ენთუზიასტების გუნდი

AutoSharing Option
წლების განმავლობაში ზუგდიდი დიდი ფეხბურთის გარეშე იყო დარჩენილი და აი, 2007 წელს, ბესიკ შეროზიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მგლებმა" უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. ორი სეზონის განმავლობაში "მგლები" მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა (ორივეჯერ VII ადგილი დაიკავა), შემდეგ გუნდს "ბაია" დაერქვა და XXI ჩემპიონატიც ამ სახელწოდებით დაასრულა. ოღონდ, წინა სეზონი ზუგდიდური გუნდის აქტივში ნამდვილად ვერ ჩაითვლება: "ბაიას" უმთავრესი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო და საბოლოოდ, "გადამრჩენელ", VIII ადგილზე გავიდა. თუმცა, XXII ჩემპიონატის დაწყებას ზუგდიდში ყველა დიდი ინტერესით ელოდა; და, არამხოლოდ ზუგდიდში - 2010 წლის
ზაფხულში "ბაიამ" ისეთი მასშტაბური და "ხმაურიანი" კამპანია აწარმოა, ლამის იყო, მედლების ერთ-ერთ კანდიდატადაც გამოვაცხადეთ.

რა თქმა უნდა, ვეტერანი მცველის, სევასტი თოდუასა და ახალგაზრდა ზამბიელი შემტევის, ჩისამბა ლუნგუს წასვლა სერიოზული დანაკლისი იყო, მაგრამ შევსებას მართლაც სოლიდურზე მეტი ეთქმოდა. თავად განსაჯეთ: დავით ჭიჭეიშვილს, ალექსანდრე გოგობერიშვილს, გიორგი მეგრელაძესა და კახა ჩხეტიანს საქართველოს ჩემპიონატში სხვადასხვა დროს არაერთი წარმატებული სეზონი ჰქონდათ ჩატარებული; სხვა ახალწვეულებსაც (გრიგოლ დოლიძე, გიორგი ხიდეშელი, გელა ხუბუა) საკმარისზე მეტი გამოცდილება ჰქონდათ და, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ ადგილობრივ ფეხბურთელებსაც გააჩნდათ იმის პოტენციალი, გუნდს მაღალი მიზნებისათვის ებრძოლა.

მოკლედ, მთავარი მწვრთნელის, ელგუჯა ქომეთიანის წინაშე, წინა სეზონისაგან აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები უნდა ყოფილიყო; მით უფრო, რომ არანაკლებ სოლიდური მატება იყო სამწვრთნელო შტაბშიც: "ბაიას" კონსულტანტად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ოთარ გაბელია დაინიშნა, ვისაც ზუგდიდში ამავე ნაკრებში მისი ასისტენტი ზაურ სვანაძეც გაჰყვა.

"ბაიას" ამბიციური გეგმების კიდევ ერთი წინაპირობა, სოლიდური და სერიოზული სპონსორის ფაქტორიც უნდა ყოფილიყო; გეხსომებათ, ალბათ, თუ რა კომპანიებზე მიმდინარეობდა "მარჩიელობა": "ბაიას" პოტენციურ დამფინანსებლადაც ხან "ჯეოსელს" ასახელებდნენ, ხან - "პეესპეს", ხან კიდევ არანაკლებ ცნობილ თუ გავლენიან ორგანიზაციას.

ამას გარდა, კიდევ ორი ფაქტორის გამო "ბაია" ისედაც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა ყოფილიყო: ჯერ ერთი, ამ გუნდში ხომ საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელთა ჯგუფი ირიცხებოდა; მეორე და მართლაც არცთუ უმნიშვნელო ფაქტორი კი ზვიად სიჭინავასთან ასოცირდებოდა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო ის პიროვნება, "ბაია" ვინც დააარსა და ვინც ააყვავა; ბოლოს და ბოლოს, ქართული ფეხბურთის მესაჭის სავარძელში სიჭინავა ხომ სწორედ "ბაიას" პრეზიდენტობიდან მოვიდა, - ჰოდა, ფედერაციის პირველი პირის გუნდს სოლიდური სპონსორის მოძებნა რატომ უნდა გასჭირვებოდა.

სამწუხაროდ, არც გავლენიანი პატრონი გამოჩნდა, პირველი წრის მერე უხელფასობითა და უპრემიობით შეწუხებულმა ახალწვეულებმაც გუნდი დატოვეს, და საერთოდაც, "ბაიაში" დარჩენილი მწვრთნელ-ფეხბურთელები პირველი ეტაპის ბოლომდე, ფაქტობრივად, მხოლოდ ენთუზიაზმზე თამაშობდნენ.


სევდა და ნაღველი
პირველი ეტაპი "ბაიამ" მარცხით დაიწყო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ზუგდიდელები "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრაში, სულ მცირე, ფრეს მაინც იმსახურებდნენ; თუმცა, მატჩის დასაწყისშივე "ბაიას" კაპიტანი როინ ონიანი მოედნიდან გააძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა, დიდი მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შენარჩუნება შეძლეს, სამგიეროდ, ამას ზედიზედ სამი წარმატებული მატჩი მოჰყვა, თანაც ერთმანეთზე ძლიერ მეტოქეებთან:

ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა ჯერ "ტორპედოს" მოუგო, მერე "დინამოსთან" ფრედ ითამაშა და შემდეგ, ჩემპიონობის ერთ-ერთ უპირველეს ფავორიტ "ზესტაფონსაც" აჯობა.

საერთოდაც, 11 სექტემბერს ჩატარებული ეს მატჩი პირველ ეტაპზე "ბაიას" უდავოდ, საუკეთესო შეხვედრად უნდა მივიჩნიოთ; აღარაფერს ვამბობთ გიორგი მეგრელაძის მიერ შესრულებულ "დუბლზე": 32 წლის ფორვარდმა სტუმართა სანაქებო მცველებსა თუ მეკარეს მთელი მატჩის განმავლობაში უამრავი თავსატეხი გაუჩინა და ერთი-მეორეზე უკეთესი ისეთი გოლებიც გაიტანა, ეფექტურიც რომ უნდა ვუწოდოთ, ჩინებულიც და, რაც მთავარია, დიდოსტატურიც.

სხვათა შორის, VIII ტურამდე "ბაიას" შემადგენლობიდან სტუმართა კარში გოლები მხოლოდ ორ ფეხბურთელს გაჰქონდა: ვეტერან თავდამსხმელს, გიორგი მეგრელაძეს და ახალგაზრდა შემტევს, ლუკა გუგუჩიას. ამასობაში კი პირველი წრის ფინიშიც ახლოვდებოდა და კულუარებშიც, ჯერ "ჩუმ-ჩუმად", მერე კი უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ "ბაიას" სერიოზულ ფინანსურ კრიზისზე. არადა, გუნდის სატურნირო მდგომარეობას ნორმალური უფრო ეთქმოდა - "ბაია" ლიდერთა სიახლოვეს იმყოფებოდა, გიორგი მეგრელაძე კი რვა მატჩში ექვსი გატანილი გოლით იმ მომენტისათვის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ.

თუმცა, სექტემბრის ბოლოსთვის "ბაიაში" ისეთი ამბები მოხდა, ერთი პირობა, გუნდის ჩემპიონატიდან გამოთიშვაზეც წავიდა ლაპარაკი. მიზეზი კი, რაღა თქმა უნდა, უსახსრობა იყო: კარგად გვახსოვს ელგუჯა ქომეთიანის იმდროინდელი ნაღვლიანი და პესიმისტური ინტერვიუები, როცა "ბაიას" მთავარი მწვრთნელი გუნდის ფინანსური კრიზისზე საუბრობდა. აბა, როგორი საქმეა, როცა თაამაშიდან თამაშამდე სავარჯიშო პროცესის ჩატარების ნაცვლად, გუნდის სამწვრთნელო შტაბი გასვლით მატჩზე გასამგზავრებლად საჭირო პრობლემებზე იფიქრებდა? ეგ კი არა, აღმოსავლეთ საქართველოში წამოსასვლელი ფული რომ არ ჰქონდათ, საწვავს ნისიად იღებდნენ, ხელფას-პრემიებზე ხომ, საერთოდ, ზედმეტი იყო ლაპარაკი. ამიტომაც იყო, რომ მეორე წრეში, ფაქტობრივად, სახეშეცვლილი "ბაია" ვიხილეთ: ფაქტობრივად, ყველა მოწვეულმა ახალწვეულმა გუნდი დატოვა და ელგუჯა ქომეთიანის განკარგულებაშიც მხოლოდ ორი-სამი ადგილობრივი გამოცდილი ფეხბურთელიღა დარჩა;

სამაგიეროდ, თავის გამოჩენის შანსი მიეცათ მანამდე დუბლშემადგენლობაში მოასპარეზე ახალგაზრდებს და წინდაწინ უნდა ითქვას, რომ "ბაიას" მთელ რიგ შეხვედრებში ურიგოდ ნამდვილად არ უასპარეზია. უფრო მეტიც, ღრმა ფინანსურ კრიზისში მყოფმა და ფაქტობრივად, გადახალისებულ-გაახალგაზრდავებულმა გუნდა მეორე წრეში ორი სიურპრიზიც შემოგვთავაზა: ჯერ იყო და სტუმრად "სიონს" მოუგო, შემდეგ კი თბილისში "დინამოსთან" ფრედ ითამაშა. პირველი ეტაპი "ბაიამ" V ადგილზე კი დაამთავრა, მაგრამ ზუგდიდში არავის აქვს იმის ილუზია, რომ გუნდს რაიმე სერიოზული მიზნები ექნება. "სერიოზულიც", უმთავრესიც და, საერთოდაც, ერთადერთი მიზანი ყველასათვის ცხადია - გუნდმა როგორმე უნდა შეძლოს და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. ოღონდ, ჩემპიონატის მეორე და გადამწყვეტ ეტაპზე გუნდს რა შემადგენლობა ეყოლება, ძნელი სათქმელია - "ბაიას" იმ გადახალისებულ-გაახალგაზრდავებული შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელით ხომ სერიოზულად არიან დაინტერესებული წამყვანი ქართული გუნდები.


მეკარეები
"ბაიას" ძირითად მეკარედ გამოცდილი გიორგი სომხიშვილი მიიჩნეოდა, მაგრამ, პირველი წრის შემდეგ (უფრო ზუსტად, ფინანსური კრიზისის გაღრმავებისთანავე) მან გუნდი დატოვა; ისევე როგორც მისმა დუბლიორმა, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა ყველაზე ტანმაღალმა მონაწილემ ვლადიმერ ზუხბაიამ; ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მეორე წრეში "ბაიას" ძირითადი მეკარე 20 წლის თორნიკე ზარქუა უნდა გამხდარიყო, ვინც მანამდე დუბლშემადგენლობაში ასპარეზობდა. მეორე წრეში ზარქუამ ცხრა მატჩი ითამაშა და ცხრა გოლი გაუშვა, მაგრამ ამ ახალგაზრდა მეკარის მიმართ სასაყვედურო არავის ჰქონდა; უფრო პირიქით იყო: რამდენიმე შეხვედრა მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარა, განსაკუთრებით კი 5 ნოემბრის მატჩი გვინდა გამოვყოთ, როცა გასვლაზე თბილისის "დინამოსთან" არაერთი რთული ბურთი მოიგერია და, ფაქტობრივად, მარტომ მოუტანა საკუთარ გუნდს სენსაციური ქულა. სხვათა შორის, ზარქუას შეძენით ამჟამად სერიოზულად არის დაინტერესებული თბილისის "დინამო" და ეს ტრანსფერი თუ მართლაც შედგა, პერსპექტიულ მეკარეს პროფესიული წინსვლისთვის მშვენიერი შანსიც მიეცემა.


მცველები
ზარქუას მსგავსად, "დინამოს" ინტერესის სფეროში "ბაიას" კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელიც მოხვდა: ნიკა კვეკვესკირს გასული სეზონი, ალბათ, არასდროს დაავიწყდება. 18 წლის მარჯვენა მცველმა, გუნდში უამრავი ახალწვეულის მოსვლის მიუხედავად, "ბაიას" ძირითადშიც მყარად მოიკიდა ადგილი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეუცვლელი წევრიც გახდა და ბოლოს, თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა. ამ სწრაფ და უშიშარ მცველს ტექნიკური არსენალიც არ დაეწუნება და სხვა დადებითი თვისებებითაც დაჯილდოებულია: საპირისპირო ფლანგზეც შეუძლია თამაში და ნახევარდაცვის ცენტრშიც; სხვათა შორის, არც ის ფაქტი უნდა მივიჩნიოთ ჩვეულებრივ ამბად, რომ 18 წლის კვეკვესკირით დაინტერესებას ბუნდესლიგის "კაიზერსლაუტერნი" იჩენს.

მეორე წრეში "ბაიას" კიდევ ერთმა მარჯვენაფლანგელმა დაგვამახსოვრა თავი: 20 წლის დათა რიგვავა ძირითადში პირველად გამოჩნდა თუ არა, მაშინათვე "დუბლი" შეასრულა (სტუმრად-"სიონთან"), მომდევნო შეხვედრაში კი კიდევ ერთი გოლი გაიტანა. "ბაიას" ახალგაზრდა მცველებზე ვსაუბრობთ და, რაღა თქმა უნდა, იმავე კვეკვესკირისა თუ რიგვავას გამოცდილი პარტნიორებიც უნდა ვახსენოთ. მით უფრო, "ბაიას" სატურნირო მდგომარეობა ხომ ბევრად უფრო არასახარბიელო იქნებოდა, როინ ონიანი და ლევან აკობია ბოლომდე ერთგულნი რომ არ დარჩენილიყვნენ. მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, 35 წლის ონიანმა და 30 წლის აკობიამ ახალგაზრდა პარტნიორებს ერთგულების მშვენიერი მაგალითი მისცეს, ხანდახან თავიანთვის "უცხო" პოზიციაზეც უწევდათ თამაში, მაგრამ გაჭირვებაში მყოფი გუნდი არ მიატოვეს. სამწუხაროდ, სწორედ "ბაიაში" ასპარეზობისას დასრულდა დავით ჭიჭეიშვილის აქტიური საფეხბურთო კარიერა, ლამის ორ ათეულ წელიწადს რომ ითვლიდა. "ბაიასთვის" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ გიორგი კვესიეშვილიც და გუნდმა თუ ეს საიმედო ცენტრალური მცველი მეორე ეტაპზეც შეინარჩუნა, ამ შემთხვევაში ორივე "მხარე" მოგებული დარჩება.


ნახევარმცველები
"ბაიას" თავსდატეხილი ფინანსური კრიზისი ყველაზე მტკივნეულად ამ რგოლს შეეხო:

პირველი წრის დასრულებისთანავე გუნდიდან წავიდა ყველა ის ნახევარმცველი, სეზონის დაწყების წინ რომ გამოჩნდნენ ზუგდიდში; არადა, "ბაიას" წინასასეზონო ამბიციებს სწორედ ამ კვალიფიციურ ნახევარმცველთა გამოცდილება (გნებავთ, ოსტატობა) უფრო ამტკიცებდა: ალექსანდრე გოგობერიშვილს, კახა ჩხეტიანს, გრიგოლ დოლიძესა და გელა ხუბუას არაერთ გამორჩეულ ქართულ გუნდში წლების განმავლობაში ასევე არაერთი სეზონი ჰქონდათ გატარებული; თუმცა, მეორე წრეში, "ბაიას" ნახევარდაცვის ხაზი, ფაქტობრივად, მთლიანად შეიცვალა და ამჯერად წინა პლანზე ის ფეხბურთელები გამოვიდნენ, მანამდე დუბლშემადგენლობაში რომ ასპარეზობდნენ: შოთა ლომია, ირაკლი მალიჩავა, ლაშა კუკავა; სამწუხაროდ, ტრავმების გამო პირველი ეტაპის სრულად ჩატარება ვერ მოახერხეს ადგილობრივმა ახალგაზრდა ნახევარმცველებმა: ლუკა გუგუჩიამ და ზვიად სიხარულიამ; არადა, 19 წლის გუგუჩიაც და 18 წლის სიხარულიაც ჯერ კიდევ პირველ წრეშიც (ანუ, როცა გუნდში არნახული კონკურენცია იყო) ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებად მოიაზრებოდნენ; ისე როგორც "ბაიას" კიდევ ერთი შემტევი ნახევარმცველი ლევან წურწუმია. ეს სწრაფი გარემარბი "ბაიასთვის" მნიშვნელოვანი ფიგურაა და რამდენიმე ამბიციური ქართული გუნდის ინტერესთა სფეროშიც მოექცა.


თავდამსხმელები
წლები გადის, მაგრამ გიორგი მეგრელაძის შემთხვევაში თავდამსხმელის ასაკს მნიშვნელობა მართლაც არ უნდა მივანიჭოთ; ამ ფეხბურთელისათვის ხომ მართლაც სულ ერთია, რომელ გუნდში ასპარეზობს - ყველგან ავლენს თავის ჩინებულ გოლიადორულ თვისებებს.

საქართველოს ჩემპიონატში მეგრელაძე უზბეკეთიდან დაბრუნდა და როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, თავის ახალ გუნდში სეზონი მართლაც შთამბეჭდავად დაიწყო. სამწუხაროდ, სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული, მეგრელაძე "ბაიას" ვეღარ ეხმარებოდა - ფინანსური პრობლემების გამო გუნდი ამ გამოცდილმა ფორვარდმაც დატოვა; ისე როგორც "ბაიას" კიდევ ორმა "ხმაურიანმა" ახალწვეულმა: ლადო ახალაიამ და გიორგი მერაბის ძე ხიდეშელმა. სამაგიეროდ, მეორე წრიდან ძირითად შემადგენლობაში ვხედავდით ირაკლი ეხვაიას: 21 წლის ფორვარდი წინა ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა გახლდათ, მაგრამ ამ სეზონის დასაწყისში თამაში, ფაქტობრივად, არ უწევდა. არადა, ერთობ საინტერესო თავდამსხმელია და, რაც მთავარია, მშობლიურ გუნდს ერთ-ერთ ყველაზე უპრინციპულეს მატჩში დიდად დაეხმარა: პირველი ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, როცა "ბაიამ" თავის უშუალო კონკურენტს, "სამტრედიას" 3:1 მოუგო, ეხვაიამ მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა.


გია ტუხაშვილი


ბაიას ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
II ტური: ვიტ ჯორჯია-ბაია 2:1
III ტური: ბაია-ტორპედო 1:0
IV ტური: ბაია-დინამო 0:0
V ტური: ბაია-ზესტაფონი 2:1
I ტური: ბაია-სიონი 2:2
VI ტური: ოლიმპი-ბაია 2:0
VII ტური: ბაია-სპარტაკი 1:1
VIII ტური: ბაია-კოლხეთი 2:1
IX ტური: სამტრედია-ბაია 3:1
X ტური: სიონი-ბაია 1:3
XI ტური: ბაია-ვიტ ჯორჯია 1:0
XIV ტური: ბაია-ზესტაფონი 1:3
XII ტური: ტორპედო-ბაია 1:0
XIIIტური: დინამო-ბაია 0:0
XV ტური: ბაია-ოლიმპი 0:1
XVI ტური: სპარტაკი-ბაია 2:0
XVII ტური: კოლხეთი-ბაია 1:0
XVIII ტური: ბაია-სამტრედია 3:1


მეკარეები: თორნიკე ზარქუა-9, გიორგი სომხიშვილი-5, ვლადიმერ ზუხბაია-4;
მცველები: ლევან აკობია-16, ნიკა კვეკვესკირი-14 (1), როინ ონიანი-14, გიორგი კვესიეშვილი-14, დათა რიგვავა-10 (3), ივანე კანდელაკი-9, დავით ჭიჭვეიშვილი-8, თამაზ აკობია-5, ნიკა აფაქიძე-4, მამუკა მაქაცარია-2;
ნახევარმცველები: ლევან წურწუმია-13, ლუკა გუგუჩია-12(2), შოთა ლომია-12, ლაშა კუკავა-11, ზვიად სიხარულია-11, ალექსანდრე გოგობერიშვილი-9, ირაკლი მალიჩავა-9 (2), ლევან ვართაგავა-8, გრიგოლ დოლიძე-8, კახა ჩხეტიანი-6, გელა ხუბუა-4, კონსტანტინე ახალაია-1;
თავდამსხმელები: ირაკლი ეხვაია-11(2), გიორგი მეგრელაძე-8 (6), გიორგი მერაბის ძე ხიდეშელი-5, მურთაზ ჩანგელია-5, ლადო ახალაია-3 (1).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"








.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული