"სამტრედიაში" ბრაზილიელ და ლიბიელ ლეგიონერებს აკვირდებიან

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზისას, "სამტრედიაში" სინჯებზე ორი მოთამაშე მიიწვიეს და ორივე - ლეგიონერი. კლუბის პრესსამსახურის უფროსის, თემურ ბოჭორიშვილის ინფორმაციით, იმერული გუნდის ფორმის მორგებას თავდამსხმელები - გაბრიელ დუ კარმო და მოჰამედ ისმაელ ალგვაილი შეეცდებიან.

დუ კარმო ბრაზილიელია. 24 წლის ტანმაღალი (188 სმ) ფორვარდი "კურიტიბას" აღზრდილია, მაგრამ 2012 წელს კლუბი დატოვა და ასევე ბრაზილიურ "ვილა ნოვაში" ჩაირიცხა. აქედან დუ კარმო ევროპაში გადაბარგდა და ბერძნულ "ასტერასსა" (2012-13) და ბულგარულ (პლოვდივი) "ლოკომოტივში" (2013) გამოდიოდა.

მან შარშან კლუბი კიდევ ორჯერ შეიცვალა - ჯერ საბერძნეთში დაბრუნდა და "პანახაიკში"
ჩაირიცხა, მერე კი ისევ სამშობლოში სცადა ბედი და "ფეროვიარიას" ღირსებას იცავდა.

დუ კარმოს სატრანსფერო ღირებულება 250 ათასი ევროა, თუმცა საქართველოში ის თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩამოვიდა.

ალგვაილი ლიბიელია და ბრაზილიელისგან განსხვავებით, კარიერა გაცილებით მოკრძალებულ გუნდებში აქვს გატარებული.

ამ ფეხბურთელების დარჩენა-არდარჩენის საკითხზე მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე და კლუბის ხელმძღვანელობა მალე ჩამოყალიბდებიან.

აღსანიშნავია, რომ "სამტრედიაში" სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა გიორგი თევზაძემ, რომელიც "საბურთალოდან" იჯარით ზამთარში გადავიდა. ამ ფაქტს იმიტომ აღვნიშნავთ, რომ 18 წლის მარცხენა მცველი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია. გიორგი დევდარიანის გუნდს, 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, ელიტრაუნდის მატჩები აქვს ჩასატარებელი. თევზაძეს კი ნაკრებში საკვანძო როლი ეკისრება.

არადა, მთელი საშემოდგომო ეტაპი მან სკამზე გაატარა და მისი უთამაშებლობა ნაკრებისთვის სასურველი ნამდვილად არ არის.

თევზაძემ პირველად "ზესტაფონთან" ითამაშა - ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩის მე-12 წუთზე მან ტრავმირებული დავით კვირკველია შეცვალა.

"ძალიან გამიხარდა, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა რომ ჩავატარე. განსაკუთრებით ემოციური ის მომენტი იყო, როცა მინდორზე გავედი და გულშემატკივარი ჩემ გამოჩენას ოვაციებით შეხვდა. სამტრედიელი ვარ, მშობლიური ქალაქის გუნდის მაისურა პირველად მოვირგე და ასეთი დახვედრა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.

ჩემი მიზანია, გუნდის ძირითად შემადგენლობაში რაც შეიძლება მალე დავიმკვიდრო ადგილი და საგზურის მოპოვების შემთხვევაში, ევროტურნირზე ვითამაშო.

ყველაფერს გავაკეთებ, "სამტრედიას" წარმატების მიღწევაში რომ დავეხმარო", - ამბობს თევზაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართველები ათამაშეთ,
გიო
20:39 27-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული