კვირას "სამტრედიამ" სტუმრად "ვიტ ჯორჯია" 1:0 დაამარცხა და წინსვლის პერსპექტივა შეინარჩუნა.
გუნდის მთავარ მწვრთნელ ზაზა ზამთარაძეს ჩემპიონატში არსებულ ვითარებაზე ვესაუბრეთ. მცირე ინტერვიუში სხვა თემებსაც შევეხეთ...
- თბილისის "დინამოსთან" ბოლნისის "სიონის" მოგებამ ჩემპიონატში ისედაც დაძაბული
- დარწმუნებული ვარ, ყველა ტურში უშეღავათო ბრძოლა იქნება. ეს არა მხოლოდ ლიდერთა ჯგუფს, არამედ აუტსაიდერებსაც ეხებათ. ქულებს შორის ძალიან მცირე სხვაობაა. მთავარია, ახლა პირველობის შანსიც ბევრ გუნდს აქვს და უმაღლეს ლიგაში დარჩენისაც.
- თქვენი აზრით, რეალურად, ჩემპიონობის შანსი რომელ გუნდებს აქვთ?
- ყველა ამბობდა, რომ ფავორიტები "დილა", "დინამო" და ჩვენ ვიქნებოდით, მაგრამ ბათუმის "დინამო" უნდა გამოვრიცხოთ? ეს გუნდი უკვე მესამე ადგილზეა, ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს, ძლიერი სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები ჰყავს... დარწმუნებული ვარ, ბათუმელები მაღალი მიზნებისთვის უკანასკნელ ტურამდე იბრძოლებენ.
ბოლო პერიოდში სამეულში ხვდებოდა და ევროთასებზეც თამაშობდა "ჩიხურა" და, შესაბამისად, ამ გუნდის ჩამოწერაც დიდი შეცდომა იქნებოდა. ახლა ძალიან ძნელი სათქმელია, ბოლოს ვინ რომელ ადგილზე აღმოჩნდება.
- ზოგად დონეზე რას იტყვით?
- ჩემპიონატი დაძაბულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს და ვერც ვერავინ დამარწმუნებს, რომ გნებავთ, მოთამაშეთა კლასი, გნებავთ, გუნდებისა და ჩემპიონატის დონე გაიზარდა.
- თქვენი აზრით, ეს დაძაბულობა კლასის გაზრდას არ გამოიწვევს?
- მე კი მინდა, ასე იყოს, მაგრამ... უბრალოდ, დაძაბულობამ იმატა. ავიღოთ თბილისის "დინამო". დიდი ხანია ეს გუნდი სწორ გზას დაადგა და წესით, ახლა სხვებზე ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს, თუმცა ასე არ არის და კონკურენტებთან ხარისხობრივი უპირატესობა არ აქვს.
- ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "სამტრედიაში" ბევრი ახალწვეული გამოჩნდა. შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ დროისთვის გუნდი დაბალანსებულია?
- არის პოზიციები, რომლებზეც გაძლიერება გვჭირდება და ვცდილობთ, კიდევ უფრო გავძლიერდეთ.
- ამ მიზნით უკრაინელები მიიწვიეთ, მაგრამ სანდრო გურულისგან განსხვავებით, ისინი "ვიტ ჯორჯიასთან" განაცხადშიც ვერ მოხვდნენ...
- სამწუხაროდ, უკრაინელებმა იმედები ვერ გაამართლეს და გავუშვით.
- ცნობილი მოთამაშეების დამატების გამო ბევრი ფიქრობს, რომ ეროვნულ ჩემპიონატში "სამტრედია" ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კლუბია...
- ეს ვინ გითხრათ? თქვენ გგონიათ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ბათუმის "დინამოს", "ჩიხურას" ან "დილას" ფეხბურთელებზე მაღალი ხელფასები აქვთ?
- არ არის ასე?
- ჩვენი პლუსი ისაა, რომ "სამტრედია" შეკრული, მეგობრული და თანამოაზრეთა კლუბია, თორემ კონკურენტებზე უკეთესი პირობები ნამდვილად არ გვაქვს. მაგრამ მეორე მხარეა, რომ სამტრედიაში ყველა ფეხბურთით ცხოვრობს და ეს თანადგომა იგრძნობა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"