სიონი-შუქურა 1:3 - ბრაზილიურ-უკრაინული კარნავალი

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურამ" თბილისში დაამარცხა ბოლნისის "სიონი" და გვარიანად გაახარა ერთგული ფანობა, ზღვისპირელთა თამაშს ყოველთვის განსაკუთრებულ ხიბლს რომ სძენს.

სტუმართა სამივე გოლი ლეგიონერთა ანგარიშზეა და უნდა ითქვას, რომ გელა სანაიას გუნდში ისინი აშკარად გამორჩეულები არიან. ბრაზილიურ დუეტს ტექნიკა არ დაეწუნება, უკრაინის ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ყოფილი საყრდენი ადრიან პუკანიჩი კი საქართველოს ჩემპიონატში, თავის ამპლუაში, საუკეთესოდ მოჩანს. ყოველ შემთხვევაში, გუშინ მან სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დატოვა.

ერთიცაა - უკვე მეორე მატჩია, "სიონი" უპატიებელ შეცდომებს უშვებს. ეს განსაკუთრებით ეხება დაცვის ხაზსა და მეკარე მირზა
მერლანს.
გუშინდელ შეხვედრაში ბოლნისელთა გამოცდილი კარის დარაჯის გარჯა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა...

მატჩი "სიონის" უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-16 წუთზე ბოლნისელებმა ანგარიში გახსნეს. ჭანკოტაძე-სიჭინავა-საჯაიას სამსვლიანი კომბინაცია უკანასკნელმა გოლით დააგვირგვინა, რამაც ბოლნისელი ქომაგი გაახარა.

ამან ქობულეთელები არ დააბნია. დორნელესს სახიფათოდ დარტყმული აუცდა, მერე კი იყო ეპიზოდი, რომელმაც, ჩვენი აზრით, დიდად განაპირობა ამ შეხვედრის საბოლოო შედეგი. 32-ე წუთზე ბოლნისელთა მეკარემ და მცველებმა შეუთანხმებლად იმოქმედეს. მათ თითქოს უპრობლემოდ უნდა "ამოეტანათ" ბურთი, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ის ბურთი... დორნელესმა ცარიელ კარში შეაგორა.

რა თქმა უნდა, გუნდი არ უნდა გატეხოს ერთმა, თუნდაც ძალიან მტკივნეულმა შეცდომამ, თუმცა "სიონის" შემთხვევაში სწორედ საპირისპირო მოხდა. ბოლნისელთა მექანიზმში რაღაც მოიშალა, თითქოს, ფეხბურთელებმა ბრძოლას უკლეს და ჟინიც სადღაც გაქრა.

45-ე წუთზე "შუქურა" წინ გავიდა. საჯარიმოში უწყინარ ჩაწოდებას ვერც "სიონის" მცველები აღუდგნენ წინ და კარიდან გამოსვლა მერლანმაც დააგვიანა. საბოლოოდ, ბურთთან ბრაზილიელი ცენტრფორვარდი პაულო ვიკტორი გაჩნდა და თავისიანები დააწინაურა.

ბევრი ელოდა, რომ მეორე ტაიმში "სიონი" შეხვედრაში გარდატეხის შეტანას შეძლებდა, თუმცა ასე არ მომხდარა. წინასწარვე ვთქვათ, რომ "შუქურამ" კარგად დაიცვა თავი და ვერც იმას ვიტყვით, რომ სანაიას გუნდი მხოლოდ დაცვითი ოპერაციების წარმოებით იყო დაკავებული.

47-ე წუთზე ლამაზი ეპიზოდი ვიხილეთ. პაულო ვიკტორმა დიდებულად დაამუშავა ფლანგური პასი და ერთი შეხებით დაუმიზნა შორეულ მარჯვენა კუთხეში, თუმცა ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუქროლა "სიონის" კარს.

ეს იყო და, "შუქურამ" თამაში "გააკეთა". მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ახლო მანძილიდან პუკანიჩმა გაიტანა. კიდევ ერთხელ უნდა დავწეროთ - ამ კლასიანი უკრაინელის შემატებამ საქართველოს ჩემპიონატს გვარიანად უნდა არგოს.

ამის შემდეგ ისევ "შუქურას" უკრაინელი ლეგიონერი მოექცა ორჯერ ყურადღების ცენტრში. ჯერ მის მიერ შესრულებული ჯარიმა მოიგერია მერლანმა, მერე კი ძალზე სახიფათოდ დარტყმული ოდნავ აუცდა.

შეხვედრის ბოლო მონაკვეთში გუნდებმა მომენტები გაცვალეს. ბოლნისელთაგან გატანა დათა სიჭინავასა და დაჩი ცნობილაძეს მართებდათ, "შუქურას" მხრივ კი, პაულო ვიკტორმა გაანიავა კარგი შანსი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი თამაშით და შემსრულებლებით ქობულეთელები უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ. "სიონს" კი ამავე მიზნის მისაღწევად დიდი ბრძოლა ელის.

დღევანდელი სატურნირო მდგომარეობით, ბოლნისელებს გავარდნის რეალური საფრთხე ემუქრებათ, თუმცა, ვფიქრობთ, უფრო მეტია იმის შანსი, რომ ლადო ბურდულის გუნდი უმაღლესში დარჩეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
18.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
სიონი-შუქურა 1:3
გოლები: 1:0 საჯაია (16), 1:1 დორნელესი (32), 1:2 ნუნიესი (45), 1:3 პუკანიჩი (52)

სიონი (4-5-1):
მერლანი - ქებურია, გურეშიძე, ცნობილაძე, საჯაია - ლობჟანიძე (46. უგულავა), გოგობერიშვილი, ცხადაია (55. ჭიკაიძე), ჭანკოტაძე, მიქაბერიძე (55. არაუჟო) - სიჭინავა.
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჯინჭარაშვილი, სვანიძე, ოთარაშვილი.
მწვრთნელი: ლადო ბურდული
შუქურა (4-5-1): ჯიოევი - ჩალაძე, ხოჭოლავა, გურული, ტვილდიანი - თუხარელი (82. ტაკიძე), პუკანიჩი, კუხიანიძე, დორნელესი (65. ჩაფიძე), ჩელებაძე - პაულო ვიკტორი (86. ც. მესხი).
სათადარიგოები: კაკალაძე, მალანია, მჟავანაძე, მეტრეველი
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: გურეშიძე (15), ცნობილაძე (32), ხოჭოლავა (50), ჭანკოტაძე (60)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
გენცავლეთ შუქურააა
ზიზუ
20 მარტი 2015 16:06
0
ლეგიონერები აიყვანეთ ცაში და ქართველ ფეხბურთელებზე არაფერი დაწეროთ კარგი!. უკრაინული კარნავალი არა ისა..... ქართველებს მიხედეთ და სათანადოდ გააშუქეთ....
ზურა
20 მარტი 2015 14:21
0
გინება არაფერ შუაშია ჩემო კარგო, არავის არ ჭირს მერლანის ჯინი.ფაქტებით ვსაუბრობთ რაც იყო იმას ვამბობ სტატიის ავტორს ეტყობა,რომ საერთოდ არ იმყოფებოდა თამაშზე გურეშიძისშეცდომა ის არის,რომ მეკარეს ენდო და ბურთი გადასცა როცა იცი რომ ასეთი მეკარე გყავს კარში,როცა იცი როგოი ბურთები აქვს გაშვებული,თავად უნდა მოეგერიებინა ბურთი.სამართლიანი არ არის ის ფაქტი რომ ასე ზეპირად წერენ ჟურნალისტები სტატიებს ეს არის და ეს. მე ვუყურე თამაშს და ვიცი რასაც ვამბობ.იმედია დაიდება ლინკი და თავად დარწმუნდებით.მცველებს რაც შეეხებათ,განვმეორდები მათი შეცდომა ის იყო ,რომ მეკარეს მიენდნენ.
ადასფასფა
20 მარტი 2015 12:57
0
მარტო შეცდომებზე რომ წერთ, კარგი თამაშიც დაუფასეთ ბიჭებს რომ სტიმული ქონდეთ.....
ვაჟა
20 მარტი 2015 12:30
0
gureshidze magari da dzlieri mcvelia,naxavt da daimaxsovret mas didi momavali aqvs,
zaza
20 მარტი 2015 11:54
0
ვეთანხმები ავტორს. მცველიც ხურავდეა ბურთს. და მერლანი არ არის გაკრიტიკებული სტატიაში? არის! რა ქნას ახკლა ავტორმა აგინოს?
soso
19 მარტი 2015 16:53
0
დაცვა ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია.გურეშძემ ბურთი გადასცა მერლანს რის შემდეგადაც მერლანმა ბურთი ვერ მოიგერია,დაიბნა ცოტა ყურადღებით წერეთ სტატიები რა
ადასფასფა
19 მარტი 2015 15:50
0
დაცვის შეცდომა კი არა მეკარის ბრალია ბოლო შხვედრების წაგება.....დაცვამ რა უნდა ქნას როცა კარში ყველა დარტყმული გოლით სრულდება?!
ჯემა
19 მარტი 2015 13:07
0

სიახლეები პოპულარული