მეტალურგი-ჩიხურა 0:0 - ოქროს ქულა

AutoSharing Option
ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 11 ტურია დარჩენილი, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ შაბათს მოპოვებული ქულა "მეტალურგისთვის" უმნიშვნელოვანესი გამოდგეს. ვერავინ იტყვის, რომ რუსთაველებმა ძლიერ მეტოქესთან მატჩში ეს მონატრებული ქულა არ დაიმსახურეს.

სტუმართა გამოცდილ თავკაც სოსო ფრუიძეს გარკვეული საკადრო პრობლემები ჰქონდა და გუნდის ორი წამყვანი უნივერსალი და ლიდერი ფეხბურთელის, დავით ოდიკაძისა და თეიმურაზ ღონღაძის არყოფნაში დაცვის მარჯვენა ფლანგზე ამპლუით გარემარბის, გიორგი კორიფაძის გამწესება მოუხდა.

"მეტალურგში" კი სიახლე ის იყო, რომ მცირე პაუზის მერე დაბრუნდა კაპიტანი და გუნდის ყველაზე გამოცდილი წევრი გრიგოლ ბედიაშვილი, რომელმაც
უდიდესი წვლილი შეიტანა საჭიროზე საჭირო ქულის მოპოვებაში.

...მატჩის უპირობო ფავორიტად, რაღა თქმა უნდა, სტუმრები მიიჩნეოდნენ და ბევრს ეგონა, რომ "ჩიხურა" სწორედ რუსთავში შეძლებდა ჩემპიონატში პირველი საგარეო გამარჯვების მოპოვებას. თუმცა მასპინძელთა თავკაცმა ვარლამ კილასონიამ აბსოლუტურად სწორი "გათვლა" გააკეთა, როცა შუა კვირაში ჩატარებულ თასის საპასუხო მატჩში (თანაც, სტუმრად... "ჩიხურასთან") რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა.

ისე, როგორც წინა მატჩებში, "მეტალურგის" ფეხბურთელებს მონდომება არც ახლა დაეწუნებოდათ, მაგრამ მალე ტერიტორიული უპირატესობა "ჩიხურას" მხარეს გადავიდა. გიორგი კორიფაძის აქტიურობის მერე ბესიკ დეკანოიძეს გოლის გატანის შანსი მიეცა. მასპინძლები იმ ეპიზოდშიც გადარჩნენ, როცა ევგენი ტროიანოვსკიმ მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, მაგრამ კონსტანტინე ხიზანეიშვილმა სიტუაცია განმუხტა.

თავის მხრივ, მასპინძლებიც ორჯერ დაემუქრნენ სტუმართა კარს: ტაიმის "შუაგული" იყო, გიორგი ჯოხაძემ მარცხენა ფლანგზე მეურვე ეფექტურად რომ ჩამოიცილა, მაგრამ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა. აი, საპირისპირო ფლანგიდან "მეტალურგის" ახალწვეულის, რევაზ ბარამიძის დარტყმული ბურთის აღება კი მაქსიმე ქვილითაიას არ გასჭირვებია.

სამაგიეროდ, "ჩიხურას" მეკარეს მეორე ტაიმში დასჭირდა საკუთარი ოსტატობის დემონსტრირება, როცა რუსთაველთა გუნდის კიდევ ერთი ახალწვეულის, ლევან ბერუაშვილის შორეული და ყუმბარისებური დარტყმა დიდი გაჭირვებით მოიგერია, თუმცა მანამდე "ჩიხურას" შეეძლო გოლის გატანა: შეცვლაზე შემოსული მიხეილ სარდალიშვილი "ერთი შეხებით" ურტყამდა, მაგრამ ბურთი მიზანს მაინც მანძილით ასცდა.

სხვათა შორის, მეორე ტაიმში თამაში "გაიხსნა" და, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენიც იყო, ამ მატჩში გოლ(ებ)ს თუ ვერ ვიხილავდით.

განსაკუთრებით, ის სამწუთიანი მონაკვეთია გამოსარჩევი, სტუმრებმა ერთიმეორეზე უკეთესი მომენტებით რომ ვერ იხეირეს: შეცვლაზე შემოსულმა ლაშა კუჭუხიძემ მარჯვენა ფლანგზე ჩინებული რეიდი განახორციელა და "ჩიხურას" საუკეთესო ბომბარდირი თორნიკე მუმლაძეც, ფაქტობრივად, კარის წინ მარტო დატოვა, მაგრამ მასპინძლები ამ ეპიზოდშიც გადარჩნენ, ისე, როგორც მომდევნოში, როცა ამჯერად უკვე მუმლაძე მოგვევლინა ასისტენტის როლში და კუჭუხიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილმა საკუთარი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.

თამაში დასასრულს უახლოვდებოდა, მასპინძლები თავგანწირვით ცდილობდნენ, მეტოქეს რომ სახიფათო შეტევები არ განეხორციელებინა და მერე ისე მოხდა, კინაღამ მოგებასაც გამოჰკრეს ხელი!

ფიფას არბიტრმა ლაშა სილაგავამ ამ ემოციურ (ოღონდ კორექტულ) მატჩს 3 წუთი დაამატა და სწორედ პირველი დამატებული წუთი იწურებოდა, გიორგი ჯოხაძის გამჭოლი გადაცემის მერე თორნიკე სტეფნიაშვილი თავით, ვარდნაში რომ გზავნიდა ბურთს სტუმართა კარისკენ.

ამით ყველაფერი არ დამთავრებულა: საპასუხო შეტევაში ლაშა კუჭუხიძეს შეეძლო თავისი გუნდისათვის პირველი საგარეო გამარჯვების მოტანა, მაგრამ "მეტალურგის" ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა ლაშა ნოზაძემ (სხვათა შორის, ურიგო ბიჭი ნამდვილად არ არის) თავგანწირვით ითამაშა და თავისი გუნდი ზედიზედ მეოთხე წაგებისგან გადაარჩინა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
14.03. რუსთავი. "ფოლადი". 400 მაყურებელი
მეტალურგი-ჩიხურა 0:0

მეტალურგი (4-2-3-1): ბედიაშვილი - მიქაუტაძე, ლ. ნოზაძე, ნარიმანიძე, კ. ხიზანეიშვილი (65. ციცქიშვილი) - გ. კილასონია (75. სტეფნიაშვილი), ლ. ბერუაშვილი - ჯოხაძე, სარიშვილი (72. გუჯაბიძე), ბარამიძე - ბარაბაძე.
სათადარიგოები: გ. ჩიკვაიძე, გაბაშვილი, ბ. ოქროპირიძე, ნადირაძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ჩიხურა (4-2-3-1): ქვილითაია - კორიფაძე, ლუბჩაკი, ლ. ჭელიძე, კაშია - დობროვოლსკი, განუგრავა - დეკანოიძე, მანჯგალაძე (46. კუჭუხიძე), ტროიანოვსკი (46. სარდალიშვილი) - მუმლაძე.
სათადარიგოები: ა. ივანიშვილი, იაკობაშვილი, ბაჯელიძე, ზარქუა
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: ბარამიძე (77)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 6
ი. სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XX) ტური
18 მარტი, ოთხშაბათი
სამტრედია-ზესტაფონი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-მეტალურგი
გურია-დილა
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-შუქურა
ტორპედო-ცხინვალი
ზუგდიდი-მერანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული