ინტერვიუ ვთხოვეთ "ვეტერინართა" 39 წლის თავკაც თენგიზ კობიაშვილს, ვინც ცოტა ხნის წინათ მივიდა "ვიტ ჯორჯიაში".
- უპირველეს ყოვლისა, უნდა გთხოვოთ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მომავალ ტურში თქვენი გუნდის მოწინააღმდეგე ბოლნისის "სიონის" დახასიათება...
- გავარჩიეთ მეტოქის მატჩები და არავისთვის იქნება მოულოდნელი, თუ ვიტყვი, რომ საკმაოდ ძლიერი
- ბოლნისელებს, საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, რამდენიმე გამოკვეთილი ინდივიდუალისტი ჰყავთ. რომელიმეს ხომ არ გამოარჩევდით?
- ბოლო თამაშების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამოვარჩევდი ორ ფეხბურთელს - ზვიად ლობჟანიძესა და დაჩი ცნობილაძეს. ლობჟანიძე ძალიან მწვავედ თამაშობს. რაც შეეხება ცნობილაძეს, ის უნივერსალია. ამ ფეხბურთელის მიმართ ძალიან დიდი სიმპათია მაქვს.
- ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში რომელიმე ფეხბურთელს ხომ არ მოისაკლისებთ?
- სამწუხაროდ, სამი მოთამაშე დაგვაკლდება. დაშავებულები არიან მურუსიძე და ჩიტიშვილი. რაც შეეხება კურდღელაშვილს, ის დისკვალიფიცირებულია. ეს ბიჭები ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენენ.
- ისე ჩანს, რომ "ვიტ ჯორჯია" პირველ ლიგაში გასავარდნადაა განწირული, მაგრამ დაგვეთანხმებით, შანსი ჯერ კიდევ არის. როგორია ამ დროისთვის გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა?
- არის შანსი და ყველა, როგორც ერთი, ბოლომდე ვიბრძვით ამ შანსისთვის, მაგრამ რომც არ იყოს ეს შანსი, ჩვენ ნებისმიერ მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ. აი, გორში გვაქვს ბოლო თამაში და როგორც უნდა იყოს იმ დროისთვის ჩვენი საქმე, ხელებჩამოშვებულები არ გავალთ მინდორზე.
ვაღიარებთ შეცდომებს, მაგრამ ოპტიმისტურად ვუყურებთ კლუბის მომავალს. ჩვენი მუშაობით ეს შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და დავადგენთ პროგრესის გზას. ამას მხოლოდ ერთადერთი საშუალებით მივაღწევთ - უნდა ვიბრძოლოთ ყველა თამაშში, უნდა დავიხვეწოთ. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და გამუდმებული პროგრესი გვაქვს.
- საქართველოში გავრცელებული ტენდენციით, პირველ ლიგაში გავარდნილი კლუბის არსებობას ხშირად საფრთხე ემუქრება ხოლმე. დაგვეთანხმებით, კიდევ ერთი ქართული კლუბის გაქრობა ჩვენი საფეხბურთო რუკიდან ცუდი იქნება. ხომ არ არსებობს ეს საშიშროება?
- ჩვენი კლუბის პრეზიდენტი გურამ რუხაძე შორსმჭვრეტელი ადამიანია. მან იცის, როგორ უნდა განვითარდეს კლუბი. მჯერა, "ვიტ ჯორჯია" მალე დაიბრუნებს კუთვნილ პოზიციებს ქართულ ფეხბურთში. მით უმეტეს, ჩვენი ჭაბუკთა და დუბლიორთა გუნდები ძალიან წარმატებულები არიან. ამ კლუბს მომავალი აქვს.
- ამ ფორმაციის "ვიტ ჯორჯიაში" არის რამდენიმე ფეხბურთელი, ქართული საკლუბო ფეხბურთის კვალობაზე ბევრი რომ შეუძლია. მიმდინარე სეზონში გუნდის არაერთი თამაში ვნახე და მიმაჩნია, რომ, ვთქვათ, ვანო კურდღელაშვილს, ელგუჯა ლობჯანიძესა და ლუკა თათხაშვილს არავისზე ნაკლებად არ შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. კმაყოფილი ხართ ამ ბიჭების პროგრესით?
- ძალიან სწორად შეგინიშნავთ. პირდაპირ გეტყვით - ის, რასაც ჩვენ ამ ფეხბურთელების თამაშში ვხედავთ, არის მხოლოდ მათი შესაძლებლობების ნახევარი. ამ სიტყვებს, თქვენ რომ გითხარით, მათაც ძალიან ხშირად ვეუბნები. ამ დროისთვის, ჩემი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყო ამ და სხვა მოთამაშეების შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.
- როგორ ფიქრობთ, "ვიტ ჯორჯიას" სამართლიანად უკავია ბოლო ადგილი სატურნირო ცხრილში?
- ჩვენ რომ ბოლომდე გამოგვევლინა ჩვენი შესაძლებლობები, გუნდი ახლა ბოლო ადგილზე არ იქნებოდა. პოტენციურად, ამ "ვიტ ჯორჯიას" გაცილებით მეტი შეუძლია.
- მთავარ მწვრთნელად ახალმოსული ხართ. თქვენს საფეხბურთო კარიერას ქართველი ქომაგი კი იცნობს, მაგრამ ახლა ეს გვითხარით - რა არის თქვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი?
- ამ დროისთვის ახალ ველოსიპედს ვერ მოვიგონებთ - საამისოდ, დრო არ არის. ახლა ჩვენი მიზანია, რომ თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმი "გამოვწუროთ". აი, შეკრებას რომ გაივლის გუნდი ჩემი ხელმძღვანელობით, მერე უკეთ გამოჩნდება ჩვენი სამწვრთნელო გეზი, მიმართულება...
- როგორი ფეხბურთი გიყვართ?
- "დაარტყი და გაიქეცი" არ მიყვარს. შემტევი, კომბინაციური ფეხბურთის მოყვარული ვარ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"