სიონი-კოლხეთი 1:2 - ფოთელთა ექვსქულიანი

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთმა" ვაკეში, "ექვსქულიანს" რომ იტყვიან, ისეთი მატჩი მოიგო. ზაზა ინაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში ფარ-ხმალი დააყრევინა ბოლნისის "სიონს" და უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსები გაიზარდა.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ლაშა სილაგავას მეთაურობით მოქმედ მსაჯთა ბრიგადას დიდი ჯაფა დაადგა და ისე ჩანდა, რომ მათი მოქმედებით ორივე მხარე უკმაყოფილო დარჩა. არბიტრების მუშაობის შეფასება ჩვენი საქმე არ არის. ეს კია, რომ პირველ ტაიმში "კოლხეთის" საჯარიმოში გიორგი ჭანკოტაძის წაქცევა საეჭვო იყო, მეორე ნახევარში კი "კოლხეთს" ძალიან ბევრი "წვრილი ფოლი" დაუსტვინეს და არც გურამ გურეშიძის
გაძევებასთან დაკავშირებული ეპიზოდი ყოფილა ერთმნიშვნელოვანი...

საბოლოო ჯამში, "კოლხეთმა" დამსახურებულად გაიმარჯვა, უკეთ გამოიყენა რა მოწინააღმდეგის კართან შექმნილი შანსები. "სიონის" თამაშს ცუდი როდი ეთქმოდა. ბოლნისელები თითქმის ყველა შეხვედრაში აზრიანად გარჯას, ბურთის გათამაშებას ცდილობენ. ზედიზედ მომიხდა "სიონის" თამაშებზე დასწრება და უნდა ითქვას, რომ ლადო ბურდულის გუნდს აშკარად უკეთესი შედეგი ექნებოდა, რომ არა მირზა მერლანის ჩავარდნა...

ფოთელთა პირველი გოლი ისეთი გამოვიდა, ნებისმიერ შეხვედრას რომ დაამშვენებდა. ნიკა სიჭინავამ ლევან შენგელიას საჯარიმოს მისადგომებთან მიაწოდა ბურთი და ჩვენი ვერსიით, მატჩის საუკეთესო მოთამაშემაც შორეულ მარცხენა კუთხეში გაუტანა მერლანს.

დარტყმა ძალიან ძლიერი და ზუსტი კი იყო, მაგრამ მანძილიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, გამოცდილ კიპერს მაინც შეეძლო თანაგუნდელების ხსნა - 0:1.

პირველ ნახევარში კოლხთა უპირატესობა აშკარა იყო. "სიონი" მხოლოდ პორტუგალიელი ლეგიონერის, ვიეირას ერთადერთ ნახევარმომენტს დასჯერდა, ჭანკოტაძის საჯარიმოში წაქცევაზე კი უკვე ვთქვით.

"კოლხეთი" მომენტებს ქმნიდა. ტაიმის შუაწელში ნიკა სიჭინავამ "გაისროლა" ბოლნისელთა კარის მიმართულებით, მაგრამ შორეულ დარტყმას სიზუსტე ოდნავ დააკლო. მერე შენგელიას ჰქონდა კარგი მომენტი. მოკლედ, ფოთელთა მეორე გოლი დროის საქმედ ჩანდა და ეს დროც მოვიდა.

არბიტრმა პირველ ტაიმს ერთი წუთი დაამატა. შენგელიამ ბოლნისელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, სადაც მას შეტევაში ჩართული ცენტრალური მცველი, ზურაბ თევზაძე დახვდა და"სიონის" კარში მეორე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმი პირველზე უკეთესი გამოდგა. სათამაშო ტემპი მაღალი კვლავ არ იყო, თუმცა მინდორზე დაძაბულობამ იმატა. ეს იმითიც იყო გამოწვეული, რომ "სიონმა" 64-ე წუთზე ანგარიშში ჩამორჩენის შემცირება მოახერხა.

ექსკოლხმა დათა სიჭინავამ სტანდარტული კარგად შეასრულა. ბურთი ფოთელთა კარის ხარიხას მოხვდა და მინდორზე დაბრუნდა. სიტუაციაში ყველაზე სწრაფად ბოლნისელთა პორტუგალიელი ლეგიონერი გაერკვა და ვიეირას დარტყმის შემდეგ ფოთელთა უპირატესობა მინიმუმამდე შემცირდა.

"სიონს" თითქოს თამაში უნდა შემოებრუნებინა, მაგრამ 70-ე წუთზე ბოლნისელთა ცენტრალურმა მცველმა დაჩი ცნობილაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. მან ნიკა სიჭინავა შეაჩერა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა ოდნავ მახვილი კუთხიდან.

ამ გაძევებასა და მინდორზე რიცხობრივი თანაფარდობის აღდგენას შორის მშვენიერი შანსი მიეცა ძალიან აქტიურ შენგელიას, მაგრამ მან ბოლნისელთა კარს ბურთი ზემოდან გადააცილა.

83-ე წუთზე კი "კოლხეთიც" 10 ფეხბურთელით დარჩა. როგორც ზემოთ დავწერეთ, არბიტრმა მინდორი გურეშიძეს დაატოვებინა. "სიონს" ქულის გადარჩენა შეეძლო.

90-ე წუთზე არაუჟო და სილვამ ახლო ძელთან ვიეირას ჩაუწოდა, მაგრამ კოლხთა მეკარე კოკა სეფიაშვილმა თავისიანები გადაარჩინა.

"კოლხეთმა" ამ გამარჯვებით 5 ქულით გაუსწრო "სიონს".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
03.04. თბილისი. "მიხეილ მესხი". 150 მაყურებელი
სიონი-კოლხეთი 1:2
გოლები: 0:1 შენგელია (13), 0:2 თევზაძე (45), 1:2 ვიეირა (64)
სიონი (4-2-3-1): მერლანი - ქებურია (46. მიქაბერიძე), სვანიძე, ცნობილაძე, საჯაია - გოგობერიშვილი, ჭანკოტაძე - გაფრინდაშვილი (74. ჭიკაიძე), უგულავა (46. არაუჟო), დ. სიჭინავა - ვიეირა.
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჯინჭარაშვილი, ლობჟანიძე, ცხადაია
მწვრთნელი: ლადო ბურდული
კოლხეთი (4-3-3): სეფიაშვილი - კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა - გოგონაია, გურეშიძე, გიგაური - ნ. სიჭინავა (71. კაკულია), ჯიქია (80. ჟიშკარიანი), ლ. შენგელია (81. ქორჩილავა).
სათადარიგოები: ძაგანია, ჩადუნელი, ბარამიძე, ამბროლაძე
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გაფრთხილება: გოგონაია (34), ცნობილაძე (53), გურეშიძე (63), მიქაბერიძე (72), ვიეირა (90)
გაძევება: ცნობილაძე (70), გურეშიძე (83)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
შ. ლომია (ზუგდიდი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 6
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 6
კ. შალამბერიძე (გურია) 6
ი. სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

7 აპრილი, სამშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. პირველი მატჩები

XXIII ტური
11 აპრილი, შაბათი
დინამო (ბთ)-სამტრედია
დილა-სიონი
კოლხეთი-ზესტაფონი
ცხინვალი-გურია
მეტალურგი-შუქურა
ტორპედო-ზუგდიდი
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა
მერანი-დინამო (თბ).
მკითხველის კომენტარები / 2 /
ადმინ სამტრედია 4-1 შუქურაზე რატო არ დებ სტატიას ?? დინამოზე რო აგვაწრიალე 90 სტატიით
დიტო
20:12 06-04-2015
0
Samtrediaze roca igebs vitom araperi da tu caago egreve ceren)))
xorxe
21:16 06-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული