საქართველოში დღეს თვითმყოფადი ფორვარდების დიდი დეფიციტია. ფაქტია, ყველა გამორჩეულ თავდამსხმელს ბოლომდე უნდა ჩავეჭიდოთ. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს "ვიტ ჯორჯიის" თამაში, დაგვეთანხმება - ელგუჯა ლობჯანიძე ასეთ შემტევთა რიგს მიეკუთვნება.
ტანმაღალი ფორვარდი ყველა ბურთისთვის ბოლომდე იბრძვის, ფიზიკურად ძლიერია და არც საგოლე ალღო დაეწუნება.
24 წლის ლობჯანიძემ შესანიშნავად ითამაშა "სიონთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში და მისი გუნდის გამარჯვებაში (2:0) ლომის წილი მარტო გატანილი გოლით როდი დაიდო...
- ფეხბურთის თამაში საფეხბურთო სკოლა "სიხარულში" დავიწყე, - გვითხრა ელგუჯა ლობჯანიძემ საუბრის დასაწყისში. -
- საქართველოს ჩემპიონატში თქვენებრ ტანმაღალი შემტევი ბევრი არ არის. ზუსტად რა სიმაღლის ხართ?
- 194 სანტიმეტრი ვარ.
- როგორ ფეხბურთს ანიჭებთ უპირატესობას?
- უფრო ისეთს, რომელშიც ჩემი ფიზიკური მონაცემების, ჩემი სიმაღლის გამოყენება შემიძლია.
- დღეს ბევრ ფეხბურთელს აქვს რეჟიმის დაცვის პრობლემა საქართველოში. ეკუთვნით თუ არა ბოლომდე ფეხბურთს?
- შემიძლია გულზე ხელი დავიდო და ვთქვა - ელგუჯა ლობჯანიძე თავიდან ბოლომდე ეკუთვნის ფეხბურთს. ვიცი, რომ რეჟიმის დაცვა წარმატების მიღწევის მთავარი წინაპირობაა.
- რას იტყვით "ვიტ ჯორჯიის" შანსებზე? შეინარჩუნებს გუნდი ადგილს უმაღლეს ლიგაში?
- ფაქტია, შანსი არსებობს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. თუნდაც "სიონთან" მატჩმა გვიჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია.
- რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში თუ გითამაშიათ?
- არა, არც ერთში.
- თქვენი სტილის ფორვარდებიდან ყველაზე მეტად ვისი თამაში მოგწონთ?
- ზლატან იბრაჰიმოვიჩის. მას ძალიან ბევრი შეუძლია. ვცდილობ ხოლმე კიდეც, მის სტილში ვითამაშო.
- როდისმე მინდორზე თქვენთვის ზლატანი ან "იბრა" ხომ არ დაუძახია ვინმეს?
- ზლატანს და "იბრას" არა, მაგრამ ერთი პერიოდი ჟიგიჩს კი მეძახდნენ. გემახსოვრებათ, იყო ასეთი ტანმაღალი სერბი ფორვარდი. ვეცდები, აწი ისე ვითამაშო, რომ ზლატანი ან "იბრა" დამიძახონ.
- ვუყურებ თქვენს თამაშს და მიჩნდება განცდა, რომ ცოტაც და თვისობრივად ახალ დონეზე გახვალთ. გჯერათ ამის?
- ბევრი რამეა აქ გასათვალისწინებელი და სათვალავში ჩასაგდები. მე ცდას არ დავაკლებ. შინაგანად მჯერა, რომ გაცილებით მეტი შემიძლია.
- რას იტყვით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონეზე? არის კი იმის საშუალება, რომ აქ ფეხბურთელმა პროგრესი განიცადოს?
- ჩვენი ჩემპიონატი ყველას გვიყვარს, თუმცა ასევე ყველამ ვიცით, რომ აქ უამრავი პრობლემაა. რას ვიზამთ, ერთი ან ორი კაცის სურვილი ვერაფერს შეცვლის. რჩება ერთადერთი არჩევანი - ფეხბურთელმა, თუ მას პროგრესი სურს, რაც შეიძლება მეტი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე და გარეშე ფაქტორებს ნაკლებად უყუროს.
- ოდესმე საზღვარგარეთიდან თუ გქონიათ შემოთავაზება?
- არა. არც მიფიქრია ჯერ ამაზე. ჩემი აზრით, ჯერ საქართველოში მაქვს რაღაც დასამტკიცებელი.
- როგორი მცველების წინააღმდეგ გიადვილდებათ თამაში?
- გაგიკვირდებათ და, რაც უფრო მაღალია მცველი, მით უფრო მიადვილდება მის წინააღმდეგ თამაში.
- რა არის თქვენი მთავარი ნაკლი?
- მეტი მოძრაობა, მეტი სირბილი მმართებს. ჩემი აღნაგობის ფეხბურთელებზე გავრცელებულია აზრი, თითქოს ისინი ბევრს ვერ დარბიან. მე არ ვეთანხმები ამ კლიშეს და ვმუშაობ ნაკლის გამოსასწორებლად.
- როგორ ფიქრობთ, ამ ფორმაციის "ვიტ ჯორჯიას" მეტი არ შეუძლია?
- ბოლო ადგილზე ნამდვილად არ უნდა ვიყოთ. რამდენჯერმე მეტოქემ გამოცდილების ხარჯზე გვაჯობა. სათითაოდ რომ ავიღოთ ჩვენი გუნდის მოთამაშეები, ყველას აქვს პერსპექტივა. იყო შემთხვევები, როცა აშკარად ფორტუნამ გვაქცია ზურგი. მჯერა, რომ მეტი შეგვიძლია.
- რა შეიცვალა თენგიზ კობიაშვილის მწვრთნელად მოსვლის შემდეგ და როგორ დაახასიათებთ ყოფილ დამრიგებელ ზურაბ ბერიძეს?
- თენგიზი ახალგაზრდა მწვრთნელი და კარგი პიროვნებაა. მჯერა, მისი ხელმძღვანელობით "ვიტ ჯორჯია" წარმატებას მიაღწევს. ალბათ, "ახალი სისხლი" იყო საჭირო.
რაც შეეხება ზურაბ ბერიძეს, მან ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი გუნდისთვის. მწვრთნელის ბრალი არაა, შედეგი რომ არ იყო სახარბიელო. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა - ცოტა მეტი გამოცდილება რომ გვქონოდა, ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით.
- ხშირად ტრიბუნიდან ისე ჩანს, რომ "ვიტ ჯორჯია" ზედმეტად ემოციური გუნდია: არანაირად - თავხედი, მაგრამ - ემოციური. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- უნდა დაგეთანხმოთ, კარგად შეგისწავლიათ ჩვენი გუნდი (იცინის). ალბათ, ესეც გამოუცდელობის ბრალია. ახალგაზრდები ვართ და თავი სულ მართალი გვგონია. მგონი, ეს ისეთი ნაკლია, რომლის წამლობაც შეიძლება. გუნდი "დაღვინდება" და ამას ეშველება. ისე, მართლაც არის პრობლემა - უკეთესია, ის ენერგია თამაშზე გადავანაწილოთ.
- დაბოლოს, საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის შეფასება უნდა გთხოვოთ...
- არ ველოდი ასეთ დაძაბულობას. როგორც ზემო, ისე ქვემო ეშელონში დიდი ბრძოლაა. ცუდი ისაა, რომ არის ფინანსური პრობლემები. მაგალითად "ზესტაფონის" ამბავი გამოგვადგება. მინდა ვისურვო, რომ ჩვენს ჩემპიონატში რაც შეიძლება ნაკლები იყოს ფინანსურად გაჭირვებული გუნდი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
- ზლატანს და "იბრას" არა, მაგრამ ერთი პერიოდი ჟიგიჩს კი მეძახდნენ. გემახსოვრებათ, იყო ასეთი ტანმაღალი სერბი ფორვარდი. ვეცდები, აწი ისე ვითამაშო, რომ ზლატანი ან "იბრა" დამიძახონ.
სასწაული კითხვა და სასწაული პასუხი. ეხლა თუ მიხვდა რო პროგრესია საჭირო საღოლ.
არც ისაა მთლად მართალი რო წერია საზღვარგარეთზე არ მიფიქრიაო :დდდდდდდ
საქართველოს ჩემპიონატის ბოლოადგილოსანის ფორვარდზე რატო უნდა დაწერო სტატია :))))))))))))
წარმატებები ამ ბიჭს მაგრამ არ ჯობია ჯერ თუნდაც სამეულისთვის მებრძოლ გუნდში გადავიდეს, ბომბარდირობისთვის იბრძოლოს ჩვენდა საუბედუროდ ამ ჭ კლასის ჩემპიონატში და მერე დაწეროთ სტატია?
იუმორის გრძნობა აქ ავტორს აშკარად :)))