`დინამოს~ ქართული ტიტულების ჩამოთვლას აღარ შევუდგებით, არც იმ ფაქტს გავიხსენებთ, რომ 1981 წლის 13 მაისს ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა; უბრალოდ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არსებობს, `დინამომ~ ევროტურნირებზე უკვე 74 მატჩი ჩაატარა! სხვათა შორის, შედეგი ურიგო სულაც არ არის: 31 მოგება, 10 ფრე და 33 წაგება (ბურთების სხვაობა: 94-118). ამ ყველაფრის მიუხედავად, დღევანდელ მატჩში აშკარა ფავორიტად `გეფლე~ მოიაზრება; ყოველ შემთხვევაში, წამყვანი ევროპული საბუქმეიქერო კანტორები აშკარაზე აშკარა უპირატესობას `გეფლეს~ ანიჭებენ. თუმცა, რამდენი შემთხვევა ყოფილა, როცა ბუქმეიქერთა პროგნოზები არ გამართლებულა? თანაც, პროვინციული ქალაქის არაფრით გამორჩეული გუნდი `გეფლე~, ისევე როგორც ფარერების `რუნავიკს~, თბილისის `დინამოსაც~ მშობლიურ სტადიონზე (7300-იან `სტრიომვალენზე~) კი არა, არამედ ევროპული მასშტაბებით ცნობილ სტოკჰოლმის `რასუნდაზე~ უმასპინძლებს.
ეს სტადიონი შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და ამ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის აიკ-ის საშინაო არენაა და 35000 მაყურებელს იტევს; თუმცა, ვეჭვობთ, რომ სტადიონი სანახევროდაც შეივსოს. შვედეთის ჩემპიონატში უკვე თვეა, რაც შესვენებაა და `დინამოს~ დღევანდელმა მეტოქემ ევროტურნირების იმ ორი მატჩის გარდა, კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარება მოასწრო. კერძოდ, კვირას, შვედეთის თასის მეოთხედფინალში `კალმარს~ ეთამაშა და დამატებით დროში დამარცხდა (1:3). არადა, ამ შეხვედრაში ანგარიში `გეფლემ~ გახსნა: მე-16 წუთზე გოლი 23 წლის ნახევარმცველმა იონას ლანტომ გაიტანა. `კალმარმა~ პირველ ტაიმშივე შესძლო ანგარიშის გათანაბრება და ძირითადი დროც ფრედ (1:1) დამთავრდა. აი, დამატებითში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, `კალმარმა~ ორი გოლი გაიტანა და ნახევარფინალშიც გავიდა. ამ მატჩში `გეფლეს~ მთავარმა მწვრთნელმა პერ ოლსონმა ასეთი შემადგენლობა დააყენა: ჰედვალი _ სენატორე, ბერნარდსონი, ტეორინი, იავო (78. პორტინი) _ ჩიბსა, ჰანსონი (71. იოჰაგენი), დალბერგი, ლანტო _ ბერგრენი (65. ორლოვი), გერნდტი. აღსანიშნავია, რომ `გეფლეს~ მთავარმა მწვრთნელმა პერ ოლსონმა ბოლო მატჩთან (`რუნავიკთან~ განმეორებითი შეხვედრა) შედარებით თავის გუნდში რამდენიმე ცვლილება მოახდინა: ძირითადი მეკარის (მათიას ჰუგოსონი) ნაცვლად ემილ ჰედვალმა იასპარეზა, ხოლო იაკობ ორლოვისა და იალმარ იოხაგენის ადგილი მიქაელ დალბერგმა და `გეფლეს~ ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა, 37 წლის ჰანს ბერგრენმა დაიკავეს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, `დინამოს~ წინააღმდეგ დღეს `გეფლეს~ ყველა ლეგიონერს ვიხილავთ: ომარ იავოს (გამბია), იუსიფ ჩიბსას (განა), სალვატორე სენატორეს (ურუგვაი); სამაგიეროდ, უფრო ნაკლები შანსები აქვთ ჯეიმს ფრემპონგს (განა), იენს პორტინს (ფინეთი), ოივინდ გრამს (ნორვეგია) და ჰარუნა მოშის (ტანზანია). ახლა კი, ალბათ, დროა, რომ რამდენიმე სიტყვა `დინამოზეც~ ვთქვათ; ჩვენი გუნდი შვედეთში 13 ივლისს, გვიან ღამით თბილისი-რიგა-სტოკჰოლმის ავიარეისით გაემგზავრა. თანაც, სიხარულით უნდა გამცნოთ, რომ `ფლორასთან~ განმეორებითი მატჩისგან განსხვავებით, `დინამოში~... მატებაა! ბოლოს და ბოლოს, ესტონეთში კახა კაჭარავამ თუ მხოლოდ 16 ფეხბურთელი წაიყვანა, `დინამოს~ მთავარ მწვრთნელის განკარგულებაში ამჯერად... ერთით მეტი მოთამაშეა!
აი, `დინამოს~ შემადგენლობაც: მეკარეები: გიორგი ლორია, ბექა შეყრილაძე; მცველები: ლევან ხმალაძე, გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა, გიორგი გველესიანი; ნახევარმცველები: ალექსანდე კოშკაძე, ედნილსონი, ნიკოლოზ ფირცხალავა, გიორგი კახელიშვილი, დონალდ ჯუისი, გიორგი მამუჩიშვილი, ირაკლი ლეკვთაძე, გიორგი თექთურმანიძე, რობერტინიო; თავდამსხმელები: მათე ვაწაძე, ზვიად მეტრეველი. `ახალი სახე~ კი 23 წლის ნიკოლოზ ფირცხალავაა, ნიჭიერი ნახევარმცველი, რომელიც გაუთავებელმა ტრავმებმა იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, საერთოდ, საფეხბურთო კარიერის დასრულება რომ ჰქონდა გადაწყვეტილი. საბედნიეროდ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება შეცვალა და კვლავაც მშობლიურ გუნდში დარჩა _ ფირცხალავას ხომ სხვაგან არსად უთამაშია, ისე, როგორც `დინამოს~ სამ `სტაჟიან~ წევრს _ გიორგი ლორიას, მათე ვაწაძესა და გულვერდ თომაშვილს. აღსანიშნავია, რომ ფირცხალავა, ლორია, ვაწაძე და თომაშვილი `დინამოში~ 2004 წლიდან თამაშობენ და როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავიანთი კარიერა მხოლოდ ჩვენ ყველაზე ტიტულოვან კლუბში აქვთ გატარებული.
დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ `გეფლესა~ და `დინამოს~ მატჩი დღეს, ჩვენი დროით 21 საათზე დაიწყება და ამ შეხვედრას ხორვატი არბიტრი დამირ ბატინიჩი განსჯის.