მერანი-ცხინვალი 0:2 - მარტვილში ფეხბურთი დაბრუნდა

AutoSharing Option
"სახლის გუნდად" შერაცხილი "მერანი" მშობლიურ ქალაქს დაახლოებით ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. "ლელო" წერდა, რომ აქაურ არენას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, დაიგო მაღალხარისხიანი ხელოვნური საფარი, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, რამაც "მერანს" საშუალება მისცა, მეტოქეთათვის შინ ემასპინძლა.

მატჩს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ჩვენი ფეხბურთის სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, "მერანის" პრეზიდენტმა ფრიდონ ინჯიამ კი მრავლად მოსულ ქომაგს სასიამოვნო სიახლე აუწყა - სტადიონს ოფიციალურად მიენიჭა ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის, მურთაზ ხურცილავას სახელი, ადამიანის, რომელმაც სწორედ მარტვილის (ადრე "გეგეჭკორი" რომ ერქვა) "სალხინოდან" გაიკვლია გზა მსოფლიო ფეხბურთში, სადაც
საყოველთაო აღიარება და სიყვარული მოიპოვა.

მისასალმებელია, რომ მშობლიურმა კუთხემ მურთაზ ხურცილავა სიცოცხლეშივე დააფასა...

საკადრო პრობლემები ორივე გუნდს ჰქონდა. "მერანის" შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ პაპუნა ფონიავა, რომელსაც მამა გარდაეცვალა; სტუმართაგან კი - ნიკა კაჭარავა.

უშუალოდ შეხვედრა კი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. პირველივე წუთებზე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა საბა ლომია, რომელმაც გოლის გატანის რეალური შანსი ქარს გაატანა.

გულხელდაკრეფილები არც ცხინვალელები ყოფილან. შინდაგორიძის მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული ზურაბ მამალაძის კარს მცირე მანძილით ასცდა. "მერანს" გატანა 34-ე წუთზე შეეძლო - გიგა წურწუმია კარგად კი შეიჭრა საჯარიმოში, თუმცა მისმა დარტყმულმა სანტიმეტრებში ჩაუქროლა მიზანს.

აქვე ვთქვათ არჩათვლილ გოლზეც. ეს იყო ლევან გეგეჭკორის ეპიზოდი, როცა არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ, ასისტენტთან ერთად, ბევრისთვის საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა...

ტაიმის ბოლოსკენ "ცხინვალმა" იძალა. ჯერ იყო თეიმურაზ მარკოზაშვილის სახიფათო დარტყმა, რასაც 42-ე წუთზე მისივე გოლი მოჰყვა - მშვენივრად ისარგებლა მცველების დაუდევრობით და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა - 0:1.

შესვენების შემდეგ "მერანმა" შეტევა კიდევ უფრო გააძლიერა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ფლანგები, სადაც კიჭი მელიავა და გეგეჭკორი მოქმედებდნენ. ამის მიუხედავად, რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე არ მისულა.

თავის მხრივ, სტუმრები სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ და ამ ტაქტიკამ შედეგიც გამოიღო. საჯარიმოს მისადგომებიდან შინდაგორიძის "მოჭრილი" დარტყმა მამალაძისთვის აუღებელი აღმოჩნდა - 0:2.

მასპინძელთა უკრაინელი დამრიგებელი ვლადიმირ ლობასი მიხვდა, რომ საქმე ცუდად იყო და შეტევის გაძლიერება სცადა. ინერტული ქიქავას, წურწუმიასა და კუშნირის ნაცვლად მან მოედანზე ციცხვაია, ჯღამაია და შულაია შეუშვა. ამით "მერანის" თამაში კი გამოცოცხლდა, თუმცა შედეგი მაინც ვერ გამოიღო.

ამ გამარჯვებით "ცხინვალმა" სატურნირო ცხრილში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და, რაც მთავარია, გუნდის ქომაგთა გასახარად, გამარჯვების გემოც გაიხსენა. "მერანმა" კი წლის პირველი, ჭეშმარიტად საშინაო გამარჯვება მომავლისთვის გადადო.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
01.03. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 2 000 მაყურებელი
მერანი-ცხინვალი 0:2
გოლი: 0:1 მარკოზაშვილი (42), 0:2 შინდაგორიძე (58)
მერანი (4-5-1): მამალაძე - მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე - გეგეჭკორი, ქიქავა (60. დ. ციცხვაია), წყაროზია, კუშნირი (60. ჯღამაია), წურწუმია (46. შულაია) - ლომია.
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ი. ციცხვაია, პეტავა, რუხაია
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
ცხინვალი (4-4-2): ნადირაძე - იმედაშვილი, მარკოზაშვილი, კაჭკაჭიშვილი, მახარობლიძე - ცაცკრიალაშვილი (89. რუხაძე), კილასონია, შინდაგორიძე, ჯიშკარიანი - ცერცვაძე, ივანიშვილი (46. ქარდავა).
სათადარიგოები: ნანიევი, მაისაშვილი, ბურძენაძე, ბაჩიაშვილი, ლექვთაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გაფრთხილება: ქარდავა (92)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბომბარდირები
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 6
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 5

შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს.


მომდევნო მატჩები. XVIII ტური
5 მარტი, ხუთშაბათი
გურია-მეტალურგი
დინამო (ბთ)-დილა
დინამო (თბ)-ზესტაფონი
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია
ჩიხურა-შუქურა
სამტრედია-სიონი
ტორპედო-მერანი

6 მარტი, პარასკევი
ზუგდიდი-კოლხეთი

9 მარტი, ორშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ აკეთებ ასეთ კომენტარს მწვრთელებზე?
0
მარტვილში ფეხბურთი კი დაბრუნდა მაგრამ რათ გინდა, ვითომდა მაღალი დონის მწვრთნელები ლობასი და ყველაფრის მცოდნე ღონღაძე დაღუპავენ მერანს და მის პრესპექტიულ ბჭებს. ასეთი რამ არსად მომხდარა სტადიონის გახსნის დღეს ათასობით მაყურებლის თანდასწრებით თამაშს აგებ. თავმოყვარე მწვრთნელი გადადგებოდა. ერთი კითხეთ მაგ ბედოვლათ მწვრთნელებს ბოლოს სად ნახეს ამდენი მაყურებელი. არც უნახიათ და ვერც ნახავენ რადგან ისინი ამას არ იმსახურებენ. თვითონ ფეხბურთელებს კი წარმატებას ვუსურვებ ყველგან და ყველაფერში კარგი ბიჭები არიან.
diego
15:03 02-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული