ბათუმელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს: მე-3 წუთზე გამოცდილმა ამირან მუჯირმა ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან მიიღო და დაუმუშავებლად შეტევაში ჩართულ გიორგი ქავთარაძეს გადააწოდა, რომელმაც საკმაოდ მახვილი კუთხიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა - 1:0.
აქედანვე ვიტყვით, რომ აუტსაიდერმა "ვიტ ჯორჯიამ" ბოლომდე იომა. მე-9 წუთზე
ამას მასპინძელთა მორიგი შეტევა მოჰყვა. ისევ გოლის ანალოგიური კომბინაცია გათამაშდა - ასისტენტი ისევ მუჯირი იყო, დასარტყმელ პოზიციაზე კი ნიკა დიასამიძე გავიდა, რომელმაც მიზანს მცირედით ააცილა.
"ვიტ ჯორჯიამ" ისევ გაიბრძოლა: საბაძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი კარში ელგუჯა ლობჯანიძემ გააგზავნა - ალავიძემ დარტყმულიც მოიგერია და დამატებულიც.
35-ე წუთზე უკვე სტუმრები გადარჩნენ - გიორგი ბერიაშვილმა ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა მცველი და პენალტის ნიშნულთან სრულიად მარტო დარჩა, მაგრამ ძალზე არაზუსტად დაარტყა და ბათუმელთა უპირატესობის გაზრდის ასპროცენტიანი შანსი ხელიდან (თუ ფეხიდან) გაუშვა.
ტაიმის ბოლოს რეალური საგოლე მომენტი ისევ სტუმრებმა შექმნეს: ვალიკო გახარიამ მოზომილი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა კახა კახაბრიშვილი, რომელმაც ახლო მანძილიდან კარს ააცილა.
მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით წარიმართა. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, სტუმრები კი კონტრშეტევებზე თამაშობდნენ. პირველი სახიფათო მომეტი მასპინძლებმა შექმნეს - ანზორ სუხიაშვილმა საჯარიმოსთან "სამკუთხედი" გაითამაშა დიასამიძესთან და დიმიტრი ტატანაშვილი მოძებნა, რომელმაც ბურთი კარში ერთი შეხებით გაგზავნა, მაგრამ ჯონი შეროზიამ საიმედოდ ითამაშა.
55-ე წუთზე კი სტუმართა მცდელობამ შედეგი გამოიღო - საჯარიმოს ხაზთან ბურთს ლობჯანიძე დაეუფლა, მეტოქის კაპიტანი ბექა მახარაძე მოძრაობაზე დაიჭირა, იოლად გასცდა და ზუსტადაც დაარტყა - 1:1.
საერთოდ, ბათუმელები დაცვიდან შეტევაზე გადასვლასა და მოედნის ცენტრში ბურთის გორებაში დროს არ კარგავენ - ეს დღევანდელი ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთი მთავარი კოზირია. ამჯერადაც, ზღვისპირელებმა მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა სისწრაფით სცადეს.
"ვეტერინარებს" ისევ ქავთარაძემ შეუტია, რომლის დარტყმულიც შეროზიამ "ცხრიანიდან" მოხსნა. 72-ე წუთზე ქავთარაძე უკვე ასისტენტად მოგვევლინა და საჯარიმოში ბერიაშვილს უპასა, რომელმაც ბურთი ვერ დაამუშავა და ახლო მანძილიდან თავისიანების დაწინაურების შანსი დაკარგა.
მაგრამ ერთ წუთში ბერიაშვილმა (ქავთარაძის ჩაწოდების შემდეგ) მაინც გაიტანა - მაღალ ბურთს თავით შესწვდა და ბათუმელები ეფექტური გოლით დააწინაურა.
"ვიტ ჯორჯიამ" მაინც გაიბრძოლა. სახიფათო გამოდგა ლუკა თათხაშვილის ჩაწოდება, როცა ბურთი კარში წავიდა, მაგრამ ალავიძემ მოიგერია.
საბოლოოდ, ბათუმელებმა 2:1 გაიმარჯვეს, "დილას" წაფორხილებით ისარგებლეს და წლეულს, პირველად, მეორე ადგილზე აღზევდნენ.
"ვიტ ჯორჯიამ" კი ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო და ფაქტობრივად, უიმედო მდგომარეობაშია.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
18.03. ქობულეთი. "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია 2:1
გოლები: 1:0 ქავთარაძე (3. მუჯირის პასით), 1:1 ლობჯანიძე (55), 2:1 ბერიაშვილი (73. ქავთარაძის პასით).
დინამო (4-4-2): ალავიძე - ტეტუნაშვილი, მგელაძე, ბ. მახარაძე, სუხიაშვილი - ქავთარაძე, თ. შონია, მუჯირი (46. ვარშანიძე), ნ. დიასამიძე (77. მაკარიანი) - ბერიაშვილი, ტატანაშვილი (65. აბუსელიძე).
სათადარიგოები: მამინაშვილი, ქორიძე, თევდორაძე, ჭკუასელი
მწვრთნელი: შ. ჭეიშვილი
ვიტ ჯორჯია (4-2-3-1): შეროზია - თათხაშვილი, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, დანელია - გახარია, დავლაშელიძე (81. ხვისტანი) - საბაძე (78. კალაჯიშვილი), მაისურაძე, კახაბრიშვილი - ლობჯანიძე (73. კუხალეიშვილი).
სათადარიგოები: ისერგიშვილი, გიორგაძე, იმნაძე, დადიანი
მწვრთნელი: თ. კობიაშვილი
გაფრთხილება: ბერიაშვილი (86), შეროზია (86)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"