- ბათუმის "დინამოს" პროგრესი სავსებით კანონზომიერად მიმაჩნია. მართალია, არც საკუთარი სტადიონი გვაქვს, არც ოფისი და ინფრასტრუქტურის მხრივაც გვიჭირს, მაგრამ არის ფაქტორები, რაც საჩვენოდ მოქმედებს.
- რას გულისხმობთ?
- შემადგენლობის სტაბილურობას. ჩვენ შევძელით და მოთამაშეთა 95 პროცენტი შევინარჩუნეთ. ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომაც არ არის ჩვენთვის
ავიწყდებათ, რა ტრადიციების მქონე კლუბი გვყავს, ვინ არის ჩვენი მთავარი მწვრთნელი, სამწვრთნელო შტაბში და ხელმძღვანელობაში რა ხალხია, რა შემადგენლობა შეიკრიბა...
- უმაღლეს ლიგაში წლეულს დაბრუნდით. ბევრი ცნობილი მოთამაშე არ დაგიმატებიათ და სამეულში მოხვედრის სურვილზეც არ ლაპარაკობდით. ეტყობა, ამიტომაც ეგონა ბევრს, რომ მოკრძალებული მიზნები გქონდათ...
- სხვათა შორის, ზამთრის შესვენებისას ვიმსჯელეთ, რამდენად გამართლებული იქნებოდა რადიკალური ცვლილებები და ყველა შევთანხმდით - ეს არაფერს მოგვცემდა და ხმაურიან ტრანსფერებს, არსებული შემადგენლობის შენარჩუნება ვამჯობინეთ.
ზამთარში სულ ორმა ფეხბურთელმა დაგვტოვა - პაჭკორიამ და გავაშელიშვილმა, დანარჩენები ყველა შევინარჩუნეთ.
- ისე, გაძლიერება არავის აწყენს...
- საქმეც ისაა, რომ ცნობილი მოთამაშეების შეძენის საპირწონე სტაბილური და შეთამაშებული შემადგენლობაა. ჩვენ ვმუშაობთ და მაღალი ადგილებისთვის ვიბრძვით, რადგან ტრადიცია და შემადგენლობა ხელს გვიწყობს, თან არსადაც არ გვეჩქარება.
ბათუმის "დინამოს" გრძელვადიანი მიზანი აქვს - უნდა ვიმუშაოთ გუნდის ჩამოყალიბებაზე და არა ერთჯერადი შემადგენლობის შეკრებაზე. მიმაჩნია, რომ ეს უფრო შედეგიანი იქნება და გულშემატკივარი ამგვარი მიდგომის შედეგს მალე დაინახავს.
ფოტოზე: ასლან ბალაძე და შოთა ჭეიშვილი
- ანუ, ევროთასებზე გასვლა გადაუდებელ ამოცანად არ მიგაჩნიათ?
- ევროტურნირზე თამაში ყველა გუნდს სურს და ჩვენც არ ვართ გამონაკლისი. ამის გამოცდილებაც გვაქვს და გვსურს, ბათუმელმა მაყურებელმა ევროთასებზე ჩვენი გასვლით ისევ გაიხაროს. მაგრამ თუ გახსოვთ, ადრე ბათუმის "დინამოს" შოთა ჭეიშვილი 7 წლის განმავლობაში აყალიბებდა და ბოლოს ისეთ შემადგენლობას მოუყარა თავი და ისე შეათამაშა, თბილისის "დინამოს" საქართველოს თასი და სუპერთასი არ დავუთმეთ, უეფას თასზე კი ბათუმში "ეინდჰოვენთან" ფრედ ვითამაშეთ.
ჩვენ კვლავ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება გვსურს და ახლაც იმავე გზას ვადგავართ.
გია გეგუჩაძე "ზესტაფონში" ხუთწლიანი პროგრამის განხორციელებას აპირებდა. ერთჯერადი გუნდის არც მე მჯერა. ამის მაგალითები ალბათ ყველას ახსოვს. ამ გუნდებისგან ახლა მხოლოდ სახელები დარჩა. ეს ბოლო ათწლეულის სამწუხარო ქართული ტრადიციაა, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
- ანუ საკადრო რევოლუციას არც ზაფხულში უნდა ველოდოთ?
- შეიძლება, მაქსიმუმ 2-3 ფეხბურთელი დავიმატოთ, რომლებიც გაგვაძლიერებენ. მოკლედ რომ გითხრათ, ახლა ჩვენი საკადრო პოლიტიკა ასეთია - ხმაურს სტაბილურობას ვამჯობინებთ. შეთამაშებულ შემადგენლობას ბევრი რამ შეუძლია. გუნდი ნახევარ წელიწადში ვერ გაკეთდება. ასე ვერც კლუბი იზრდება და ვერც ფეხბურთელი.
ახლა ფედერაციამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, კონტრაქტი მინიმუმ ერთწლიანი უნდა იყოს. ნუთუ ფედერაციამ უნდა გვაიძულოს ის, რაც ჩვენსავე ინტერესებშია?! ნახევარი წელიწადი მოთამაშეს მხოლოდ ახალ გუნდთან შესაგუებლად სჭირდება და როგორ გაიხსნება? შოთა ჭეიშვილმა ეს კარგად იცის და ფეხბურთელებს მშვიდ გარემოს უქმნის, რომ არ ინერვიულონ, თავი კომფორტულად იგრძნონ და დაიჯერონ, რომ მწვრთნელი ენდობა.
სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ მესამე ადგილზე ყოფნა სწორედ ამ ნდობის შედეგია. ისიც მოქმედებს, რომ ბათუმს ყველა ფეხბურთელი ეჩვევა და აქ თავს კარგად გრძნობენ.
- ერთი ხანობა, აჭარაში ახალგაზრდები ძველებურად ვეღარ იზრდებოდნენ. ახლა რა მდგომარეობაა?
- სხვათა შორის, თავის დროზეც, ბევრი ახალგაზრდა სწორედ ჭეიშვილმა დააწინაურა და ახლაც იგივე ხდება. ბევრი ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდა. მაგრამ ეს ხდება გამოცდილების გამოყენების პარალელურად. ადგილობრივის დაწინაურება ჩვენი მომავალი თაობებისთვისაც სტიმულია, რადგან ბავშვი ხედავს, რომ პერსპექტივა მასაც აქვს და უფრო მონდომებით ვარჯიშობს.
იმედია, მალე საკუთარ სტადიონსაც აგვიშენებენ. კონკურსი გამოცხადებულია და მაკეტები უკვე წარადგინეს. 20 ათას მაყურებელზე გათვლილმა ოლიმპიურმა სტადიონმა ფიფას და უეფას სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. როგორც ვიცით, მშენებლობა წელს დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. ტერიტორია ქალაქის ცენტრში გამოყვეს, მისადგომადაც მოსახერხებელია. ამას გარდა, სტადიონს ექნება სათადარიგო მოედანი, დარბაზები, რაც კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"