როცა ბარიერი კანონმდებლობაა... ფეხბურთელებს მინიმალური ხელფასი ვერ დაუწესდებათ

AutoSharing Option
16 აპრილს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე, იურიდიული სამსახურის მიერ გამოტანილი "ფეხბურთელის სტანდარტული კონტრაქტის" პროექტი წარადგინეს. აღმასკომის წევრებმა ეს სიახლე დაამტკიცეს და დაადგინეს, რომ კლუბებმა მოთამაშეებთან ხელშეკრულება მინიმუმ ერთი წლით უნდა გააფორმონ.

განმარტებაში მითითებული იყო, რომ ეს პროექტი უეფას რეკომენდაციითაა შემუშავებული და მინიმალური მოთხოვნების დაკანონებით, მოთამაშეთა უფლებების დაცვას ისახავდა მიზნად.

"ლელოშიც" დაწერილა და ბევრ გამოცდილ ქართველ მოთამაშესაც უთქვამს - ჩვენში ფეხბურთელები რომ ვერ იზრდებიან და ვითარდებიან, სწორედ ხანმოკლე კონტრაქტების ბრალია. კლუბები, უმთავრესად, სამ-ოთხთვიან კონტრაქტებს აფორმებენ და წლის განმავლობაში ფეხბურთელები გუნდში, მაქსიმუმ, 9
თვე ვარჯიშობენ, დარჩენილ 3 თვეს კი კარგავენ და ტონუსს ვერ ინარჩუნებენ. ცხადია, ეს ჩვენი ჩემპიონატის ხარისხზე უარყოფითად აისახება.

ზოგადად, ამ გადაწყვეტილებით იცვლება ის, რომ შესაძლებელი იქნება, ჩამოყალიბდეს უფრო სტაბილური შემადგენლობა, ხოლო გუნდები და ფეხბურთელები არასტაბილური გარემოსგან შედარებით დაცულები იქნებიან.

ფეხბურთელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ეს იდეა მიშელ პლატინიმ ჯერ კიდევ მაშინ წამოაყენა, როცა უეფას პრეზიდენტად აირჩიეს. მან თქვა - ევროპულმა კლუბებმა იჯარისა და კონტრაქტის მინიმალური ვადა ერთ წლამდე უნდა გაზარდონო...

"მინიმალური კონტრაქტის" პროექტი გაცილებით ადრე სფფ-ის იურიდიული სამსახურის უფროსმა კესო ჩხიკვაძემ გაგვიმხილა და ისიც დაამატა, რომ სფფ მინიმალური ხელფასის დაწესების შესაძლებლობაზეც მუშაობდა. დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ "სტანდარტული კონტრაქტის" პროექტში ეს მოთხოვნა ვერ დაფიქსირდებოდა.

"ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ მოთამაშეებისთვის რაც შეიძლება მაღალი მინიმალური ხელფასი დაგვეწესებინა. ეს ფეხბურთელის სტატუსის ამაღლებისა და პოპულარიზაციისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული.

მაგრამ მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ ამ პუნქტის დაფიქსირებისას, საქართველოს კანონმდებლობასთან გარკვეული წინააღმდეგობა შეიქმნებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ 1999 წელს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრული მინიმალური ხელფასის რაოდენობად 20 ლარია დასახელებული, 2006 წელს კი ეს ციფრი 40 ლარით ჩაანაცვლეს.

ამდენად, ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულირება ცოტა უცნაურია და ვერ გამოდგება იმის ნიმუშად, რომ ფეხბურთელის სტანდარტულ კონტრაქტში მინიმალური ხელფასის რაოდენობა განისაზღვროს", - ამბობს ჩხიკვაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კესო ჩხიკვაძე მერამდენედ იძახის ამხელა სისულელეს, არადა იურისტი ჰქვია, რომელ სტატიაშიც მისი კომენტარი წამიკითხავს, 99% ისეთ უაზრობას ამბობს 1 კურსის სტუდენტს შერცხვება მაგის თქმა, ...თვრამეტიანო, თუ ხელფასის მინიმალურ ოდენობად 40 ლარია წერია, შენ არგუმენტად ამ კანონს იშველიებ და ამბობ რომ ამის გამო მინიმალურ ოდენობად მეტს ვერ წერ, მაშინ კონტრაქტის მინიმალურ ვადად როგორ დაადგინე 1 წელი? იქ ვადა საერთოდ არაა მითითებული და შენ ზღუდავ? ანუ ლოგიკა სადაა? თუ თანხი ოდენობას ვერ აწესებ მაშინ ვადაც ვერ უნდა დააწესო და თუ ვადის დაწესება შეგიძლია მაშინ ოდენობის განსაზღვრაც შესაძლებელია...
Walkabout
16:58 28-04-2015
0

სიახლეები პოპულარული