სეზონში 40 გოლი! - ონელი ბომბარდირის, მამია გავაშელიშვილის ოცნება

AutoSharing Option
ფოტოზე: მამია გავაშელიშვილი ქუთაისის "ტორპედოში"
ბოლო წლებში საქართველოში შედეგიანი თავდამსხმელების აშკარა დეფიციტია. ბომბარდირი 20 გოლზე მეტს თუ გაიტანს, ლამის საოცრებად მივიჩნევთ. ამ დროს, პირველი ლიგის ბომბარდირებზე ლაპარაკი კარგ ტონად არ ითვლება.

მაგრამ ის შედეგიანობა, რასაც თბილისის "ლოკომოტივის" 88 ნომერი მამია გავაშელიშვილი მიმდინარე სეზონში აჩვენებს, მაინც გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს. 20 წლის ფორვარდმა 21 მატჩში 25 გოლი გაიტანა, ერთხელ შეასრულა ჰეთ-თრიკი, ხუთჯერ - დუბლი, წყალტუბოს "სამგურალის" კარი კი სულაც 5-ჯერ აიღო.

განსაკუთრებით, მან მეორე წრეში "აიწყვიტა" - 4 მატჩში 10 გოლი გაიტანა,
რაც, დაგვეთანხმებით, დიდებული შედეგია.

ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ საკმაოდ მძიმე პირობებში გაზრდილი ბიჭის ისტორია, რომელსაც ახლა უკვე ყველა წამყვანი ქართული კლუბის სელექციონერი თუ უცხოელი სკაუტი აკვირდება.

საინტერესოა, რომ მამია გავაშელიშვილი 20 წლის ისე გახდა, არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია.

- თქვენზე ბევრი არაფერი ვიცით. იქნებ გაეცნოთ "ლელოს" მკითხველს...
- ონელი ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან ენრიკო ჩიტალაძე მავარჯიშებდა. ეს ის კაცია, რომელიც მძიმე პირობებში რაჭაში ფეხბურთის შენარჩუნებას ცდილობს.

- კი, მას ნათქვამი აქვს, რომ რაჭაში ბავშვები უმძიმეს პირობებში ვარჯიშობენ...
- სამწუხაროდ, ასეა. გუნდს ერთი ბურთი ჰქონდა და ვარჯიში ნორმალურად რომ ჩატარებულიყო, ჩვენივე ბურთებით დავდიოდით. გასვლაზე თამაშები რომ გვქონდა, ბიჭები გზის ფულს ვდებდით, საჭმელი სახლიდან მიგვქონდა... მოკლედ, რა გაჭირვება აღარ გამომივლია, მაგრამ დიდი ენთუზიაზმი მქონდა და ფეხბურთს ამის ხარჯზე ვთამაშობ.

არადა, რაჭაში ფეხბურთი უყვართ და ნიჭიერი ბავშვებიც გვყავს. ჩემს ასაკში რამდენიმე კარგი ბიჭი იყო, ისეთები, ჩემზე ნაკლებად რომ არ გამოჩნდებოდნენ, მაგრამ ტრავმას რომ მიიღებ, ვის აქვს იმის საშუალება, ნორმალურად იმკურნალოს და ფეხბურთში დაბრუნდეს? ასე ბევრი ნიჭიერი ბავშვი დაიკარგა.

- ამ მხრივ, თქვენ გაგიმართლათ...
- თანაც, ძალიან. მართალია, დიდად ჩემს ოჯახსაც არ ულხინდა, მაგრამ მშობლები მაქსიმალურად მეხმარებოდნენ. თუმცა, მაინც ამას ვფიქრობ - თავიდანვე კარგ პირობებში რომ მევარჯიშა, დღეს ბევრად უკეთესი ფეხბურთელი ვიქნებოდი.

- ქუთაისის "ტორპედოში" როგორ მოხვდით?
- ერთ-ერთი მატჩის დროს მომაქციეს ყურადღება. რეალურად, ფეხბურთელად გია გეგუჩაძესთან ქუთაისის "ტორპედოში" ჩამოვყალიბდი. თეორიულად, ტაქტიკურად და სხვა კუთხით ამიხსნა, რა არის რეალური ფეხბურთი. მართალია, დუბლებში ვთამაშობდი, მაგრამ მასთან ვარჯიში ხშირად მიწევდა და, სხვათა შორის, მეამაყება, რომ უმაღლეს ლიგაში პირველი შეხვედრა გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, 16 წლის ასაკში, "ზუგდიდთან" ჩავატარე და გოლიც გავიტანე: სულ უმაღლესში სამჯერ ვითამაშე და 2 გოლი შევაგდე, "ტორპედოში" კი სამი წელიწადი გავატარე.

- გუნდი რატომ დატოვეთ?
- მერე "ტორპედოში" ხერარდ სარაგოსა მოვიდა, ნახევარ წელიწადში გუნდი დაიშალა და ლექსო თოფურიამ "ლოკომოტივის" ფეხბურთელები რომ წაიყვანა, გადასვლა მეც შემომთავაზა. ამ გუნდში სულ ნიჭიერი ბავშვები აჰყავდათ და მისმა ინტერესმა გამახარა.

- ძნელი გასახსენებელია, ბოლოს ქართველ თავდამსხმელს, თუნდაც პირველ ლიგაში, ამდენი გოლი გაეტანა. თქვენ კი ეს უკვე მარტის დასაწყისისთვის მოახერხეთ...
- ესეც განწყობის ამბავია. სხვა საფიქრალი არც მქონია, გარდა იმისა, რომ ბევრი უნდა გამეტანა.

- ეთანხმებით აზრს, რომ თავდამსხმელი ეგოისტი უნდა იყოს?
- შესაძლოა, რადგან თავდამსხმელი მხოლოდ გოლის გატანაზე უნდა ფიქრობდეს. გოლი ყველაზე მეტად მახარებს და ამ ფიქრით ვცხოვრობ. რა დასამალია და, ფეხბურთი ცხოვრებაში ჩემი შანსია. რაჭაში რომ დავრჩე, იქ რა პერსპექტივაა? ცხოვრება ჭირს და ხალხი მძიმე მდომარეობაშია. მე კი ღმერთმა გოლის გატანის ნიჭი მომცა და ეს შანსი უნდა გამოვიყენო.

სხვათა შორის, სულ მჯეროდა, რომ ვითამაშებდი და ამის გამო სწავლა მე-10 კლასში მივატოვე, ქუთაისში მარტო წავედი და მთლიანად ფეხბურთზე გადავერთე.

Sportall.Ge

- პირველ ლიგაში გატანა ადვილია თუ მთელი "ლოკომოტივი" თქვენზე თამაშობს?
- გატანა იოლი ნამდვილად არ არის. სულ ბრძოლაა და რაც უნდა სუსტი გუნდი გეთამაშებოდეს, მაინც გიჭირს. მაგრამ იმაში კი ნამდვილად გამიმართლა, რომ თბილისის "ლოკომოტივში" მოვხვდი. მაისურაძესთან და დევდარიანთან მუშაობა ყველა ფეხბურთელის ნატვრაა, მათთან ნიჭის გამოყენებას ისწავლი. ერთი წელიწადია, რაც ისინი მავარჯიშებენ და ვგრძნობ, რომ აშკარად შევიცვალე და თამაში გავაუმჯობესე. ისიც არაა დასამალი, რომ მთელი გუნდი ჩემზე "მუშაობს".

- პირველ წრეში 15 გოლი გაიტანეთ, ახლა კი ოთხ შეხვედრაში უკვე 10-ჯერ აიღეთ მეტოქეთა კარი. ეტყობა, სეზონისთვის კარგად მოემზადეთ...
- უფრო სწორი იქნება, ვთქვა - კარგადაც მოგვამზადეს. იყო სხვა ფაქტორიც, რამაც ჩემზე ძალიან კარგად იმოქმედა. ლექსო თოფურიამ ხელი ყველანაირად შემიწყო და არ ვაჭარბებ - მისი დამსახურებაა, ამ სეზონში თავი რომ გამოვიჩინე. თოფურიამ ბევრი პრობლემა მომიგვარა.

- ასეთი რა პრობლემები გქონდათ?
- მე ხომ თბილისში სახლი არ მქონდა, ჩემები კი რაჭაში ცხოვრობენ. წარმოიდგინეთ, მიდიხარ სახლში, სადაც საჭმელი შენით უნდა გააკეთო, ყველა ოჯახური პრობლემა თავად უნდა მოაგვარო და მეორე დღეს ძალ-ღონით სავსემ ივარჯიშო ან ითამაშო. ამის გამოც იყო, შარშან მთელ სეზონში სულ 7 გოლი რომ გავიტანე. წელს კი თოფურიამ საგურამოში ბინა მიქირავა, კვების პრობლემაც მომიხსნა და ამოვისუნთქე. საქმე საჭმელში კი არაა, უბრალოდ, ოჯახურ საქმეებში დრო და ენერგია აღარ მეხარჯება.

- სეზონის ბოლომდე კიდევ რამდენი გოლის გატანას იმედოვნებთ?
- პირველ წრეში 15 გავიტანე და მეორეში კიდევ ერთი ამდენის იმედი მქონდა, მაგრამ ახლა მადა გამეზარდა და ვფიქრობ, 40 გავიტანო. ეს ძალიან მაგარი შედეგი იქნება.

- ასეთი შედეგიანობის შემდეგ თქვენით უმაღლესი ლიგის კლუბები არ დაინტერესებულან?
- ვიცი, რომ ინტერესი არის, მაგრამ ამას "ლოკომოტივი" გაარკვევს, მე სეზონის დამთავრებამდე ტრანსფერზე ფიქრით თავს არ ვიტვირთავ. თუ რამე გამოვა, ძალიან კარგი, თუ არა და, იქნებ "ლოკომოტივთან" ერთად უმაღლეს ლიგაში ვითამაშო.

- "ლოკომოტივი" ახალგაზრდული გუნდია და უმაღლეს ლიგაში თამაში არ გაუჭირდება?
- პირიქით, მგონია, რომ კარგად ვითამაშებთ, რადგან ნიჭიერი ბიჭები გვყავს და უკვე კარგადაც შევთამაშდით.

- ცოტა უცნაური კია, რომ არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ გითამაშიათ...
- ალბათ, იმიტომ, რომ ჯერ "ტორპედო 2"-ში ვთამაშობდი, დუბლებიდან კი ფეხბურთელის წარმოჩენა ძნელია. ახლა მაინც მაქვს იმედი, რომ შედეგიანი თამაშისთვის ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვევენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
40 გოლი!!! შენ შეასრულე პირობა....
chven
22:20 15-05-2015
0
ვუსურვებ მამიას დ ბევრ ნიჭიერ ონელებს დიდ წარმატებებს
მარინა ჩიტალაძე
15:14 15-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული