ინფორმაციის გადასამოწმებლად "სამტრედიის" სპორტულ დირექტორ დავით მუჯირს დავუკავშირდით. მისი თქმით, გურულის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა.
"სანდრო გურულმა "სამტრედიაში" რომ ითამაშოს, ამის სურვილი თავადაც აქვს და ჩვენც, მაგრამ უახლოეს დღეებში იურიდიული და სხვა საკითხები უნდა გადაწყდეს. იმედია, მის აყვანას მოვახერხებთ.
გვეიმედება, რომ ასეთი გამოცდილი და მაღალი კლასის ფეხბურთელი "სამტრედიას" წარმატების მიღწევაში დაეხმარება", - ამბობს მუჯირი.
გურულს დავუკავშირდით და ბელორუსიდან წამოსვლის მიზეზებზე ვკითხეთ:
"იქ ცუდად ნამდვილად არ ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ძლიერი ჩემპიონატი აქვთ, მაგრამ საკმაოდ ნორმალური დონეა, პირობებით კი ბევრ ქვეყანას სჯობნიან. რაც მთავარია, ამ ქვეყანაში სტაბილური გარემოა, რაც ახლა დიდი პლუსია.
კონტრაქტი დამიმთავრდა, სოლიგორსკელებმა კი უკეთესი პირობები არ შემომთავაზეს. ამ დროს შევიტყვე, რომ ჩემი ძველი კლუბი - ლვოვის "კარპატი" დაინტერესდა და გუნდს შეკრებაზეც უნდა წავყოლოდი, მაგრამ აღარ დამიკავშირდნენ და ამ ლოდინში უგუნდოდ დავრჩი...
"სამტრედიის" ინტერესმა ძალიან გამახარა. იმედია, ყველაფერი დადებითად გადაწყდება და გუნდს დავეხმარები. მწვრთნელებსაც ვიცნობ, ბიჭებსაც და ატმოსფეროც მომწონს. დამიჯერეთ, ფულზე ლაპარაკი არ არის.
უგუნდოდ დარჩენილს კლუბის ხელმძღვანელობა გვერდში რომ დამიდგა, ყველაზე მეტად ამან გამახარა".
გურულის გარდა, "სამტრედიაში" ორი უკრაინელი ფეხბურთელიც ჩამოიყვანეს, მაგრამ მუჯირმა ამ საკითხის დაკონკრეტება არ ისურვა:
"ამ მოთამაშეებმა გუნდთან ერთად მართლაც ივარჯიშეს, მაგრამ ჯერ ვაკვირდებით და ვერ ვიტყვი, ავიყვანთ თუ არა".
დაბოლოს - შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ "სამტრედია" თავდამსხმელმა ზვიად ქანთარიამ დატოვა. ისევე, როგორც გუნდის ოთხმა ყოფილმა მოთამაშემ - გიორგი მელქაძემ, თორნიკე კაკუშაძემ, ბიჭიკო გედენიძემ და ილია პავლიაშვილმა, 24 წლის ქანთარიამაც მეორე ლიგის ბინადარ ხონის "იმერეთს" მიაშურა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"