სამტრედიელთა მარადიული იმედი

AutoSharing Option
წინდაწინ ვიტყვით: პირველ ეტაპზე უმაღლესი ლიგის გუნდების ასპარეზობას ვაფასებთ და ამ დროს, ცოტა არ იყოს, უცნაურ სიტუაციასაც ვაწყდებით; ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე, ორი გუნდის მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია და გადამწყვეტი ეტაპისათვის გასავლელ მოსამზადებელ პერიოდს ვინ ჩივის, ისიც რთული სათქმელია, ეს გუნდები ჩემპიონატს რა შემადგენლობით გააგრძელებენ.

აი, ასეთი სამწუხარო რეალობაა "სამტრედიის" ირგვლივ - წინა ჩემპონატში გუნდს მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობები თუ ჰქონდა, ამ სეზონში ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. ანუ, ისე როგორც "კოლხეთისა" და "ბაიას" შემთხვევაში, გასული ზაფხულიდან მოყოლებული, "სამტრედიასაც" არ გამოუჩნდა "მუდმივი" სპონსორი;
ფაქტობრივად, მთელი პირველი ეტაპის განმავლობაში "სამტრედია" სერიოზულზე-სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდიდა: უსახსრობის გამო ხან საწვრთნელი პროცესი იშლებოდა, ხან - კალენდარულ მატჩზე გუნდის გამგზავრება იყო პრობლემატური და ასე შემდეგ. ყოველივე ამის მიუხედავად, გუნდის ასპარეზობა წარუმატებლად ნამდვილად არ უნდა შევაფასოთ: ასეთ გაჭირვებაში მყოფმა "სამტრედიამ", ალბათ, მოსალოდნელზე მეტსაც მიაღწია.

საბედნიეროდ, ისე როგორც წინა ჩემპიონატში, გუნდი ამ სეზონშიც არ მიუტოვებია ერთგულ ქომაგს: "სამტრედიის" საშინაო მატჩებზე გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნები ხომ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ნურც კლუბის პრეზიდენტს, ზაზა ადეიშვილს დავუკარგავთ გარჯას: ამ კაცის უდიდესი დამსახურებაც არის, "სამტრედია" რვაწლიანი პაუზის შემდეგ შარშანწინ უმაღლეს ლიგას რომ დაუბრუნდა და წინა ჩემპიონატიც ასე ღირსეულად რომ ჩაამთავრა. სამწუხაროდ, მხოლოდ ადეიშვილის მონდომება საკმარისი არ გამოდგა: სამტრედიელი ქომაგები გასული ზაფხულიდან მოყოლებული იმედს არ ჰკარგავდნენ, რომ მათ საყვარელ გუნდს "პატრონი" გამოუჩნდებოდა, მაგრამ...

არადა, დაპირებები, რამდენიც გნებავთ, იმდენი იყო და ხან რომელ წარმატებულ თუ პოპულარულ ქართულ კომპანიას უკავშირებდნენ "სამტრედიის" სპონსორობას, ხან - რომელს; ისე, პირველი ეტაპის განმავლობაში ლოკალური (გნებავთ, ერთჯერადი) დახმარებები მაინც იყო: ასე, მაგალითად, ერთ-ერთი მატჩის წინ (თუ არ ვცდებით, რუსთავში, "ოლიმპთან") საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობამ "სამტრედიას" სათამაშო ეკიპირება გადასცა.

რაღა თქმა უნდა, ცალკე გვინდა აღვნიშნოთ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, საკლუბო დონეზე ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელის, კახი კალაძის მართლაც კაცური და კეთილშობილური ჟესტი; წინასაახალწლო დღეებში სამშობლოში მცირე ხნით ჩამოსულმა კახა კალაძემ მშობლიური ქალაქის გუნდს 10 000 დოლარი საჩუქრად გადასცა და ეს თანხაც, როგორც შემდეგ ზაზა ადეიშვილმა განაცხადა, ფეხბურთელებმა ერთმანეთში გაინაწილეს.

