ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0 - ცხინვალის ენდშპილი

AutoSharing Option
ეს გუნდები ბოლო დღეებში ერთმანეთის ყველაზე ხშირი მეტოქეები გახდნენ - ჯერ იყო და, საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალის პირველ მატჩში გადაეყარნენ ერთმანეთს, ახლა კი ჩემპიონატის ჯერი დადგა. კიდევ ერთი, საპასუხო სათასო ჯახი ორშაბათს მცხეთაში შედგება.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს "ცხინვალი" მატებით შეეგება. განაცხადში მოხვდა ლატვიის მოქმედი ჩემპიონი თორნიკე თარხნიშვილი, რომელიც "ვენტსპილსიდან" წამოსვლის შემდეგ უგუნდოდ იყო. სამაგიეროდ, კახა კაჭარავამ ამ მატჩში ბაჩანა არაბული და გიორგი ივანიშვილი მოისაკლისა. ორივე ამ ფეხბურთელმა მსუბუქი ტრავმის გამო ვერ შეძლო მინდორზე გასვლა.

რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას", ზურაბ
ბერიძის
გუნდს, სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. ეროვნული ჩემპიონატის აუტსაიდერს უსათუოდ გამარჯვებაზე უნდა ეთამაშა.

ორივე გუნდის მწვრთნელებმა გარკვეულ ტაქტიკურ გადაადგილებებს მიმართეს. ასე მაგალითად, "ცხინვალის" რიგებში საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა დავით იმედაშვილმა, რომელიც აქამდე დაცვის ცენტრს ამაგრებდა. "ვიტ ჯორჯიაში" კი მისთვის უჩვეულო, მარცხენა ფლანგზე იყო გამწესებული ლევან საბაძე, ხოლო მარჯვენა ნახევარმცველის პოზიცია ამპლუით მარჯვენა მცველ ლუკა თათხაშვილს ეჭირა.

თამაშის დაწყება და "ცხინვალის" საგოლე შანსი ერთი იყო. ნიკა კაჭარავა მახვილი კუთხიდან პირისპირ შეეყარა ჯონი შეროზიას, მაგრამ "ვიტ ჯორჯიის" კარის დარაჯმა იმარჯვა და ცხინვალელთა თავდასხმის ლიდერს არ გაატანინა.

მე-13 წუთზე უკვე ბიძინა მახარობლიძემ იაქტიურა. მასპინძელთა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ნახევარ ბრუნში დაარტყა ბურთი, რომელიც კინაღამ კარში ჩაეშვა.

ცოტაც და, მე-19 წუთზე "ვიტ ჯორჯია" ანგარიშს გახსნიდა. ცენტრალური მცველებისა და მეკარის შეუთანხმებლობით კარგად ისარგებლა ლევან საბაძემ და დასარტყმელ პოზიციაზეც გავიდა, მაგრამ რაღაც სასწაულით ვერ გაიტანა.

ტაიმი ისევ "ცხინვალის" მომენტით მორჩა - კაჭარავამ ძლიერად დაარტყა და შეროზიამ მხოლოდ განმეორებითი მცდელობისას დაიმორჩილა ბურთი.

მეორე ტაიმი სანახაობრივი თვალსაზრისით უფრო მდარე იყო, თუმცა მინდორზე დაძაბულობამ იმატა. 47-ე წუთზე "ვიტ ჯორჯიის" ერთ-ერთი მცველის შეცდომით კარგად ისარგებლა კაჭარავამ და ხელსაყრელ სიტუაციაში დატოვა მახარობლიძე, რომელმაც მეკარეს ვერ აჯობა.

65-ე წუთზე შოთა დავლაშელიძემ საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო ცხინვალელ მეურვეს და კარშიც დაარტყა - კაჭარავას გუნდი, რომ იტყვიან, ზღაპარში გადარჩა.

მატჩის ენდშპილი "ცხინვალმა" უფრო აქტიურად ჩაატარა. ისე ჩანდა, რომ მასპინძლებს მეტი ძალა შემორჩათ. ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე გავიდა - ნიკა კაჭარავას აქტიურობის შემდეგ ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით შეროზიას კარი ლაშა შინდაგორიძემ აიღო.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
05.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 500 მაყურებელი
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0
გოლი: 1:0 შინდაგორიძე (82)
სპარტაკი (4-5-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, კილასონია, ჯიშკარიანი - მარკოზაშვილი (46. ქარდავა), იმედაშვილი, მახარობლიძე, შინდაგორიძე - ცაცკრიალაშვილი (67. ლექვთაძე) - კაჭარავა (90. მაისაშვილი).
სათადარიგოები: კერესელიძე, ბაჩიაშვილი, თარხნიშვილი, ბურძენაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ვიტ ჯორჯია (4-5-1): შეროზია - კალანდია, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, დანელია - თათხაშვილი, კურდღელაშვილი (57. მაისურაძე), დავლაშელიძე, გახარია (86. ხვისტანი), საბაძე (78. დემეტრაშვილი) - ლობჯანიძე.
სათადარიგოები: ისერგიშვილი, წენგუაშვილი, კუხალეიშვილი, ღიბრაძე
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
გაფრთხილება: გახარია (63)
არბიტრი: გ. დოგრაშვილი

06.03. ზუგდიდი. "ბაიას ბაზა". 15:00
ზუგდიდი-კოლხეთი


9 მარტი, ორშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები

მომდევნო (XIX) ტური
13 მარტი, პარასკევი
ცხინვალი-სამტრედია
მერანი-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-სიონი

14 მარტი, შაბათი
მეტალურგი-ჩიხურა
შუქურა-დინამო (თბ)
კოლხეთი-გურია
დილა-ზუგდიდი
ვიტ ჯორჯია-ტორპედო

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 5
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული