით. შეკრების მთავარი მიზანიც ხომ ეს იყო. მთლიანობაში, ფეხბურთელების მომზადებით და ოთხივე ტესტ-მატჩით კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დავასრულეთ ეს მატჩები.
გუნდის უმთავრესი ამოცანაც კარგად მოგეხსენებათ - მართალია, სატურნირო მდგომარეობა სიმშვიდის უფლებას არ გვაძლევს, მაგრამ სეზონის განახლებას დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ. ცხრილის ქვედა საფეხურზე, ქულების მიხედვით, დიდი ზღვარი არ არსებობს. გარდა ამისა, ჩვენი ფეხბურთელების მოტივაციაც მაიმედებს, რომ ნებისმიერ მეტოქეს უშეღავათო ბრძოლას გავუმართავთ.
სამწუხაროა, რომ ერთ-ერთ ვარჯიშზე საკვანძო ფეხბურთელი, საყრდენი ნახევარმცველი ვაკო ტყემალაძე დაგვიშავდა და პირველ შეხვედრაში მისი თამაში სათუოა. კარგია, რომ მას მძიმე ტრავმა არ აღმოაჩნდა და გუნდს მალე დაუბრუნდება. დანარჩენი ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან".
"ზუგდიდის" მთავარმა მწვრთნელმა ახალწვეულებზე ზოგადად ილაპარაკა:
"მათი შესაძლებლობები თურქულ შეკრებამდე ვიცოდი, რადგან ვარჯიშებსა და საკონტროლო შეხვედრებში ვაკვირდებოდი. თამამად გეტყვით, რომ ახალწვეულებს გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლიათ.
თითოეულის დახასიათებას არ შევუდგები, მაგრამ მე ვამბობ, რომ მთლიანობაში ეს ფეხბურთელები კარგი შენაძენია, რაც თურქეთში ჩატარებულ ტესტ-მატჩებშიც გამოჩნდა. ახალწვეულებს ახალი სეზონის დაწყებამდე წარვადგენთ".
გულშემატკივარი დაინტერესდა, თუ რომელ სტადიონზე გამართავს "ზუგდიდი" საშინაო შეხვედრებს. ინალიშვილმა განმარტა:
"სეზონს "ბაიას" ბაზაზე ჩავამთავრებთ, მომდევნო ჩემპიონატში კი მეტოქეებს ისევ განმუხურის სტადიონზე მივიღებთ, ხოლო 2016-17 წლების სეზონისთვის უკვე ახალ სტადიონზე გადასვლის იმედი გვაქვს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროექტი უკვე წარადგინა და მალე "ენგურქაღალდკომბინატის" დასახლებაში მესამე კატეგორიის სტადიონი აშენდება. იქვე, სავარჯიშო სტადიონის მშენებლობაც იგეგმება. სხვათა შორის, ტრიბუნები მასაც ექნება. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, გათვალისწინებულია რუხის ბაზის, იქ მდებარე სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტისა და ზედა ეწერის სტადიონის განახლება.
მთლიანობაში, კლუბის განკარგულებაში იქნება მშვენიერი სპორტული კომპლექსი. მალე ნახავთ, რომ "ზუგდიდი" მაღალი მიზნებისთვის სერიოზულ განაცხადს გააკეთებს".
”ზუგდიდი" სეზონს 21 თებერვალს, ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩით განაახლებს - "ბაიას" ბაზას ქობულეთის "შუქურა" სტუმრობს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"