2000-01 წლების სეზონი სამტრედიელ გულშემატკივრებს ყოველთვის ძალიან ცუდად გაახსენდებათ: მათმა საყვარელმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, ფაქტობრივად, ანტირეკორდი დაამყარა (მხოლოდ და მხოლოდ 4 ქულა დააგროვა) და უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა; აი, ამის შემდეგ კი გუნდს სერიოზული კრიზისი დაეწყო: სამი წელი პირველ ლიგაში ასპარეზობდა, შემდეგ, მომდევნო ორი სეზონი სულაც რეგიონალლიგაში გამოდიოდა; ამას ისევ პირველ ლიგაში აღზევება მოჰყვა და აი, 2008-09 წლების სეზონში, იმ დროისთვისაც მოკრძალებული ფინანსების მქონე "სამტრედიამ" თავისზე ბევრად უზრუნველყოფილი კონკურენტების ჩამოცილება შესძლო და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა!

უძლიერესთა შორის რვაწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა "სამტრედიამ" (გუნდს ჯერ გამოცდილი ვალერიან ჩხარტიშვილი წვრთნიდა, შემდეგ - ახალგაზდა სპეციალისტების, მამუკა მესიაჩენკოსა და ლევან ანჯაფარიძის "დუეტი") ღირსეულად იასპარეზა და საბოლოოდ VII ადგილიც დაიკავა. ყოველ შემთხვევაში, XXII ჩემპიონატის წინ "სამტრედიას" წინასწარ განწირულ გუნდად არავინ მიიჩნევდა.


მწვრთნელის ფაქტორი
გასულ ზაფხულს გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად შეიცვალა. თუმცა ვერავინ იტყოდა, რომ წინა სეზონთან შედარებით "სამტრედია" უფრო დასუსტდაო; ჯერ ერთი გიგა ჟვანიას, გიორგი ილურიძისა და ზაურ ხაჭიპერაძის გარდა, ფაქტობრივად, ყველა გამოცდილი ფეხბურთელი გუნდში დარჩა, სამი-ოთხი არანაკლები გამოცდილი ახალწვეულიც დაიმატა და პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელთა მთელი ჯგუფიც. ამასთან, საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილება, როცა სეზონის წინ გუნდის გაძღოლა ახალგაზრდა სპეციალისტს, 32 წლის გელა სანაიას მიანდეს.

შეგახსენებთ, რომ წინა ჩემპიონატში სანაია თბილისის "ლოკომოტივს" თავკაცობდა და უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონის მიუხედავად, საკუთარი სამწვრთნელო შესაძლებლობები მშვენივრადაც წარმოაჩინა. მართალია, თბილისის "ლოკომოტივმა" უმაღლეს ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა, მაგრამ ახალგაზრდა მწვრთნელის "დადანაშაულება" აზრადაც არავის მოსვლია; უფრო პირიქით იყო: მოკრძალებული ფინანსური თუ ადამიანური რესურსის დეფიციტის პირობებში, სანაიას დამოძღვრილი "ლოკომოტივი" ყველა შეხვედრაში მაქსიმალური მონდომებით ასპარეზობდა, მაგრამ ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობის გამოუცდელობამ საბოლოო შედეგზე მაინც იმოქმედა. "ლოკომოტივის" დაქვეითება არავის გვესიამოვნა, მაგრამ ის ფაქტი, რომ თანამედროვედ მოაზროვნე ახალგაზრდა მწვრთნელი გელა სანაია კვლავაც უმაღლეს ლიგაში იმუშავებდა, მხოლოდ და მხოლოდ დადებით ემოციებს გვიტოვებდა. რა თქმა უნდა, სანაიამ კარგად იცოდა, თუ სად მიდიოდა - "სამტრედიას" ხომ ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი (ხანდახან, ზომაზე მეტად ემოციურიც) გულშემატკივრები ჰყავს; ამას გარდა, დედაქალაქიდან პერიფერიაში გადასვლაც არ უნდა ყოფილიყო იოლი საქმე, მით უფრო, რომ იქ მწვრთნელს ნამდვილად არ ელოდა კომფორტული პირობები.

მწვრთნელისათვის საკუთარი გუნდის ნებისმიერი "მისაღები" შედეგი წარმატებაა, მაგრამ, ახალსაც არაფერს ვიტყვით, თუ მეორე ტაიმის ფაქტორზე გავამახვილებთ ყურადღებას. ჰო, ასეა - თანამედროვე ფეხბურთში "ძვირად" ფასობს მწვრთნელის თვისება (გნებავთ, უნარი), თამაშის სცენარი რომ შეცვალოს. პირველ ეტაპზე "სამტრედიამ" რამდენიმე სწორედ ასეთი მატჩი ჩაატარა, სასურველი შედეგის მისაღწევად მწვრთნელს თამაშის "შემოტრიალება" რომ მოუხდა.

თუგინდ, "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გელა სანაიას პირველივე მატჩი გავიხსენოთ, როცა გუნდი სტუმრად "სპარტაკს" ეთამაშებოდა და პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდა. თუმცა, შესვენების შემდეგ სანაიას განხორციელებულმა ცვლილებებმა მოედანზე არსებული სიტუაცია რადიკალურად შეცვალა და "სამტრედიამ" ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაც მოახერხა. პირველ ეტაპზე მსგავსი სცენარით სხვა არაერთი მატჩი ყოფილა და, უპირველესად, "ბაიასთან" IX ტურის შეხვედრა უნდა ვახსენოთ: "სამტრედია" შინ მარცხდებოდა თავის ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან და საბოლოოდ 3:1 გაიმარჯვა! აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი გოლები შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს და ანალოგიური სიტუაცია იყო XI ტურშიც, როცა ასევე ეფექტიანი შეცვლების შემდეგ ასევე ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს "სპარტაკს" აჯობეს.

არადა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მთელი პირველი ეტაპის განმავლობაში, მწვავე ფინანსურ კრიზისთან ერთად, "სამტრედიის" ახალგაზრდა თავკაცს საკადრო პრობლემებთანაც უხდებოდა გამკლავება: ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციების გამო, თითქმის ყოველ მეორე-მესამე მატჩში ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი უნდა მოესაკლისებინა. თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, მთელ რიგ მატჩებში "სამტრედიამ" ბრძოლისუნარიანობისა და მონდომების ხარჯზე სასიამოვნოზე-სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, XV ტურში "დინამოსთან" გამარჯვებასა და XVII ტურში "ოლიმპთან" ფრეს "სამტრედიის" ერთგულ ქომაგთაგან ბევრი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, არადა გუნდმა ეს მოახერხა. სხვათა შორის, პირველ ეტაპზე "ტურის მწვრთნელებს" შორის გელა სანაია სამჯერ მივიჩნიეთ საუკეთესოდ.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არავინ იცის, თუ რა მდგომარეობა იქნება "სამტრედიაში" მეორე ეტაპისათვის; ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ გუნდიდან წავიდა წამყვან ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი და რაც მთავარია, პირველი ეტაპის დასრულებისთანავე გელა სანაიამ "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. იმედი დავიტოვოთ, რომ ეს პერსპექტიული მწვრთნელიც მალე მოძებნის შესაფერის სამსახურს და იქნებ, "სამტრედიასაც" გამოუჩნდეს ამდენი ხნის შეპირებულ-დაპირებული სპონსორიც; საწინააღმდეგო შემთხვევაში, ფოთის "კოლხეთისა" არ იყოს, გუნდს პირველ ლიგაში დაქვეითება არ აცდება.


მეკარეები
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - პირველ ეტაპზე საკუთარ კარში ყველაზე მეტი გოლი "სამტრედიამ" გაუშვა, მაგრამ მეკარეებზე ვერავინ იტყვის, გუნდის ყველაზე სუსტ რგოლს წარმოადგენდნენო. "სამტრედიის" ძირითადი მეკარე ლაშა ძაგანია გახლდათ, ვინც უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებდა. 22 წლის ძაგანიას ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია და მისი დიდი დამსახურებაც იყო, "სამტრედიამ" ჩემპიონატის ფავორიტებთან ("დინამო", "ოლიმპი") ჩატარებულ საშინაო შეხვედრებში ჩინებულ შედეგს რომ მიაღწია. სხვათა შორის, პირველ ეტაპზე "ტურის სიმბოლურ ნაკრებში" ყველაზე მეტჯერ ძაგანია და გიორგი ლორია ("დინამო") დავასახელეთ - უმაღლესი ლიგის დებიუტანტსაც და საქართველოს ნაკრების მეკარესაც ეს პატივი სამ-სამჯერ ერგოთ.


მცველები
ზემოთ, ფეხბურთელთა ტრავმები თუ დისკვალიფიკაციები რომ ვახსენეთ, ყველაზე მტკივნეულად სწორედ ამ რგოლს შეეხო. სამწუხაროდ, რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუხდა "სამტრედიის" ყველაზე სტაჟიან წევრსა და გუნდის კაპიტანს სპარტაკ გოგიას; ამ უკანასკნელთან დაცვის ცენტრში უფრო ხშირად "სამტრედიის" ახალწვეული, 21 წლის გიორგი ხუმარაშვილი ასპარეზობდა. სხვათა შორის, ხუმარაშვილი და "სამტრედიის" კიდევ ერთი ახალწვეული, 19 წლის გიორგი სოსელია წინა ჩემპიონატშიც გელა სანაიას შეგირდები იყვნენ ("ლოკომოტივში"). იმერულ გუნდში ხანმოკლე პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ ტყუპი ძმები თორნიკე და ირაკლი შალიკაშვილები, ოღონდ, 20 წლის ბიჭებს სხვადასხვა რაოდენობის მატჩების ჩატარება მოუხდათ.


ნახევარმცველები
"სამტრედიის" წარმატება-წარუმატებლობა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ნახევარმცველთა თამაშზე და ეს ფაქტი შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა; ბოლოს და ბოლოს, გუნდის თითქმის ყველა ლიდერი ხომ სწორედ ამ რგოლში ასპარეზობდა. ისე როგორც წინა ჩემპიონატში, ამ სეზონშიც გუნდის საკვანძო ფეხბურთელებად მიიჩნეოდნენ ლევან ბაკურაძე და ვაკო ტყემალაძე. თანაც, "სამტედიის" ამ ორ წამყვან მოთამაშეს, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ხშირად სხვადასხვა პოზიციაზეც უწევდათ თამაში. ჩინებულად მოერგო გუნდს 27 წლის ლაშა ქებაძე - ვინც წინა სეზონშიც გელა სანაიას შეგირდი გახლდათ. ქებაძე "საყრდენი" ნახევარმცველის ფუნქციებს ასრულებდა და მეტოქეთა კარში 2 გოლიც გაიტანა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა ხანმოკლე პაუზის შემდეგ გუნდში კვლავ მობრუნებულ ვალტერ გუჩუას; არადა, 35 წლის გუჩუას გამოცდილება "სამტრედიას" რომ დიდ დახმარებას გაუწევდა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება.

სამაგიეროდ, გუნდის მეორე ვეტერანმა, გუჩუაზე არანაკლებ გამოცდილმა შოთა ჩომახიძემ პირველი ეტაპის ყველა მატჩი ჩაატარა და "სამტრედიის" ერთ-ერთ უპირობო ლიდერადაც უნდა მივიჩნიოთ. 32 წლის ჩომახიძე მოედნის შუახაზში უაღრესად პროდუქტიულად ირჯებოდა, ჩინებულად ასრულებდა სტანდარტულ მდგომარეობებს და ლევან ბაკურაძესთან ერთად პირველ ეტაპზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახლდათ. სხვათა შორის, მეკარე ძაგანიას მსგავსად, ჩომახიძეც სამჯერ დავასახელეთ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში". ასეთი პატივი ერთხელ ერგო "სამტრედიის" ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელს დავით კირკიტაძეს - 18 წლის ფლანგის ნახევარმცველი, საერთოდაც, პირველი ეტაპის ერთ-ერთ აღმოჩენად უნდა მივიჩნიოთ. ამასთან, ეს სწრაფი გარემარბი გელა სანაიას "ფარული იარაღიც" იყო - გამარჯვების გოლი ორჯერ სწორედ შეცვლაზე შემოსულმა კირკიტაძემ გაიტანა.


თავდამსხმელები
პირველ ეტაპზე "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი თავდასხმის ხაზში როტაციას სისტემატურად მიმართავდა, თუმცა, უფრო ხშირად გამოცდილ მიხეილ კაკალაძესა და ახალგაზრდა ილია პავლიაშვილს ენდობოდა. აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ "გაგრადან" გადმოსული 21 წლის პავლიაშვილი უფრო "სიღრმიდან" თამაშობდა, ვიდრე, ვთქვათ, გამოკვეთილი ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოასპარეზე გიგა კვერენჩხილაძე. პავლიაშვილის არ იყოს, ვერც პაატა ბაკარნაძეზე ვიტყოდით, რომ გამოკვეთილ ცენტრფორვარდად თამაშობდა, ვისაც, უფრო ხშირად, მარცხენა გარემარბად ვხედავდით.

სხვათა შორის, ზემოთნახსენებ ოთხ ფორვარდს (ისე როგორც ზურაბ ეცადეიშვილს) პირველი ეტაპი უგოლოდ არ დაუმთავრებია, თუმცა, ეს ფაქტორი მაინც არ აღმოჩნდა გადამწყვეტი - "სამტრედია" სახიფათო ზონაში იმყოფება და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ გუნდის ირგვლივ ჯერჯერობით დამაიმედებელი თუ სასიკეთო არაფერი ისმის.


სამტრედიას ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
II ტური: სპარტაკი-სამტრედია 2:2
III ტური: სამტრედია-სიონი 0:1
IV ტური: ვიტ ჯორჯია-სამტრედია 4:2
V ტური: სამტრედია-ტორპედო 1:0
I ტური: კოლხეთი-სამტრედია 1:0
VI ტური: დინამო-სამტრედია 3:2
VII ტური: სამტრედია-ზესტაფონი 1:3
VIII ტური: ოლიმპი-სამტრედია 3:0
IX ტური: სამტრედია-ბაია 3:1
X ტური სამტრედია-კოლხეთი 1:1
XI ტური: სამტრედია-სპარტაკი 1:0
XIV ტური: ტორპედო-სამტრედია 0:0
XII ტური: სიონი-სამტრედია 1:0
XIII ტური: სამტრედია-ვიტ ჯორჯია 1:0
XV ტური: სამტრედია-დინამო 1:0
XVI ტური: ზესტაფონი-სამტრედია 7:0
XVII ტური: სამტრედია-ოლიმპი 1:1
XVIII ტური: ბაია-სამტრედია 3:1


მეკარეები: ლაშა ძაგანია-16, კახა ჯინჭარაძე-2;
მცველები: სპარტაკ გოგია-13, გიორგი ხუმარაშვილი-11, აკაკი კუპრეიშვილი-10, თორნიკე შალიკაშვილი-10, გიორგი სოსელია-9, კახა კირთაძე-9, დავით ჩხიკვაძე-6, ირაკლი შალიკაშვილი-5, რევაზ ნინუა-2, ცოტნე ხარაბაძე-1;
ნახევარმცველები: შოთა ჩომახიძე-18(3), დავით კირკიტაძე-17(2), ლაშა ქებაძე-16(2), ლევან ბაკურაძე-15(3), ვაკო ტყემალაძე-14(1), თეიმურაზ ფურთუხია-6, ვალტერ გუჩუა-6, აკაკი დვალიშვილი-3, თორნიკე კაპანაძე-1.
თავდამსხმელები: ილია პავლიაშვილი-16(1), მიხეილ კაკალაძე-14(1), პაატა ბაკარანძე-14(1), გიგა კვერენჩხილაძე-13(2), ზურაბ ეცადეიშვილი-4(1).



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული