დინამო (თბ)-ზესტაფონი 3:2 - სუსხიანი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ სამი მატჩია, "დინამოსა" და "ზესტაფონის" მატჩები ერთნაირი ანგარიშით (3:2) მთავრდება; თუმცა ამ სამიდან "ზესტაფონმა" მხოლოდ ერთი მოიგო (წინა სეზონის ფინიშისკენ იყო), მიმდინარე ჩემპიონატში კი "დინამომ" ორივე დაპირისპირებაში აჯობა იმერულ კლუბს.

თუმცა, გუშინდელ სუსხში ჩატარებული მატჩი წინა ორი პაექრობისგან ბევრით განსხვავდებოდა: ჯერ ერთი, "ზესტაფონი" აღარ არის ის გუნდი, საჩემპიონო ამბიცია რომ ჰქონდა; მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორიც, რომ გუშინდელი მართლაც რთული მოგებით "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა.

ჰო, ამინდის მსგავსად, მატჩიც "სუსხიანი" გამოდგა და ვიდრე ამ უხვგოლიანი და საინტერესო შეხვედრის
პერიპეტიებზე ვისაუბრებდეთ, მანამდეც გვინდა იმის აღნიშვნა, რომ "ზესტაფონის" ახალ თავკაცს, გიორგი მიქაძეს სრულიად ახალი და ერთობ სიმპათიური გუნდი ჰყავს, გუნდი, რომლისგანაც ნებისმიერ მეტოქესთან ტოლი-ტოლზე პაექრობა არავის უნდა გაუკვირდეს და ამის ნათელი დადასტურება იყო გუშინდელი მატჩიც: ფაქტობრივად, მეორე წრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე "შეკოწიწებულმა" "ზესტაფონმა" მაქსიმალური მონდომებით ითამაშა და მატჩი ფრედ რომ მორჩენილიყო, არც ეს უნდა გაჰკვირვებოდა ვინმეს.

"დინამოს" ნამდვილად არ უჩვენებია საუკეთესო თამაში, თუმცა კახა გოგიჩაიშვილის გუნდისათვის 5 მარტს გამართულ შეხვედრაში მთავარი 3 ქულის აღება იყო და მოქმედმა ჩემპიონმაც მართლაც მძიმე ბრძოლაში ეს შეძლო.

მატჩის დასაწყისი ისეთი გამოდგა, ყველას საინტერესო ამბებს რომ "გვპირდებოდა": სტუმრების პირველივე კონტრშეტევა ირაკლი სიხარულიძის სახიფათო დარტყმით დამთავრდა, ამას კი დინამოელთა ახალწვეულის, სტეფან ბუკორაცის შეცდომა მოჰყვა, რომელმაც, რატომღაც, საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ტექნიკის დემონსტრირება მოინდომა და რისთვისაც მწარედ დაისაჯა კიდეც - ზვიად სიხარულიამ მეტოქეს ბურთი "მოპარა", ლიბორ ჰრდლიჩკასთან პირისპირ გავიდა და "ზესტაფონის" მაისურით პირველი გოლიც გაიტანა!

ამას დინამოელთა "გამოფხიზლება" მოჰყვა და ვახტანგ ჭანტურიშვილის აქტიურობის მერე მანუელი "ერთი შეხებით" ურტყამდა, მაგრამ დავით კუპატაძე ბურთს ადგილზე დახვდა.

მოკლედ, გაშვებულმა გოლმა "დინამო" აშკარად "გამოაფხიზლა" და მალე ოთარ კიტეიშვილის (გუშინდელი მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის) ჩინებული რეიდიც ვიხილეთ, თუმცა კუპატაძემ ამჯერადაც უშეცდომოდ ითამაშა.

ამის მერე თამაში ოდნავ ჩაწყნარდა, თუმცა ტაიმის მიწურულს ისევ მასპინძლები გამოცოცხლდნენ და ამჯერად უკვე ლაშა შერგელაშვილი დაემუქრა სტუმართა კარს. "დინამომ" მაინც შეძლო შესვენებამდე გოლის გატანა: ჭანტურიშვილის მიერ მარჯვენა ფლანგზე დაწყებული შეტევა ოთარ კაკაბაძემ გააგრძელა, რასაც კიტეიშვილის აქტიურობა მოჰყვა და ბოლოს, მანუელმა ბურთს მიმართულება ისე შეუცვალა, რომ ანგარიში გათანაბრდა!

შესვენების მერე კი თამაშიც "გაიხსნა", შეცდომებმაც იმატა და ყვითელმა ბარათებმაც; ეგ კი არა, ბევრის აზრით, გუშინ წითელი ფერის ბარათიც უნდა გვეხილა: იმ ეპიზოდს ვგულისხმობთ, როცა მანუელი სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან დავით კუპატაძემ წააქცია, მაგრამ არბიტრი მხოლოდ ყვითელი ბარათით დაკმაყოფილდა.

თუმცა, "ზესტაფონსაც" ექნებოდა პრეტენზიები იმ საკამათო ეპიზოდში, როცა პენალტს ითხოვდნენ. ეს ყველაფერი მეორე ტაიმის ბოლოსკენ იყო, მანამდე კი ვნახეთ ათწუთიანი მონაკვეთი, რომელიც "დინამოს" აშკარა უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს - ჯონი ჯერემიას სულ ცოტა დააკლდა გოლის გასატანად.

სამაგიეროდ, "დინამომ" შეძლო თავისი უპირატესობის გოლად "გარდასახვა": რენე ფერეირამ ბურთი საკუთარი მოედნიდან წამოიღო, რასაც მანუელისა და კიტეიშვილის ეფექტური კომბინაცია მოჰყვა და "ზესტაფონის" მცველებსაც ვერცხლისწყალივით მოძრავი კიტეიშვილის შეჩერება წესების დარღვევით მოუხდათ.

პენალტი საკამათო არავისთვის უნდა ყოფილიყო და მანუელმაც პირველი "ქართული დუბლი" შეასრულა.

თუმცა, "ზესტაფონი" დანებებას არ აპირებდა და მასპინძელთა მორიგი უხეში შეცდომით მშვენივრად ისარგებლა! ამჯერად უკვე ლიბორ ჰრდლიჩკა შეცდა, რომელმაც ბურთი იმერელთა კლუბში სულ ახლახან ჩარიცხულ მათე კვირკვიას ჩააბარა, ამ უკანასკნელის გამჭოლი გადაცემით კი გურამ სამუშიამ მშვენივრად ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ კვირკვიაც და სამუშიაც მოედანზე ახალი შემოსულები იყვნენ...

მერე იყო ზემოთ ნახსენები ის საკამათო ეპიზოდი, მანუელის წაქცევას რომ მოჰყვა; თუმცა, "დინამომ" მაინც ნახა სარგებელი: ლაშა თოთაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა "სტანდარტულების" შესრულებაში და მძლავრი "ცაციათი" თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

მატჩის ბოლო წუთები კი "ნერვულ ფონზე" მიმდინარეობდა: "დინამომ" ტრავმის გამო კაპიტანი, ნიკა ჭანტურია დაკარგა და მასპინძლებმაც ათი კაცით ჩაამთავრეს თამაში.

ერთ ეპიზოდში კი მათე კვირკვიას შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ სტუმრებმა "გასამება" ვეღარ შეძლეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
05.03. თბილისი. "დინამო არენა". 2000 მაყურებელი
დინამო (თბ)-ზესტაფონი 3:2
გოლები: 0:1 სიხარულია (3), 1:1 მანუელი (45. კიტეიშვილის პასით), 2:1 მანუელი (58-პენ), 2:2 სამუშია (70. კვირკვიას პასით), 3:2 თოთაძე (73)
დინამო (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, ჭანტურია, რენე ფერეირა, თოთაძე - ცინცაძე, ბუკორაცი (56. პარუნაშვილი) - ჭანტურიშვილი (64. ჩირგაძე), კიტეიშვილი (79. ჯანელიძე), შერგელაშვილი - მანუელი.
სათადარიგოები: დაუშვილი, ტაბატაძე, გველესიანი, ჯიღაური
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
ზესტაფონი (5-2-3): კუპატაძე - მთივლიშვილი, რობაქიძე, ლომაია, მარაქველიძე, რაჟამაშვილი (68. გ. სამუშია) - ვასაძე, სიხარულია (79. ბერიძე) - ჯერემია (56. კვირკვია), სიხარულიძე, ილურიძე.
სათადარიგოები: ჯალაღანია, ვ. ნემსაძე, ლ. მჭედლიშვილი, გაჩეჩილაძე
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გაფრთხილება: სიხარულია (25), ბუკორაცი (47), ლომაია (58), კაკაბაძე (64), კუპატაძე (72), მანუელი (74), კვირკვია (76), ჭანტურია (84)
არბიტრი: ლ. სილაგავა

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 5
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

6 მარტი
ზუგდიდი-კოლხეთი

9 მარტი, ორშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები

მომდევნო (XIX) ტური
13 მარტი, პარასკევი
ცხინვალი-სამტრედია
მერანი-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-სიონი

14 მარტი, შაბათი
მეტალურგი-ჩიხურა
შუქურა-დინამო (თბ)
კოლხეთი-გურია
დილა-ზუგდიდი
ვიტ ჯორჯია-ტორპედო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მსაჯები ფიზ-მომზადებას აბარებენ სადმე? შეხედეთ სად იმყოფება ან თერთმეტმეტრიანის დროს ან სხვა სახიფათო შეტევებისას???
ივანე
15:06 06-03-2015
0
მეკარეა ვერაფერ იტყვი 2 ბურტი აჩუქა :D სად პოულობთ ამ ანტიკვარებს ტო
qomagi
22:37 06-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული