უმაღლესი ლიგა. XVI ტურის წინ: დიდი აჟიოტაჟის მოლოდინში

AutoSharing Option
თითქმის ორთვენახევრიანი პაუზის მერე დღევანდელი და ხვალინდელი მატჩებით საქართველოს XXVI ჩემპიონატი განახლდება. საფეხბურთო 2015 წელიწადი კი სათასო მატჩებით დაიწყო და, როგორც ვივარაუდეთ, ოთხი მეოთხედფინალური შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.

იმედი დავიტოვოთ, რომ უმაღლესი ლიგის მეორე წრეც ასევე საინტერესოდ დაიწყება; მით უფრო, რომ "მეტალურგის" გარდა, ყველა დანარჩენმა თხუთმეტმა გუნდმა ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა და თხუთმეტიდან თორმეტმა გუნდმა შეკრება თურქეთში, კომფორტულ პირობებში გაიარა.

ინტერესს იწვევს ამ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში განხორციელებული... ასეულობით (!) ტრანსფერიც: ძალიან ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა სხვა გუნდში მოინდომა კარიერის გაგრძელება, ლეგიონერიც
ბევრი დაიმატეს ჩვენმა გუნდებმა და მათგან აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ მეორე წრის სასტარტო ტურში უნდა ჰქონდეთ დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში.

დანარჩენი კი, როგორც იტყვიან, საფეხბურთო მოედანზე გამოჩნდება...

21.02. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 14:00
გურია-ზესტაფონი
ურთიერთშეხვედრები: 5: +0 =0 -5, 0:14
პირველი წრე 0:6

საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "გურიას" ქულაც კი არ აუღია "ზესტაფონთან" დაპირისპირებებში და, უფრო მეტიც - გოლიც კი არ გაუტანია! ჰოდა, სატურნირო ცხრილში გვერდიგვერდ მყოფი გუნდების სწორედ 21 თებერვალს გასამართ პაექრობაში უნდა ველოდოთ ლანჩხუთელთა მხრიდან ამ უსიამოვნო სტატისტიკის დარღვევას.

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ პირველი წრის შემდეგ ორად-ორი გუნდიღაა, საკუთარ მოედანზე წაუგებლად რომ ასპარეზობს - "ჩიხურა" და "გურია".

ამას გარდა, თეიმურაზ ლორიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "გურიას" პირველ წრეში განცდილი სასტიკი მარცხის გამო, ალბათ, რევანშის დიდი სურვილიც ექნება.

თუმცა, იმდროინდელ და დღევანდელ "ზესტაფონს" შორის ხომ უდიდესი კი არა, უფრო დიდი სხვაობაა და იმერული გუნდის ახალ თავკაცს, გიორგი მიქაძეს გვარიანზე-გვარიანი თავსატეხი ექნება, ფაქტობრივად, ახლად შექმნილი "ზესტაფონის" შესათამაშებლად. აბა, როგორი საქმეა, როცა დღევანდელ "ზესტაფონში" პირველი წრის შემადგენლობიდან მხოლოდ ორი ფეხბურთელიღაა "შემორჩენილი" - გიორგი ილურიძე და მალხაზ გაგოშიძე.

21.02. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 14:00
ზუგდიდი-შუქურა
ურთიერთშეხვედრები: 1: +0 =0 -1, 1:2
პირველი წრე 1:2

დღის მეორე მატჩიც დიდ ინტერესს იწვევს: "ზუგდიდი" პირველ წრის შემდეგ ბოლო ადგილზე კი არის, მაგრამ პოტენციალიც საკმარისი აქვს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამას გარდა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდიც ეფექტიანად გამოიყენა. ანუ, ფაქტია, რომ მასპინძელთა გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა, თანაც, არცთუ უმნიშვნელოა ის გარემოებაც, რომ მეორე წრეში "ზუგდიდის" ახალწვეულთა უმრავლესობა სწორედაც ადგილობრივი ფეხბურთელები არიან.

არანაკლები ცვლილებები მოხდა "შუქურაშიც", თანაც, ვიდრე ქობულეთში ბრაზილიელი ფეხბურთელები გამოჩნდებიან, ამაზე მეტ ინტერესს ახალი მთავარი მწვრთნელის, გელა სანაიას სადებიუტო შეხვედრა იწვევს.

შეგახსენებთ, რომ სანაიამ ეს სეზონი "სამტრედიის" თავკაცის რანგში დაიწყო, მაგრამ X ტურის მერე წამოსვლამ მოუწია; მიზეზი კი, სწორედაც... "ზუგდიდთან" საშინაო მარცხი იყო, რომელსაც უკვე ბესიკ შეროზია წვრთნიდა.

ისე, ამ წყვილში მწვრთნელების ფაქტორი მეტად დამაინტრიგებელია: "ზუგდიდის" დღევანდელი თავკაცი ბესიკ შეროზია სეზონის სტარტზე ხომ "შუქურას" მოძღვრავდა და პირველ ტურში მშობლიური ქალაქის გუნდს მოუგო კიდეც. ახლა კი, უკვე ყოფილ გუნდს უნდა დაუპირისპირდეს.

22.02. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 14:00
ცხინვალი-დილა
ურთიერთშეხვედრები: 9: +4 =3 -2, 13:10
პირველი წრე 0:2

ორივე გუნდს მართლაც უმძიმესი კვირა აქვს: "ცხინვალმა" პირველ სათასო მეოთხედფინალში დრამატული მატჩი წააგო "ვიტ ჯორჯიასთან" (4:5), "დილას" კი ყველაზე მეტად არ გაუმართლა წილისყრისას და "დინამო თბილისთან" მოუწია დაპირისპირებამ. ამას გარდა, "ცხინვალიც" და "დილაც", თასის გათამაშების "პარალელურად", ჩემპიონატშიც ამბიციურ მიზნებს ისახავენ და ევროტურნირების საგზურსაც უმიზნებენ.

საერთოდ, ამ ტურის ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი წყვილია, მაგრამ მასპინძელთა თავკაცს კახა კაჭარავას, ისე როგორც პირველ წრეში, ძირითადი შემადგენლობის როტაციის საშუალება არც ამჯერად ექნება.

აი, "დილაში" კი აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა და გორელთა გუნდის ახალგაზრდა მთავარ მწვრთნელს უჩა სოსიაშვილს იმითაც შეუძლია იამაყოს, რომ უმაღლეს ლიგაში, ყველაზე უფრო დაბალანსებული (თანაც, ფაქტობრივად - ორი) შემადგენლობა ჰყავს.

22.02. ივანწმინდა. 14:00
ჩიხურა-სიონი
ურთიერთშეხვედრები: 9: +2 =2 -5, 11:13
პირველი წრე 0:1

ზედიზედ 5 მატჩია, "ჩიხურა" ვერ ახერხებს "სიონის" ძლევას ჩემპიონატში (ვერც - შინ, ვერც გარეთ) და საჩხერელები ამ ნავსის გატეხას, ალბათ, კვირას შეეცდებიან. ამას გარდა, "ჩიხურა" იმ მართლაც შთამბეჭდავი სერიის გაგრძელებას შეეცდება, უმაღლეს ლიგაში ჯერჯერობით საუკეთესო რომ არის: შვიდ საშინაო შეხვედრაში 6 მოგება და 1 ფრე!

თუმცა, არც ის დაგვავიწყდეს, რომ მეტოქისგან განსხვავებით, "ჩიხურას" შუა კვირაში მძიმე სათასო მატჩი ჰქონდა კიდევ ერთ ქვემოქართლურ გუნდთან, "მეტალურგთან", სადაც პირველად გამოჩნდნენ კიდეც უკრაინიდან ჩამოსული საჩხერელთა ახალწვეულები: გიული მანჯგალაძე, ევგენი ტროიანოვსკი და სერგეი ლუბჩაკი.

აი, "სიონი" კი მშვენიერშეკრებაგავლილი, საგრძნობლად გაახალგაზრდავებული და გაძლიერებული შემადგენლობით, პლუს... დასვენებული ხვდება მეორე წრის დაწყებას ლადო ბურდულის გუნდიც, ალბათ, ასევე ეცდება სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებასთან ერთად, უსიამოვნო სერიის შეწყვეტას: ბოლნისელებს ხომ ამ სეზონში სტუმრად ჯერ არ მოუგიათ.

22.02. მცხეთა. მცხეთა პარკი. 14:00
ვიტ ჯორჯია-მერანი
ურთიერთშეხვედრები: 11: +5 =3 -3, 10:7
პირველი წრე 2:0

პირველი წრე ახალგაზრდა "ვეტერინარებმა" ერთობ არასასიამოვნო სერიით დაამთავრეს; ჩემპიონატში ცხრამატჩიან სერიას კი ის მოჰყვა, რომ ზურაბ ბერიძის დამოძღვრილი ეს მართლაც საინტერესო გუნდი ზამთრის პაუზას გასავარდნ ზონაში (ბოლოსწინა ადგილზე) შეხვდა.

"ვიტ ჯორჯიას" იმის ფუფუნება ნამდვილად არა აქვს, უცხოური შეკრება გაიაროს თუ "ცნობადი" ახალწვეულები (გნებავთ, ლეგიონერები) მიიწვიოს, მაგრამ გუნდი თავის სტრატეგიას არ ღალატობს და საკუთარ კლუბში აღზრდილ ახალგაზრდებს მაქსიმალურ ნდობას უცხადებს.

ეს ახალგაზრდებიც ამ ნდობას ჩინებულად ამართლებენ, რისი დასტურიც სულ ახლახან გამართული პირველი მეოთხედფინალური მატჩი გამოდგება, როცა "ვიტ ჯორჯიამ" სტუმრად "სპარტაკს" მოუგო. აი, "მერანმა" კი პირველი წრე მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა და, ალბათ, ბევრი არ ელოდა, რომ უკრაინელი სპეციალისტის, ვლადიმირ ლობასის გაწვრთნილი გუნდი მეორე წრეს VIII ადგილზე შეხვდებოდა.

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ "მერანშიც" უამრავი ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელია.

22.02. ქობულეთი. ჩელე არენა. 14:00
დინამო (ბთ)-მეტალურგი
ურთიერთშეხვედრები: 9: +1 =0 -8, 5:13
პირველი წრე 1:2

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ყველაზე ნაკლებად ბათუმის "დინამომ" იაქტიურა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შავი ზღვისპირელებს ამბიცია მოაკლდათ. ისედაც დაბალანსებული შემადგენლობისა თუ კვალიფიციური ფეხბურთელების სიმრავლის პირობებში, ჩვენი აზრით, ბათუმელებს გუნდის რადიკალურად შეცვლა არც სჭირდებოდათ.

თანაც, გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტის, შოთა ჭეიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდს ფინანსური პრობლემებიც არ აწუხებს, ზამთრის პაუზაც ნაყოფიერად გამოყენებული უნდა "ჩავუთვალოთ" და მხოლოდ იმას დავამატებდით, რომ ბათუმის "დინამოს" რეალურად ხელეწიფება პირველ სამეულში მოხვედრა.

აი, "მეტალურგის" პრობლემები კი უკვე რვა თვეზე მეტია გრძელდება და ეს მხოლოდ დაფინანსებას არ ეხება. თუმცა შეკრებაგაუვლელი და, ფაქტობრივად, ელემენტარულ პირობებსმოკლებული გუნდი (ზამთრის პაუზის დროს თითქმის მთლიანად რომ დაიცალა), მაინც გვაოცებს საოცარი ბრძოლისუნარიანობით.

ამის დასტურად კი ახლახან ჩატარებული სათასო პაექრობაც გამოდგება, როცა ვარლამ კილასონიას გუნდმა ტოლი არაფერში დაუდო ყველა "გაგებით" სოლიდურ მეტოქეს "ჩიხურას"; თუმცა, კითხვაც იბადება: როდემდე ან სადამდე გაგრძელდება ასე?

22.02. ქუთაისი. ტორპედო. 19:00
ტორპედო-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები: 58: +26 =15 -17, 91:67
პირველი წრე 3:0

ძველისძველი მეტოქეებისათვის პირველი წრე წარმატებული ვერ გამოდგა. თუმცა ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც ჰქონდა. თუმცა, ორივე გუნდში ახლა წარსულზე არავინ ფიქრობს და "ტორპედოც" და "კოლხეთიც" ყველანაირად შეეცდებიან სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ამ სატურნირო მდგომარეობას კი აშკარად არასახარბიელო ჰქვია, თანაც, მასპინძლები იმ დანავსული სერიის შეწყვეტას შეეცდებიან, პირველი წრიდან რომ "გადმოჰყვათ": ზედიზედ 9 მოუგებელი მატჩი და "ტორპედოც" XIII ადგილამდე დაეშვა. ვნახოთ, როგორი იქნება გიორგი დარასელიას დებიუტი ჩემპიონატში "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის რანგში, თანაც იმ გუნდის წინააღმდეგ, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნულ ჩემპიონატში რამდენიმე გამორჩეული სეზონი ჩაუტარებია.

"ტორპედო", ფაქტობრივად, ახალი გუნდით ხვდება მეორე წრეს, რამდენიმე ცვლილება "კოლხეთშიც" მოხდა, თუმცა ფოთელთა მთავარ მწვრთნელ ზაზა ინაშვილს კვირის მატჩში საკადრო პრობლემებიც ექნება.

22.02. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 14:00 (LIVE I არხზე)
სამტრედია-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები: 30: +4 =3 -23, 17:75
პირველი წრე 0:2

ადვილი წარმოსადგენია, თუ რა აჟიოტაჟი იქნება კვირას სამტრედიაში: ისედაც ამბიციური და ამ ზამთარს კიდევ უფრო გაძლიერებულმა მასპინძელთა გუნდმა ხომ ქვეყნის ჩემპიონსა და მიმდინარე გათამაშების ლიდერ "დინამოს" უნდა უმასპინძლოს!

მოკლედ, მართლაც საინტერესო მატჩი გველოდება და ერთადერთი, რამაც შესაძლოა ამ პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება "გააფერმკრთალოს", ორივე გუნდის ფეხბურთელთა გადაღლილობა იქნება. მოგეხსენებათ, რომ "სამტრედიამაც" და "დინამომაც" შუა კვირაში მძიმე სათასო "ბატალიები" გადაიტანეს, თუმცა, ორივე გუნდმა ნაყოფიერი შეკრება გაიარა თურქეთში და, წესითა და რიგით, ფეხბურთელებმაც მეტ-ნაკლებად უპრობლემოდ უნდა გაუძლონ ოთხდღიანი ინტერვალით ასპარეზობას.

"სამტრედიას" სპორტულ დირექტორ დავით მუჯირს, მთავარ მწვრთნელ ზაზა ზამთარაძეს და რამდენიმე ფეხბურთელს (დავით კვირკველიას, ზურაბ ხიზანიშვილის, ლევან კაკუბავას) თბილისის "დინამოსთან" ბევრი რამ აკავშირებთ.

ისევე, როგორც დინამოელთა თავკაც კახა გოგიჩაიშვილს - "სამტრედიასთან", რომლის შემადგენლობაშიც თავის დროზე გამოდიოდა და თბილისის "დინამოს" კარში გოლიც გაუტანია! ეს კი 1994/95 წლების სეზონში მოხდა, როცა "სამტრედიას" ძალიან მაგარი გუნდი ჰყავდა და როცა პირველად შეძლო "დინამოს" დამარცხება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კეტილი იყოს ტქვენი მობრზანება ჯოჯოხეტსჰი......ს ა მ ტ რ ე დ ი ა ა ა . . .
barboza
14:56 21-02-2015
0
vin moxvdeba jojexetshi magasac vnaxavt
imereli
22:37 21-02-2015
0

სიახლეები პოპულარული