იმავე სააგენტოს
ესეც კარგად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ზრუნავს კლუბის მეპატრონე ლექსო თოფურია ნიჭიერი თაობისა და კლუბის გაზრდა-განვითარებაზე.
ამავე დროს, "ლოკომოტივი" საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი საბაზო გუნდია. ეს არის ამ კლუბის ერთგვარი მისია და მარტო ამითაც იწვევს დიდ ინტერესს. დღევანდელ "ლოკომოტივშიც" ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ირიცხება. გუნდს ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობით ცნობილი სპეციალისტები ავარჯიშებენ - მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძეა, ხოლო მისი ასისტენტი - გიორგი დევდარიანი.
მაისურაძე ამბობს, რომ საკლუბო პოლიტიკა გამართულად მუშაობს:
"გუნდისა და მწვრთნელთა შტაბის მუშაობაზე სწორად გაზრდილი ფეხბურთელები და მათი ტრანსფერებისგან მიღებული შემოსავლები მეტყველებს და არა ის, გადავალთ თუ არა უმაღლეს ლიგაში.
ჩვენნაირ ქვეყანაში მთავარია ნიჭიერი ახალგაზრდების სწორ გზაზე დაყენება. მთელი ჩვენი მცდელობა სწორედ ამისკენაა მიმართული - გავზარდოთ ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებისთვის.
მე რასაც ვუყურებ, ლექსო თოფურია თავისი სახსრებით ქართული ფეხბურთისთვის მაქსიმუმს აკეთებს".
მაისურაძის თქმით, "ლოკომოტივის" საგურამოს ბაზაზე დიდი სამუშაოები დაიწყო:
"ფაქტობრივად, ბაზის მთლიანი განახლება მიმდინარეობს. მაგალითად, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ჩამოვა სავარჯიშო აპარატი, რომლითაც ფეხბურთელები კოორდინაციას გაიუმჯობესებენ. ფეხბურთელის ზრდისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი დეტალია. უკეთეს მოსამზადებელ პირობებში კი ფეხბურთელებს უკეთ ჩამოყალიბების პერსპექტივა ექნებათ".
გუნდმა ჩემპიონატი ვერც წლეულს დაიწყო კარგად, თუმცა მეორე წრეში აკრიფა ტემპი - 5 მატჩიდან 4 მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა, რაც უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მონაწილეობის უფლებას იძლევა. მაისურაძის თქმით, სწორედ ამის გამოა, წლეულს უმაღლესში გადასვლაზეც რომ ფიქრობენ:
"როცა მოთამაშეთა გაზრდაზეა ლაპარაკი, მიმაჩნია, რომ შედეგის საერთოდ იგნორირებაც გაუმართლებელი იქნება. ფეხბურთელები შედეგთან ერთად იზრდებიან, დამარცხებულ გუნდში კი გამარჯვებულის ფსიქოლოგიის მქონე მოთამაშე ვერ გაიზრდება.
პირველი ლიგის ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პლეი ოფში მოგვიწევს მონაწილეობა, სადაც მეორე ზონის ორ გუნდს შევხვდებით. ახლა "ლოკომოტივს" უმაღლეს ლიგაში დაწინაურების შანსი გააჩნდა და თუ ეს უფლება მოვიპოვეთ, უარს ნამდვილად არ ვიტყვით.
სხვათა შორის, ხელს ისიც გვიწყობს, რომ "ლოკომოტივმა" ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის ლიცენზია უკვე მიიღო, მაშინ, როცა ეს ბევრი კლუბისთვის პრობლემად არის ქცეული".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"