ს.კ. "მარგვეთი": რას გვერჩის ილია კოკაია?!

AutoSharing Option
"ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ კლუბიდან წასვლის მიზეზებზე რომ ილაპარაკა, ერთ-ერთად მათ ხარჯზე რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე ზესტაფონის "მარგვეთის" დაწინაურების მცდელობა დაასახელა.

"ამ ყველაფრის (დაუფინანსებლობის გამო შექმნილი პრობლემების) შემდეგ ვგებულობ, რომ მესამე ლიგაში არის გუნდი, სადაც მათი (გამგეობის და საკრებულოს თანამშრომელთა) შვილები თუ ახლობლები არიან და თამაშობენ, ბიუჯეტიდან 80 ათასით აფინანსებენ და სავარჯიშოდ ჩემს ბაზებს იყენებს. გვიმტკიცებენ, რომ სქემაც არის - "ზესტაფონი" თუ დაიშლება, მას დააწინაურებენო.

ჩემთვის ეს იყო ბოლო წერტილი. ანუ ეს ხალხი თავის პირად ინტერესს ქვეყანასა და საქმეზე მაღლა აყენებს.
ზესტაფონელებს ვეუბნები, რომ მათი ერთადერთი ხსნა ამ ხალხის გადაყენებაა. ადამიანი როცა სახელმწიფო სამსახურში მიდის, სახელმწიფო ინტერესები უნდა ადარდებდეს და არა - პირადი", - თქვა კოკაიამ.

ამ განცხადების შემდეგ "ლელოს" "მარგვეთის" ხელმძღვანელობა დაუკავშირდა და კოკაიას ბრალდებებზე პასუხის გაცემა ითხოვა.

"ჯერ იმას ვიტყვი, რომ არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ქართულ ფეხბურთთან კავშირი აქვს და "ზესტაფონის" გაჭირვება არ აღელვებს. ამ ამბავს განსაკუთრებით ზესტაფონელები განვიცდით. მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას ერჩის კოკაია "მარგვეთს" და ცრუ ბრალდებებს რატომ გვივრცელებს.

ბიუჯეტიდან მართლაც გვაფინანსებენ, რადგან "მარგვეთი" მუნიციპალიტეტის გუნდია, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი არის არა 80 ათასი ლარი, როგორც კოკაია ამბობს, არამედ - 22 ათასი.

მეორე: ჩვენს ხარჯზე როგორ აპირებენ "ზესტაფონის" დაძირვას, როცა წლეულს დაფინანსება ჯერ არც მიგვიღია და მცირედს გვპირდებიან.

არც ის ვიცი, საიდან მოიტანა საკრებულოსა და გამგეობის წევრთა შვილების ამბავი. მე მაგის გამო მომიხდა "ზესტაფონიდან" წამოსვლა, თუმცა აქამდე ხმა არ ამომიღია.

არც იმაზე ვლაპარაკობდი, რომ რეალურად, ზესტაფონელი ფეხბურთელების გაზრდაზე "მარგვეთი" უფრო ზრუნავს. მაგრამ აქაც მოგვწვდა. რას გვერჩის?

დამისახელოს ერთი ფეხბურთელი მაინც, რომელიც გავლენიანი მამის გამო ავიყვანე და ფეხბურთს სათოფეზეც აღარ გავეკარები. ყოველ წელს გაწვევას შიშით ველოდებით, ჯარში რომ არ წაიყვანონ ბავშვები და ესაა გავლენიანი ხალხის გუნდი? ასეთ შემთხვევაში, 22 ათასზე მეტი დაფინანსება არ გვექნებოდა?" - კითხულობს "მარგვეთის" მთავარი მწვრთნელი ზაურ ჩუბინიძე, რომელიც იყო იმ "მარგვეთის" მწვრთნელი, წლების წინათ უეფას თასზე თამაშის უფლება პირველად რომ მოიპოვა.

კომენტარი გააკეთა "მარგვეთის" ადმინისტრატორმა დიმიტრი მაღრაძემაც:

"ჩვენი "გაქაჩვის" ვერსია ჭორის დონეზე გავრცელებულ მოსაზრებებს ემყარება, მაგრამ არანაირი საფუძველი მას არ გააჩნია. ჩვენთვის "ზესტაფონი" არავისზე ნაკლებად ძვირფასი არ არის და მის ხარჯზე "მარგვეთის" დაწინაურების არანაირი სურვილი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს ქალაქს უმაღლეს ლიგაში გუნდი თუ არ ეყოლება, "მარგვეთსაც" პრობლემები შეექმნება.

ჩვენ გვყავს 35 მოთამაშე და ერთს მაინც თუ მოძებნის, რომელიც მშობლის გამო ავიყვანეთ, იმავე წამს "მარგვეთიდან" წავალ.

რაც შეეხება საბიუჯეტო თანხებს: 22 ათასიდან 8 ათასი ჩემპიონატში სამონაწილეო საწევროზე იხარჯება, 7 ათასი - მგზავრობასა და ტრანსპორტირებაზე, 2 ათასი ფორმებსა და ბურთებზე, 5 ათასი გვაქვს მხოლოდ მოთამაშეთა წასახალისებლად, ანუ მოგებაზე სულ 80 ლარს იღებენ. ცალკე, რაიონის ბიუჯეტიდან მწვრთნელებს ხელფასად 280 ლარი დაგვინიშნეს.

აქვე ვიტყვი, რომ 7 მოთამაშე დაგვემტვრა და ვერ ვმკურნალობთ. რეალურად, ესაა "გავლენიანი" "მარგვეთის" "უზარმაზარი" ბიუჯეტი.

სხვათა შორის, დაფინანსების გაზრდა რომ ვითხოვეთ, გვითხრეს, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა დავიწყეთო და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდით. ასე ვწვალობთ.

ასე რომ, კოკაიას ბრალდებები ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაქსუებული მილიონერი ამ პატიოსან ხალსხ, რომ დაუწყებს ტალახის სროლას და საზოგადოება ხმას არ იღებს წასულია იმ ქვეყნის საქმე.წესით კოკაიას გამონათქვამების გასარკვევად შესაბამისი ორგანოები უნდა ინტერესდებოდეს და თქვენ ვაი ჟურნალისტებო ამით უნდა იყოთ დაკავებული და არა ზოგიერთების პიარით.
0

სიახლეები პოპულარული