ეს რა "დურდომია"?! ჩემპიონატი სხვა გუნდებმა დაიწყეს და სხვები ჩაამთავრებენ

AutoSharing Option
"ლელოს" ხარაგაულის "ჩხერიმელას" აღმასრულებელი დირექტორი ტატო ქავზარაშვილი დაუკავშირდა და განაცხადა, რომ დღეს, 24 თებერვალს, 14 საათზე, ფეხბურთის ფედერაციასთან პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

ცხადია, ქავზარაშვილს თავიდანვე პროტესტის მიზეზზე ვკითხეთ...

- მხოლოდ ჩვენთანაა შესაძლებელი, რომ პარადოქსი ნორმად იქცეს, - გვითხრა "ჩხერიმელას" აღმასრულებელმა დირექტორმა საუბრის დასაწყისში, - ის, რაც ახლა ჩვენს ფეხბურთში ხდება, მსგავსს ვერსად ნახავთ და ისტორიასაც არ ახსოვს.

იცით, რომ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ორივე ჯგუფში 20 გუნდი მონაწილეობს: 21 თებერვალს A ჯგუფში მეორე ეტაპის პირველი ტური
ჩატარდა, მაგრამ უსახსრობის გამო "სასკო" დაიშალა და "ჭიათურასთან" მისი მატჩი გადაიდო. ასევე მოხდა B ჯგუფში, სადაც "დინამო 2" დაშალეს და გათამაშებას გამოეთიშა.

ჰოდა, ფედერაციაში გადაწყვიტეს, რომ შუა ჩემპიონატში ამ გუნდების ნაცვლად შემოიყვანონ მეორე ლიგის გუნდები - "სასკოს" ჩხოროწყუს "სამეგრელო" შეცვლის, ხოლო "დინამო 2"-ს - გურჯაანის "ალაზანი".

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ "სამეგრელო" და "ალაზანი" ასპარეზობას "სასკოსა" და "დინამო 2"-ის ქულებით გააგრძელებენ.

- ეს დანამდვილებით იცით?
- დიახ, ფედერაციაში ვიკითხე და დამიდასტურეს. მეორე საკითხია, რა პრინციპით აწინაურებენ რეგიონული ლიგების გუნდებს? მეორე ლიგაში სულ სამი ჯგუფია: დასავლეთში ლიდერი ხონის "იმერეთია", ცენტრალურში - ცხინვალის "ლიახვი", აღმოსავლეთში კი - "ცხუმი". ანუ ლიდერი გუნდები იგნორირებულები არიან.

ჩხოროწყუსა და გურჯაანს ენაცვალოს ჩემი თავი, ჩვენი ფეხბურთი რაიონების გუნდებით საზრდოობს, თავადაც რეგიონს წარმოვადგენთ, მაგრამ შუა სეზონში სხვა გუნდების დამატება რა უბედურებაა?! მსგავსი რამ სადმე ან ოდესმე თუ გსმენიათ?! ჯერ ხომ ამ წლის ჩემპიონატი უნდა დასრულდეს?!

ეს იგივეა, ახლა ინგლისის პრემიერლიგას "მანჩესტერი" რომ გამოაკლდეს და პრემიერშიფიდან, ვთქვათ, "დერბი" რომ შემოიყვანონ.

რომელი ქვეყნის მაგალითით ვხელმძღვანელობთ? უეფა და ფიფა ამაზე რას გვეტყვიან? და საერთოდ, რა "დურდომია"?! ფეხბურთის ფედერაციასთან ამიტომაც ვაპირებთ შეკრებას და ამ უმსგავსობაზე პასუხს ზვიად სიჭინავას მოვთხოვთ.

- კონკრეტულად რას ითხოვთ?
- თუ რომელიმე გუნდი დაიშალა, გავაგრძელოთ ჩემპიონატი იმდენი გუნდით, რამდენიც დარჩა. თუ ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, პირველი ლიგის კლუბები ჩემპიონატს ბოიკოტს გამოვუცხადებთ.

- აქციას რომელი კლუბები უერთდებიან?
- "ჩხერიმელას" გარდა, "სამგურალი", "საპოვნელა", "მეშახტე", "ჭიათურა", "ადელი", "მაჭახელა", "მერცხალი", "საბურთალო", ხობის "კოლხეთი" და "სქური".

* * *
ბუნებრივია, ინფორმაცია ფედერაციაში გადავამოწმეთ. აი, როგორ ახსნეს სიტუაცია ქართული ფეხბურთის მთავარ უწყებაში:

რეალურად, B ჯგუფიდან გამოთიშული თბილისის "დინამო 2"-ს არავინ ჩაანაცვლებს და ამ ზონაში 10-ის ნაცვლად ჩემპიონატს 9 გუნდი ჩაამთავრებს. ხოლო A ჯგუფში ასპარეზობას კვლავ 10 გუნდი გააგრძელებს. საქმე ისაა, რომ მეორე ლიგის გუნდი, ჩხოროწყუს "სამეგრელო", თბილისის "სასკოს" სახელით ითამაშებს.

თავდაპირველად, ამის სურვილი თურმე გურჯაანის "ალაზანს" ჰქონდა, მაგრამ "სასკოს" ვერ მოელაპარაკა. თბილისელებს უფრო მისაღები პირობები "სამეგრელოს" თავკაცებმა შესთავაზეს. მაგრამ გუნდი მეორე ლიგაშიც ითამაშებს - ცხადია, საკუთარი სახელით და სხვა შემადგენლობით.

ფედერაციაში ასევე განგვიმარტეს, რომ ამით იურიდიული ნორმები არ ირღვევა, რადგან ერთის ნაცვლად სხვა სახელის მქონე გუნდი არ ითამაშებს. სხვათა შორის, ადრე მსგავსი რამ თბილისის "მერანი 91"-ში მოხდა, რომელიც საფეხბურთო აკადემია "ოლიმპმა" შეისყიდა და შემდეგ გუნდი "თბილისის" სახელით გამოდიოდა.

აქ მეორე საკითხიც დგება - პირველი ლიგის გუნდებს მწირი ბიუჯეტები აქვთ და ზოგიერთს, თბილისის ნაცვლად, ჩხოროწყუში გასვლა ხარჯებს გაუზრდის. სფფ-ში გვითხრეს, რომ ამ უხერხულობის გამოსარიცხად, "სამეგრელო" აღმოსავლეთ საქართველოს გუნდებს თბილისში, 35-ე სკოლის სტადიონ "მარაკანაზე" უმასპინძლებს, ხოლო დასავლელებს - ჩხოროწყუში.

თავად კლუბის დაფინანსებას რაც შეეხება, ცხადია, პირველი ლიგის გუნდს რეგიონულზე მეტი ბიუჯეტი სჭირდება. ამ საკითხის მოსაგვარებლად უახლოეს დღეებში ჩხოროწყუს საკრებულოს წევრები შეიკრიბებიან და "სამეგრელოს" დაფინანსებას გაუზრდიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
თყუილა ნუ ილანძღებით. ეს ხალხი მართალია.
jora
14:03 24-02-2015
0
ვაა დომენტამ სულ გაუბერა.
hahaha
14:02 24-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული