"ვეტერინარებს" ჯერაც დიდი ბრძოლა მოუწევთ, სანამ ამ შანსს რეალობად აქცევენ, მაგრამ ფაქტია - გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა.
მოვლენებს წინ გავუსწრებთ და ვიტყვით - 22 მარტს მასპინძელმა იმ ძალითა და გაქანებით ითამაშა, ვერაფრით რომ წარმოვიდგენდით.
ვიტელთა შეჩერება "ზუგდიდს" ძალიან გაუჭირდა და საბოლოოდ, დედაქალაქელებმა აბსოლუტურად დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.
"ვიტ ჯორჯიის" პირველივე სახიფათო შეტევა გოლით დასრულდა. მე-11 წუთი მიდიოდა, როცა კახა კახაბრიშვილმა ელგუჯა ლობჯანიძეს შეუსრიალა ბურთი საჯარიმოში. მასპინძელთა
იქვე, "ვიტ ჯორჯიას" კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი ჰქონდა - ლევან საბაძემ და კახაბრიშვილმა შესანიშნავად გაითამაშეს ბურთი. ამ უკანასკნელმა კარში დროულად დაარტყა, თუმცა ამჯერად მეკარე მინდია ბობღიაშვილმა იმარჯვა.
21-ე წუთზე "ზუგდიდს" ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი მიეცა. საჯარიმო დარტყმა სტუმართა რიგებში აშკარად გამორჩეულმა ლუკა გუგუჩიამ შეასრულა. იმ ეპიზოდში მეკარე ჯონი შეროზია თავისიანებს ვერ გადაარჩენდა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.
ოთხ წუთში კობიაშვილის გაწვრთნილებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ. აქტიური კახაბრიშვილი თავით ურტყამდა ზუგდიდელთა კარში, თუმცა ბობღიაშვილმა ამ ეპიზოდშიც იყოჩაღა.
მერე იყო ორი ხიფათი მასპინძელთა კართან - გუგუჩიას მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ლუკა კობერიძე დახვდა, თუმცა ზუსტად ვერ დაარტყა. მერე კი ზუგდიდელთა გამოცდილ ნახევარმცველს, შოთა ლომიას აუცდა თავური.
38-ე წუთზე "ვიტ ჯორჯიამ" მეორეც გაიტანა და ამ გოლით გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. ამ ეპიზოდში აშკარად დაიბნენ "ზუგდიდის" მცველები. რატომღაც, მათ საშუალება მისცეს სახიფათო პოზიციაზე დარჩენილ ვანო კურდღელაშვილს, კარგად დაემუშავებინა ბურთი, კარისთვის დაემიზნებინა და გაეტანა.
რა უნდა ექნა ორი ბურთით ჩამორჩენილ "ზუგდიდს"? ალბათ, სტუმრებს შეტევისა და ნახევარდაცვის რგოლები უნდა გაეძლიერებინათ. კოლხთა დამრიგებელი ბესიკ შეროზია ასეც მოიქცა, თუმცა ამან საქმეს ვერ უშველა - "ვიტ ჯორჯია" უფრო სწრაფი, მოტივირებული და ალღოიანი იყო. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ახალგაზრდა "ვეტერინარები" მზად იყვნენ, გამარჯვებისთვის ყველაფერი გაეღოთ.
მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი ისევ "ვიტ ჯორჯიამ" შექმნა. ლობჯანიძის დაგდებულ ბურთს კურდღელაშვილმა ვეღარ დაარტყა. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა"ზუგდიდს" ლამის ასპროცენტიანი საგოლე შანსი - გუგუჩიამ თავზე დაასვა ბურთი ფორვარდ ირაკლი ეხვაიას, რომელმაც დროულად კი დასცხო და გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" ხარიხამ უშველა.
ეს იყო და, თამაშის დასრულებამდე მხოლოდ ორი საგოლე მომენტი შეიქმნა. ჯერ ლობჯანიძემ ააცილა კარს, რომელიც ბობღიაშვილმა "დაკარგა", მერე კი, ფინიშს 3 წუთი რომ აკლდა, ეხვაიამ რაღაც სასწაულით ვერ შეაგდო თავით.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
22.03. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 400 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-ზუგიდი 2:0
გოლები: 1:0 ლობჯანიძე (11), 2:0 კურდღელაშვილი (38)
ვიტ ჯორჯია (4-5-1): შეროზია - თათხაშვილი, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, მაისურაძე - საბაძე, დავლაშელიძე, კურდღელაშვილი (88. ხვისტანი), გახარია, კახაბრიშვილი (74. ღიბრაძე) - ლობჯანიძე (85. კუხალეიშვილი).
სათადარიგოები: ისერგიშვილი, დანელია, გიორგაძე, დადიანი
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
ზუგდიდი (4-5-1): ბობღიაშვილი - მაჩაიძე (76. ქირია), ღონღაძე, აკობია, ენდელაძე - გუგუჩია, კობერიძე, კუტალია, წურწუმია (46. ფარჯიკია), შ. ლომია (60. კუკავა) - ეხვაია.
სათადარიგოები: ივარდავა, მეგრელიშვილი, ც. სამუშია, პაჭკორია
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გაფრთხილება: კახაბრიშვილი (32), ჩიტიშვილი (35), მაჩაიძე (55), ენდელაძე (69), კუტალია (80), კობერიძე (81)
არბიტრი: დ. სანოძე.
მომდევნო (XXII) ტური
3 აპრილი, პარასკევი
გურია-ვიტ ჯორჯია
ზუგდიდი-ცხინვალი
სამტრედია-შუქურა
ზესტაფონი-მეტალურგი
ჩიხურა-მერანი
სიონი-კოლხეთი
დინამო (ბთ)-ტორპედო
დინამო (თბ)-დილა.
ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 8
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"